background
ემა რობინსონი:განსაკუთრებით მაინტერესებს, რომელი ყურძნის ჯიშები გამოირჩევა საკუთარი ხასიათით და შეუძლია, ქართული ღვინის ისტორია და იდენტობა ყველაზე კარგად წარმოაჩინოს.

ემა რობინსონი:განსაკუთრებით მაინტერესებს, რომელი ყურძნის ჯიშები გამოირჩევა საკუთარი ხასიათით და შეუძლია, ქართული ღვინის ისტორია და იდენტობა ყველაზე კარგად წარმოაჩინოს.

რა ხდის ქართულ ღვინოს უცხოელი მომხმარებლისთვის საინტერესოს და როგორ შეიძლება ადგილობრივმა ჯიშებმა საერთაშორისო ბაზარზე მეტი ყურადღება მიიპყროს? ამ საკითხებზე IWSC -ის საერთაშორისო ჟიურის წევრ ემა რობინსონს ვესაუბრეთ.

WSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 23–28 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება. მანამდე კი კონკურსამდე ემა რობინსონი ქართულ ღვინოზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს.

ღვინის შეფასებისას, რომელი ტექნიკური დეტალები გაძლევთ ყველაზე მეტ ინფორმაციას მისი ხარისხისა და ბალანსის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა ყურძნის ჯიშისა და მეღვინეობის ტრადიციის მქონე ღვინოებს აფასებთ?

თავდაპირველად ყურადღებას ვაქცევ არომატს, გემოს ინტენსივობასა და ხანგრძლივობას, რადგან ეს მახასიათებლები ყურძნის ხარისხზე ბევრს გვეუბნება.შემდეგ ვაფასებ მეღვინეობის კომპლექსურობას და იმას, თუ რამდენად ავსებს ის ყურძნის არომატს, ნაცვლად მისი გადაფარვისა. დავარგებულ ღვინოსთან მიმართებით ასევე ვაკვირდები, დარჩენილია თუ არა საკმარისი არომატი ღვინის შემდგომი განვითარებისთვის. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბალანსსა და სხვადასხვა ელემენტის ჰარმონიულ შერწყმაზე დადის.

საქართველო სულ უფრო მეტად ხდება ცნობილი თავისი ადგილობრივი ყურძნის ჯიშებითა და ტრადიციული მეღვინეობით, თუმცა ქვეყანაში სხვა მრავალფეროვანი სტილის ღვინოც იწარმოება. ქართული ღვინის ამ მრავალფეროვანი ლანდშაფტის რომელი ასპექტების უკეთ გაცნობა გაინტერესებთ ყველაზე მეტად?

ქართული ღვინის ექსპერტი არ ვარ, ამიტომ განსაკუთრებით ველოდები შესაძლებლობას, უკეთ გავიცნო ძირითადი ჯიშები და ის, თუ რომელ პირობებში ავლენენ ისინი საკუთარ საუკეთესო თვისებებს. განსაკუთრებით მაინტერესებს, რომელი ყურძნის ჯიშები გამოირჩევა საკუთარი ხასიათით და შეუძლია, ქართული ღვინის ისტორია და იდენტობა ყველაზე კარგად წარმოაჩინოს. ასევე მსურს დავინახო, ღვინის რომელ სტილში ვლინდება ყველაზე მკაფიოდ მაღალი ხარისხი და სტაბილური შედეგი.

რამდენად მნიშვნელოვანია ღვინის საერთაშორისო ბაზრისთვის შეფასებისას მისი მრავალმხრივობა – მაგალითად, რამდენად კარგად შეიძლება მოერგოს როგორც სარესტორნო სფეროს, ისე უშუალოდ მომხმარებელზე ორიენტირებულ საცალო გაყიდვებს?

“Jeroboams”-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ როგორც ღვინის პროფესიონალურ სექტორთან, ისე უშუალოდ მომხმარებელთან ვმუშაობთ. იდეალურ შემთხვევაში, მწარმოებლის ღვინო ორივესთვის შესაფერისი უნდა იყოს. საცალო ბაზრისთვის, ვფიქრობ, ქართული ღვინის შემთხვევაში £20–30-ის დიაპაზონი ოპტიმალური ფასია. როგორც ახალი და ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ღვინის რეგიონის შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაძლოა £30-ზე მნიშვნელოვნად მეტის გადახდა გაუჭირდეთ. რესტორნების შემთხვევაში განსაკუთრებით მაინტერესებს ღვინოები, რომლებიც ჭიქით გაყიდვისთვისაც გამოდგება, რადგან ისინი მრავალფეროვან კერძებთან შეხამების შესაძლებლობის შემთხვევაში,  მომხმარებელს ნაკლებად ნაცნობი ღვინის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. მთლიანობაში, მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებლის ასორტიმენტში იყოს ისეთი ღვინოებიც, რომელთა ფასი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია და ექსპერიმენტების საშუალებას აძლევს.

თქვენ რეგულარულად აფასებთ იმას, თუ თუ როგორ აღიქვამენ და საუბრობენ ადამიანები ღვინოზე.თქვენი აზრით, რაზე უნდა გაამახვილონ ქართულმა მწარმოებლებმა ყურადღება უფრო მკაფიოდ, რათა საერთაშორისო პროფესიონალებსა და მომხმარებლებს მათი ღვინის აღქმა გაუადვილდეთ?

ადგილობრივი ჯიშებისა და ტრადიციული მეღვინეობის ირგვლივ ძლიერი ისტორია უკვე არსებობს, თუმცა სასარგებლო იქნებოდა უფრო მკაფიო წარმოდგენა გვქონდეს ძირითადი ჯიშების, მათი მახასიათებლებისა და იმ პირობების შესახებ, რომლებშიც ისინი საუკეთესო თვისებებს ავლენენ. გარდა ამისა, ვინაიდან ზოგიერთი ჯიში უცხოური ბაზრისთვის სრულიად ახალია, სახელწოდებების მართებულად გამოთქმაში დახმარება და მათი შედარება უკვე ცნობილ, საერთაშორისო ჯიშებთან მომხმარებლებს მათი უკეთ აღქმასა და გაცნობაში დაეხმარებოდა.

დიდი ბრიტანეთის მსგავს ბაზარზე, სადაც მომხმარებელს თითქმის ყველა წამყვანი ღვინის რეგიონის პროდუქციაზე მიუწვდება ხელი, რა თვისებები დაეხმარება ქართულ ღვინოს, რომ ნიშური პროდუქტიდან უფრო ნაცნობ და ხშირ არჩევანად იქცეს?

კარგი იქნებოდა, თუ ერთი ან ორი ჯიში განსაკუთრებით გამოიკვეთებოდა და ქართული ღვინის სინონიმად იქცეოდა. გამოცდილებიდან ვიცი, რომ შეფუთვა და ეტიკეტირება ზოგჯერ ზედმეტად ტრადიციულია და თანამედროვე ელემენტები აკლია. თუმცა მინახავს რამდენიმე ქართველი მწარმოებელი, რომლებმაც შეფუთვაზე აქტიურად იმუშავეს და ამან მათი ბრენდის პოზიციონირებას ნამდვილად შეუწყო ხელი.