background
მიღებული მედლები დიდ მოტივაციას გვაძლევს შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ხარისხი, მოვუფრთხილდეთ მოპოვებულ პოზიციებსა და აღიარებას პროფესიონალების მხრიდან

მიღებული მედლები დიდ მოტივაციას გვაძლევს შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ხარისხი, მოვუფრთხილდეთ მოპოვებულ პოზიციებსა და აღიარებას პროფესიონალების მხრიდან

ინტევიუ “ნაბერაულის” ექსპორტის მენეჯერ ნინო მიროტაძესთან.

რას ნიშნავს IWSC-ზე მიღებული ოქროს მედალი თქვენი მეღვინეობის დასამომავლო გეგმებისთვის?

IWSC ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსია. კონკურსი გამოირჩევა ჟიურის წევრების პროფესიონალიზმით, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც აქვთ არამხოლოდ ღვინის ორგანოლეპტიკურად შეფასების ცოდნა, ისინი იცნობენ ღვინის ბაზარს მსოფლიოში, იციან რა მოთხოვნა აქვთ მომხმარებლებს ამა თუ იმ ბაზარზე, იციან როგორ მუშაობს ღვინის მარკეტინგი, გაყიდვები, რა სიახლეებია ღვინის დაყენების ტექნოლოგიებში და სხვა. მათ აქვთ დიდი გამოცდილება და ცოდნა ამ სფეროში, შესაბამისად, როდესაც ჩვენი ღვინო ფასდება ასეთი პროფესიონალების მიერ და იღებს ოქროს მედალს, ეს მნიშვნელოვანი აღიარება და დადასტურებაა, რომ ღვინო არის უპირობოდ მაღალი ხარისხის. ჩვენ შემთხვევაში, 2026 წლის კონკურსზე ორი ღვინო გვქონდა წარმოდგენილი, ორივე ღვინომ მიიღო ოქროს მედალი. კონკურსისა და მიღებული შეფასების წყალობით,გავიცანით ჩვენი ამჟამინდელი იმპორტიორი დიდ ბრიტანეთში და გავხსენით ჩვენთვის ახალი ბაზარი. ვფიქრობ ეს ყველაზე სასიამოვნო და კარგი შედეგია, რაც შეიძლება მეღვინეობამ მოიპოვოს ნებისმიერ კონკურსში.

რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენი მეღვინეობის განვითარებისა და წინსვლისთვის?

პირველ რიგში, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ვენახს, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებასა და ტერუარის პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას.

ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ წარმოების პროცესებს. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ლაბორატორიულ კვლევებსაც. საკუთარი ლაბორატორიის შესაძლებლობების გამოყენებით, ვახორციელებთ ღვინისა და ყურძნის ხარისხის მუდმივ კონტროლს, რაც გვეხმარება პროცესების უფრო ზუსტად მართვასა და ხარისხის გაუმჯობესებაში.

ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალური კადრების განვითარება და მათი კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, რადგან ვფიქრობთ, რომ მეღვინეობის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სწორედ პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის არსებობაა.

IWSC-ში მონაწილეობის გამოცდილებით, რას ურჩევდით სხვა ქართველმეღვინეებს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა და მიღებული შედეგების გამოყენების კუთხით? რა არის მნიშვნელოვანი მედლისმიღების შემდეგ?

მეღვინეობებს ვურჩევდი რომ მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში, ვინაიდან IWSC-ის, მისი ჟიურის წევრებისა და ორგანიზატორების პროფესიონალიზმის წყალობით, აქვს საკმაოდ დიდი ნდობა. მე ვურჩევ ყველა მეღვინეს, ჩახედონ შედეგებს, შეამოწმონ ვინ გასინჯა ღვინო და პირადად გაესაუბრონ ჟიურის წევრებს. ჟიურის წევრები მზად არიან ყველა მონაწილესთან კომუნიკაციისათვის, მათთან კონკრეტულ ღვინოზე დისკუსიისათვის, რაც ვფიქრობ ამ კონკურსს ყველაზე მეტად გამოარჩევს სხვა ღვინის კონკურსებისაგან. ასევე, განსაკუთრებით მცირე მარნებისათვის, ძალიან დიდი შეღავათია რომ კონკურსი ტარდება საქართველოში და მეღვინეობას აღარ უწევს ტრანსპორტირებაში დიდი თანხის გაღება.

მიღებული მედლები დიდ მოტივაციას გვაძლევს შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ხარისხი, მოვუფრთხილდეთ მოპოვებულ პოზიციებსა და აღიარებას პროფესიონალების მხრიდან.