background
ქართული ანბანი როგორც IWSC-ის კონცეფცია: კონკურსისთვის შრიფტი „ვაზი“ შეიქმნა

ქართული ანბანი როგორც IWSC-ის კონცეფცია: კონკურსისთვის შრიფტი „ვაზი“ შეიქმნა

საერთაშორისო ღვინის კონკურსის IWSC Wine Judging in Georgia წლევანდელი ვიზუალური იდენტობა ქართულ ანბანს ეძღვნება. კონცეფციისთვის კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით სპეციალური შრიფტი „ვაზი“ შეიქმნა. შრიფტი ქართული ვაზის ანატომიითაა შთაგონებული.

IWSC Wine Judging in Georgia 2022 წლიდან ტარდება „გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ ინიციატივითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. IWSC-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის კონკურსია და ევროპაში პირველად სწორედ საქართველოში ჩატარდა. კონკურსი ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო აღიარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს და მისი მასშტაბი ყოველ წელს იზრდება.

IWSC-ის კონკურსი წელიწადში ერთხელ ქართულ ტრადიციებსა და ღვინის კულტურას ეძღვნება. გასულ წელს კონცეფციის ცენტრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ისტორიული სასმისები იყო. წელს კი არჩევანი ქართულ ანბანზე შეჩერდა. ეს უნიკალური დამწერლობის სისტემა მსოფლიოს მხოლოდ 14 ანბანიდან ერთ-ერთია და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ ითვლება.

შრიფტის სახელი შემთხვევით არ შერჩეულა. ვაზი ღვინის დასაბამია, მისი საწყისი. ქართული ვაზისა და მეღვინეობის 8000-წლოვანი ისტორია ახალ ვიზუალურ ფორმად, შრიფტ „ვაზად“ გარდაიქმნა.

ასოების ფორმები ვაზის ყლორტებს, ულვაშებსა და ყურძნის მტევანს იმეორებს. ძლიერი მონასმები კი ქართული ტრადიციის სიმტკიცეს გამოხატავს.

შრიფტი „ვაზი“ ქართულ და ლათინურ გარნიტურას მოიცავს. შესაბამისად, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე მრავალ უცხოურ ენაზე. შრიფტი ყველა მსურველისთვის თავისუფლად არის ხელმისაწვდომი.

გადმოსაწერად გადადით ბმულზე.