„ჩვენი თქვენთან მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი დიდი სურვილია საქართველო კარგად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ღვინის რუკაზე“ -დაჯილდოების ცერემონიალზე ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა IWSC აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტელ გიბერიმ.
18 ოქრო, 72 ვერცხლი და 220 ბრინჯაო! – ასეთი შედეგებით დასრულდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია – კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები, თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა.
კონკურსზე დარეგისტრირებული 520 ღვინიდან მედალი 310 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველა ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს. ხოლო 72 ვერცხლიდან 1 მედალი სომხეთის კომპანიას ერგო, ხოლო 220 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 196 ქართულმა მეღვინეობამ, 22 სომხეთისა და 2 აზერბაიჯანულმა კომპანიებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა კომპანიებისთვის ერთგვარ პრესტიჟად და ტრადიციად ჩამოყალიბდა. კონკურსში გამარჯვებულებმა ჯილდოს გარდა ჟიურისგან მიიღეს ის, რაც თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად ფასობს – ახალი უნარები, ცოდნა და გამოცდილება.
„საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში. აქვს განსაკუთრებული და მდიდარი ღვინის ისტორია. აქ ძალიან განსხვავებული ღვინოებია. მოხარული ვარ, რომ ეს კონკურსი კიდევ ერთხელ საქართველოში ჩატარდა. ჩვენი სურვილია საქართველოს ცნობადობა ავამაღლოთ, ჩვენი თქვენთან მუშაობა არ დასრულებულა, ჩვენი დიდი სურვილია საქართველო კარგად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ღვინის რუკაზე, ასევე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ღვინის სამშობლომ მსოფლიო ბაზარზე“ – ქართული ღვინის უნიკალურობაზე საუბრობს IWSC აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი.
მნიშვნელოვანია, რომ წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტური ჟიური საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ღვინოებსაც აფასებდნენ.
კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტების წინაშე. ჟიურის წევრები კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ საქართველო ღვინის წარმოებით მდიდარი ქვეყანაა და 8000 წლიანი ისტორიით საპატიო ადგილს იმსახურებს მსოფლიო ღვინის რუკაზე.
შეგახსენებთ, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრა, ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d’Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი ხელმძღვანელობს. ალისტერს შეუერთდnen საერთაშორისო მსაჯები – ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო – 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი – “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი – ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ზარა სერობიანი – ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი – ღვინის ექსპერტი ლონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი – ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.
IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯეპრა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.