background
საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2024 WINE JUDGING IN GEORGIA-ს უმასპინძლებს

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2024 WINE JUDGING IN GEORGIA-ს უმასპინძლებს

IWSC საქართველოში რიგით მეორე ღვინის საერთაშორისო კონკურსს გამართავს. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა,

„მოხარული ვართ, რომ 2024 წლის ღვინის საკონკურსო წელს მეღვინეობის აკვნიდან ვიწყებთ. ამ შემოდგომაზე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში გაემგზავრებიან, რათა მსოფლიოს ღვინის უძველესი კულტურის რეგიონის ღვინოები შეაფასონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ღვინის რეგიონების მხარდაჭერის მიზნით, IWSC აგრძელებს საერთაშორისო კონკურსების ჩატარებას, რაც მწარმოებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

IWSC-ის 2024 წლის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად დაიწყება იქ, „სადაც ეს ყველაფერი დაიწყო“- რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ღვინის სამშობლო.

„საქართველოში IWSC-ის ღვინის კონკურსის შარშანდელი წარმატების შემდეგ, 500-ამდე საკონკურსო ღვინითა და 280-ზე მეტი მიღებული მედლით, ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას ამ გასაოცარ ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობითა და ღვინის უნიკალური ტრადიციებით“, – წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ.

„საქართველო და კავკასიის რეგიონი განთქმულია ადგილობრივი ჯიშის ყურძნითა და ღვინის უძველესი ტრადიციებით. დღესდღეობით, ღვინის ნამდვილი რენესანსი მსოფლიოს ამ ნაწილში ხდება, სადაც ბევრი დამოუკიდებელი მწარმოებელი უმაღლესი ხარისხის, გამოკვეთილი რეგიონალური იდენტობის ღვინოებს აწარმოებს. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება, ქართველი მეღვინეებისა და ასევე აზერბაიჯანელი და სომეხი მწარმოებლების ნამუშევრების  წაარმოჩენა, საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს მიიღონ გლობალური აღიარება და გააცნონ თავი ბრიტანეთსა და მსოფლიოს,“- განაცხადა IWSC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტელ გიბერმა.

ჩვენს ექსპერტთა გუნდს, რომელიც საქართველოში მიემგზავრება, ჩვენი ჟიურის წევრი, ღვინის აღიარებული მაგისტრი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები.

IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ის მონაწილე მწარმოებლები ისარგებლებენ შემდეგი უპირატესობებით:

  • მონაწილეობის ფასდაკლებული საფასური;
  • მოსახერხებელი ადგილობრივი მიწოდება;
  • ჯილდოს მფლობელი ღვინოების IWSC-ის გლობალური აუდიტორიის წინაშე წარდგენა;
  • IWSC-ის 2024 წლის საკომუნიკაციო კამპანიებში ჩართვა;
  • IWSC-ის საერთაშორისოდ აღიარებული ღვინის ჟიურის წევრებისგან მიღებული შეფასება;

IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1-ელ დეკემბერს უმასპინძლებს, ხოლო შედეგები გლობალური ბაზრებისთვის 4 დეკემბერს IWSC-ის საიტზე გამოცხადდება. რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 2023 წლის 5 ოქტომბერს გაიხსნება.

IWSC მსოფლიოს უძველესი და ყველაზე პატივსაცემი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დაჯილდოების ორგანიზაციაა, რომელიც 1969 წელს დაარსდა. კონკურსი ცნობილია თავისი მკაცრი შეფასების სტანდარტებითა და საპატიო ჟიურის გუნდით, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ბაიერებითუფროსი სომელიეებით და ღვინის მაგისტრებითლონდონში ყოველწლიური კონკურსის გარდა, რომელიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ნამუშევარს იღებს, IWSC-ს რეგულარულად მიჰყავს თავის ექსპერტები ღვინის სხვადასხვა რეგიონში საერთაშორისო კონკურსებზე მეღვინეების შესაფასებლად.