საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2024 WINE JUDGING IN GEORGIA-ს უმასპინძლებს

IWSC საქართველოში რიგით მეორე ღვინის საერთაშორისო კონკურსს გამართავს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა,

„მოხარული ვართ, რომ 2024 წლის ღვინის საკონკურსო წელს მეღვინეობის აკვნიდან ვიწყებთ. ამ შემოდგომაზე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში გაემგზავრებიან, რათა მსოფლიოს ღვინის უძველესი კულტურის რეგიონის ღვინოები შეაფასონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ღვინის რეგიონების მხარდაჭერის მიზნით, IWSC აგრძელებს საერთაშორისო კონკურსების ჩატარებას, რაც მწარმოებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად დაიწყება იქ, „სადაც ეს ყველაფერი დაიწყო“- რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ღვინის სამშობლო.

„საქართველოში IWSC-ის ღვინის კონკურსის შარშანდელი წარმატების შემდეგ, 500-ამდე საკონკურსო ღვინითა და 280-ზე მეტი მიღებული მედლით, ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას ამ გასაოცარ ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობითა და ღვინის უნიკალური ტრადიციებით“, – წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ.

„საქართველო და კავკასიის რეგიონი განთქმულია ადგილობრივი ჯიშის ყურძნითა და ღვინის უძველესი ტრადიციებით. დღესდღეობით, ღვინის ნამდვილი რენესანსი მსოფლიოს ამ ნაწილში ხდება, სადაც ბევრი დამოუკიდებელი მწარმოებელი უმაღლესი ხარისხის, გამოკვეთილი რეგიონალური იდენტობის ღვინოებს აწარმოებს. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება, ქართველი მეღვინეებისა და ასევე აზერბაიჯანელი და სომეხი მწარმოებლების ნამუშევრების  წაარმოჩენა, საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს მიიღონ გლობალური აღიარება და გააცნონ თავი ბრიტანეთსა და მსოფლიოს,“- განაცხადა IWSC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტელ გიბერმა.

ჩვენს ექსპერტთა გუნდს, რომელიც საქართველოში მიემგზავრება, ჩვენი ჟიურის წევრი, ღვინის აღიარებული მაგისტრი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები.

IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ის მონაწილე მწარმოებლები ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობებით:

  • მონაწილეობის ფასდაკლებული საფასური;
  • მოსახერხებელი ადგილობრივი მიწოდება;
  • ჯილდოს მფლობელი ღვინოების IWSC-ის გლობალური აუდიტორიის წინაშე წარდგენა;
  • IWSC-ის 2024 წლის საკომუნიკაციო კამპანიებში ჩართვა;
  • IWSC-ის საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის ჟიურის წევრებისგან მიღებული შეფასება;

IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1-ელ დეკემბერს უმასპინძლებს, ხოლო შედეგები გლობალური ბაზრებისთვის 4 დეკემბერს IWSC-ის საიტზე გამოცხადდება. რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 2023 წლის 5 ოქტომბერს გაიხსნება.

IWSC მსოფლიოს უძველესი და ყველაზე პატივსაცემი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დაჯილდოების ორგანიზაციაა, რომელიც 1969 წელს დაარსდა. კონკურსი ცნობილია თავისი მკაცრი შეფასების სტანდარტებითა და საპატიო ჟიურის გუნდით, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ბაიერებითუფროსი სომელიეებით და ღვინის მაგისტრებითლონდონში ყოველწლიური კონკურსის გარდა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ნამუშევარს იღებს, IWSC-ს რეგულარულად მიჰყავს თავის ექსპერტები ღვინის სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო კონკურსებზე მეღვინეების შესაფასებლად.

IWSC-ი 2023 წელს საქართველოდან 16 ოქროს მედლით ხსნის

2023 წლის პირველი მიღებული მედლების გამოცხადებით, IWSC სიამოვნებით გვიზიარებს იმ შედეგებს, რაც საქართველოში ღვინოების დეგუსტაციისას მიიღეს.

თბილისის  ღვინის ბირჟაზე, სადაც ორი დღის განმავლობაში აგემოვნებდნენ ჟიურის წევრები ქართულ ღვინოს, IWSC-ი მოხარულია გამოაცხადოს 2023 წლის მედლების პირველი შედეგები.

IWSC-ის ჟიურის წევრები, ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და სალვატორე კასტანო შეუერთდნენ ქართველ ღვინის ექსპერტებს, რათა შეექმნათ „მსაჯთა ძლიერი კომბინაცია“, აცხადებს კონკურსის კომიტეტის წევრი და ღვინის მაგისტრი სარა ებოტი, რომელიც ხელმძღვანელობდა ტესტირების პროცესს.

„ეს თანამშრომლობა იყო უპრეცედენტო შესაძლებლობა ქართველი მწარმოებლებისთვის, რათა ისარგებლონ საერთაშორისოდ აღიარებული კონკურსით, რომელიც იმართება მათ მშობლიურ ქვეყანაში“, განაცხადა სარა ებოტმა.

ბოლო წლების განმავლობაში, IWSC-მა საქართველოდან სულ 56 საკონკურსე ღვინო მიიღო, თუმცა მას შემდეგ რაც, კონკურსი ქვეყნის ფარგლებს შიგნით დაანონსდა, ეს რიცხვი 750%-ით გაიზარდა. კონკურსზე თითქმის 500 ქართული ღვინო დარეგისტრირდა რაც ორჯერ აღემატებოდა მოსალოდნელ რაოდენობას.

ოქროს მედალი, IWSC-ის უმაღლესი ჯილდო, 16 მონაწილეს გადაეცა. გარდა ამისა ღვინის კომპანიები დაჯილდოვდნენ 63 ვერცხლის და 209 ბრინჯაოს მედლებით.

„ეს იყო ძალიან საინტერესო სესია. ღვინოების ხარისხი და მათი მრავალფეროვნება იყო  ამაღელვებელი. შედეგებში წარმოდგენილი ჯიშებისა და რეგიონების მრავალფეროვნება ასახავს ბოლო წლების განმავლობაში ქართული ღვინის ტრანსფორმაციას. ერთი დიდი სიამოვნება იყო ქართული ღვინის საუკეთესო ექსპერტებთან ერთად დეგუსტაცია,” აცხადებს სარა ებოტი.

“მოცემულ შედეგებში მართლაც შესანიშნავია დაჯილდოვებული ღვინოების მრავალფეროვნება. ძალიან საინტერესოა უფრო დელიკატური ღვინოების აღიარება დასავლეთის რეგიონიდან, ისევე როგორც აღმოსავლეთის უფრო ნაცნობი მდიდარი სტილის დანახვა. და ამდენი განსხვავებული ჯიშის წარმოება, ასეთი მაღალი ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ყურძნის ორი ჯიში დომინირებს სარგავ ჰექტარზე, ეს შედეგები ადასტურებს მწარმოებლების სწრაფვას, გაიზარდონ და განაახლონ მშობლიური ჯიშები.”

For English version click HERE

IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა – 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო!

IWSC Wine Judging in Georgia-ს გამარჯვებულები ცნობილია.  კომპეტენტურმა ჟიურიმ მედალოსანი ქართული ღვინოები გამოავლინა.  კონკურსზე დარეგისტრირებული უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის – 487 ქართული ღვინოდან მედალი 288 მათგანს გადაეცა.  16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო! – პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.

კონკურსში წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ შეაფასა,  რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ,  ღვინის ექსპერტები ქეთ ლომაქსი, მეგან კლარკი, მეგი მაკფერსონი და კრისტელ გილბერტი, უფროსი სომელიე სალვატორე კასტანო. წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს IWSC-ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ. ჟიურის შემადგენლობაში ანა გოდაბრელიძე, გიორგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა,  ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე,  პატრიკ ჰონეფი, გიორგი სამანიშვილი, შალვა ჯაფარიძე, რეზი ცეცხლაძე, ზვიად ლოლაძე, კახა ჭოტიაშვილი, ირაკლი ჩოლობარგია  და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა შედიოდნენ.

„საქართველოს პირველად 10 წლის წინ ვესტუმრე, ქართულმა ღვინომ ჩამოსვლისთანავე დაიპყრო ჩემი გული, რადგან ის სავსეა შინაარსით, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადმოსცემს. წლებია ვაკვირდები, რომ ქართული ღვინის ხარისხი და რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მე ბრიტანეთში ვახდენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 2017 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ინვესტიცია ბრიტანეთში, რამაც 10-ჯერ გაზარდა ქართული ღვინის ექპორტის რაოდენობა. სააგენტო აძლევს ქართულ ღვინოს პოპულარიზაციის შანსს.

კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა  ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ,  ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია,“ – აღნიშნა სარა ებოტმა.

მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს გამორჩეულმა ბრიტანელმა ექსპერტებმა საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს – იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას – დაგემოვნებას. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელობას.  კონკურსს ჰყავს  გამარჯვებულები, თუმცა ყველა მონაწილე კი – მოგებული დარჩა, რადგან ჟიურის წევრებისგან  ყველა მონაწილეს ინდივიდუალური შეფასებები ელის.

„ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და უპრეცენდენტო შანსი ქართველი მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის მარნებისთვის. კონკურსის მნიშვნელობა აისახა სწორედ იმ აქტივობაში, რაც დაფიქსირდა რეგისტრაციისას. IWSC-ის მიერ შეფასებულ ღვინოებს უყურებს მთელი მსოფლიო, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის ბაიერები. კონკურსის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინო იმკვიდრებს თავის ადგილს საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენ გვჭირდება კიდევ ბევრი საერთაშორისო დონის კონკურსი და კიდევ მეტი წარმატება,“ – კონკურსის მნიშვნელობასა და ქართული ღვინის  წარმატებაზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

„კონკურსი წარმატებით ჩატარდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მცირე და საშუალო ზომის მარნები. საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოები იყო წარმოდგენილი და მრავალი მათგანი ნამდვილად გამორჩეული იყო. ეს შესაბამისად, შედეგზეც აისახა. ჟიურის, რომელიც ქართულ ღვინოს აფასებდა მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენდნენ. ამ დონის კონკურსის საქართველოში ჩატარება, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. მედალოსანი ღვინო კი, წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს,“ – განმარტავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

“საწნახელის” კახა ჭოტიაშვილი, მეღვინე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეჯიბრებები საქართველოში: “პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ასეთი დონის კონკურსები უკვე საქართველოში ტარდება, ეს ძალიან დიდ შანსს აძლევს მეწარმეებს და განსაკუთრებით ისეთ პატარა მარნებს, როგორიც ჩვენ ვართ. ეს შანსია, რომ ქართული მეღვინეობისა და მარნების შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს”.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

“ადგილის შეგრძნება” ღვინის სამყაროს მნიშვნელოვანი ელემენტია: სერდარ ბალკაია

საქართველოში ვიზიტის წინ, სერდარ ბალკაია “67 Pall Mall”-ის მთავარი სომელიე გვიზიარებს თავის მოსაზრებებს ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით.

რამდენად მნიშვნელოვანია სომელიესთვის ღვინის რეგიონებში მოგზაურობა, ნამდვილ მეღვინეებთან შეხვედრა თუ ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დისტანციურად შეგვიძლია შევისწავლოთ ყველაფერი?

ძალიან მნიშვნელოვანი… ჩემი მოკრძალებული აზით, სომელიეები და ღვინის მწარმოებლები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს მაქსიმალურად ხშირად. თუ ეს შეკრება იქნება ვენახში ან მეღვინეობაში, ეს ამ გამოცდილებას უფრო უნიკალურს გახდის. „ადგილის შეგრძნება“ ღვინის სამყაროს მნიშვნელოვანი ელემენტია.

რა როლი აქვს ღვინის ტურიზმს ღვინის პოპულარიზაციაში?

მჯერა, რომ ღვინის ტურიზმი ეხმარება ღვინის რეგიონებს მოიპოვონ მსოფლიო აღიარება. დანახვა, შეგრძნება, გამოცდილება ღვინით სიამოვნებისთვის გადამწყვეტი ნაწილია. იმ ხალხის გაცნობა, ვინც ღვინოს აკეთებს, მათი ვენახების ნახვა, რეგიონის ექსპერტებისგან ინფორმაციის მიღება ქმნის გამოცდილებას, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვება და რეგიონებსაც ეხმარება, რომ მსოფლიომ ისინი გაიცნოს სიტყვით, სოციალური ქსელით და სხვა გზებით.

რა არის მთავარი უნარი, რომელიც სომელიეებს სჭირდებათ ღვინის კონკურსებში გამოსაყენებლად?

თავმდაბლობა, დეგუსტაციის კარგი უნარები, კომპეტენტურობა.

კითხვები, რომლებსაც დაუსმევდით იმ მომხარებელს, რომელმაც არაფერი იცის ღვინის შესახებ.

რა სასმელს მიირთმევთ, გარდა ღვინისა?

რა გემოები და არომატები მოგწონთ?

რძის დალევა გირჩევნიათ თუ ვაშლის წვენის?

მშრალი თუ ტკბილი?

ინტერვიუ IWSC-ის ჟიურის წევრთან სალვატორე კასტანოსთან

საქართველოში ვიზიტის წინ, სალვატორე კასტანო “Friarwood Wine Importers”-ის სავაჭრო მრჩეველი და მთავარი სომელიე გვიზიარებს თავის მოსაზრებებს ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით.

რისი პოვნა გსურთ ღვინის შეფასების დროს? რას აქცევთ ყურადღებას ღვინის შეფასების დროს?

ღვინის შეფასების დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: ფერი,  გემოს ინტენსივობა, სურნელი და გემოს ბალანსი.

რამდენად მნიშვნელოვანია სომელიესთვის ღვინის რეგიონებში მოგზაურობა, მეღვინეებთან შეხვედრა თუ ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დისტანციურად შეგვიძლია ვისწავლოთ ყველაფერი?

სომელიესთვის მოგზაურობა აუცილებელია. შეგიძლია ისწავლო იმდენი, რამდენიც გსურს, მაგრამ ღვინის რეგიონებში მოგზაურობა და ადგილობრივი ადამიანების გაცნობა, რომლებიც იმაზე კარგად იცნობენ გარემოს, ვიდრე ამის წაკითხვა რომელიმე წიგნში შეგიძლია, საუკეთესო გამოცდილებაა. ყოველ ჯერზე ღვინის ქარხანაში სტუმრობისას უფრო მეტს ვსწავლობ, ვიდრე წიგნებიდან.

რა როლი აქვს ღვინის ტურიზმს მის პოპულარიზაციაში?

დღეს ღვინის ტურიზმი უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, არამხოლოდ პროფესიონალი სომელიეებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი რეგიონების აღმოჩენა,  არამედ იმ ადამიანებისათვისაც, რომლებსაც უყვართ ღვინის დაგემოვნება და სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ღვინის რეგიონებში სტუმრობით.

რა არის ის მთავარი უნარი, რომელიც სომელიეს სჭირდება ღვინის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია გამოცდილება. როდესაც ძალიან ბევრი ღვინო გაქვს დაგემოვნებული, უკვე იცი რა უნდა ეძებო ახალ ღვინოში და რა აქცევს მას გამორჩეულად. აუცილებელია ვარჯიშიც, რათა თქვენი ცხვირი და სასა ყოველთვის მზად იყოს. ჩემი აზრით, „ბრმა დეგუსტაცია“ არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმ ღვინის ხარისხის გამოსაცნობად, რომელსაც აგემოვნებ.

კითხვები, რომლებსაც დაუსმევდით იმ მომხარებელს, რომელმაც არაფერი იცის ღვინის შესახებ.

როგორც წესი, ჩემი შეკითხვები ასეთია:

ხილის ღვინოები უფრო მოგწონთ თუ მშრალი?

მსუბუქი ღვინოები უფრო მოგწონთ თუ ტანინიანი?

მარტივად დასალევი ღვინოები უფრო მოგწონთ თუ კომპლექსური გემოთი?

ამ სამი კითხვით შეგიძლია გაიგო, თქვენს მომხმარებელს რომელი ღვინოს ანიჭებს უპირატესობას.

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს  ღვინო და გამოიკვეთოს  მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას – დაგემოვნებას. და მაინც რა მოვლენაა  IWSC, რა გამოცდილებას იტევს,  როგორია IWSC-ის ღვინის შეფასების ინსტრუქცია, კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსანტებს სთავაზობენ.

ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად,  არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელოვნებას.  გთავაზობთ, 10 მნიშვნელოვან ფაქტს, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე:

  1. კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტი ტარდება. კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ  და დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია.
  2. საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ტესტირებაზე ათიათასობით ალკოჰოლური სასმელის ტესტირებას ჟიურის წევრი/მსაჯები ახდენენ.
  3. IWSC კონკურსის არსებობის ისტორიაში მეორედ და ევროპაში პირველად,  IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდება. ეს უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ქართველი მეღვინეებისთვის.
  4. IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
  5. კონკურსის პირობების თანახმად, მეღვინეები რეგისტრირდებიან IWSC-ის  ვებგვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ მეღვინეებმა უნდა გააგზავნონ საკუთარი ღვინის 2 ნიმუში ღვინის ეროვნულ სააგენტოში  1-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით.
  6. კონკურსის ფარგლებში IWSC-ის ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები იქნებიან. რაც ყველაზე ხაზგასასმელია, ჟიურის უხელმძღვანელებს ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებელი მსოფლიოში – უმაღლესი რანგის პროფესიონალი – აღიარებული ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი. IWSC-ის მხრიდან აგრეთვე იმსაჯებენ: მეგან კლარკიმეგი მაკპერსონი, სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.
  7. კონკურსს ქართველი მსაჯებიც მოემსახურებიან. ჟიურიში იქნებიან ანა გოდაბრელიძე, გოგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი და ლევან მეხუზლა.
  8. კონკურსი ჩატარდება 13 ოქტომბერს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსის პირობების თანახმად ჩატარების ადგილი, IWSC-ის მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. ინფორმაცია გამარჯვებულების შესახებ ტესტირების დასასრულს გახდება ცნობილი.
  9. კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი – მოგებული დარჩება, რადგან ჟიურის წევრების შეფასებებს ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს.
  10. გალა ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებული ღვინოებისა და მეღვინეობების დაჯილდოვება IWSC-ის სპეციალური მედლებით (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) და სერტიფიკატებით.