2022 წელს, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უდიდესი მნიშნველობის მქონე საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის IWSC-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა და საქართველოში პირველად ჩატარდა IWSC Wine Judging in Georgia-ს კონკურსი, სადაც ქართულმა ღვინოებმა გლობალურად აღიარებული ჯილდოები დაიმსახურეს. წელს კი, ,,გურჯაანის ღვინის ფესტივალმა“ მოიპოვა კონკურსის ჩატარების სამწლიანი ლიცენზია.
IWSC-ის კონკურსის მნიშვნელობაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლა გვესაუბრა. მან წინა წელი პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობა მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას, პოპულარული და ცნობადი გახადოს საკუთარი პროდუქცია, გაიფართოვოს კონტაქტები და ასევე გაეცნოს ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებულ ზოგად ტენდენციებს.
-ბატონო ლევან, როგორ შეაფასებდით IWSC წინა წელს? რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული კონკურსი ღვინის კომპანიებისთვის, მარნებისთვის და ზოგადად, სექტორისთვის?
– კონკურსი გასულ წელს საქართველოში პირველად გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო და პრესტიჟულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსადაა მიჩნეული. კონკურსი 1969 წელს დაარსდა და მისი არსებობის ისტორიაში მეორედ, და ევროპაში პირველად, IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდა, რაც იყო დიდი აღიარება და შესაძლებლობა ქართველი მეღვინეებისთვის. კონკურსის ჟიურის ხელმძღვანელობდა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი და მსოფლიოში აღიარებული ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი, რაც ასევე მიუთითებს ამ კონკურსის მნიშვნელოვანებაზე. კონკურსზე დარეგისტრირებული იყო უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის – 487 ნიმუში, საიდანაც ღვინოებმა 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო დაიმსახურეს. ქართველი მწარმოებლების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდოს მოპოვება კომპანიების პროდუქციას ხდის ცნობადს და აძლევს მათ მოტივაციას, რომ აწარმოონ უფრო ხარისხიანი პროდუქცია, რაც მათთვის რეალიზაციის ზრდისა და წარმოების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
-რეგიონების ჩართულობაზე რომ მოგვიყვეთ: რა მოლოდინები გაქვთ და როგორი პოტენციალი აქვს რეგიონების მცირე და საშუალო მეღვინეებს წელს?
-კონკურსით დაინტერესება საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონიდან დიდი იყო, თუმცა, კახეთი, როგორც საქართველოს მეღვინეობის უმთავრესი რეგიონი გაცილებით ფართოდ იყო წარმოდგენილი. საქართველო გამოირჩევა ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით და უნიკალურობით მთელი ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, ამ კონკურსში, მომავალშიც უნდა იყოს წარმოდგენილი მცირე და საშუალო მარნები საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონიდან.
-წელს რა რეკომენდაციები გექნებათ და რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა ქართველმა მეღვინეებმა ამ კონკურსში?
-ზოგადად ნებისმიერი პრესტიჟული კონკურსი წარმოაჩენს ამა თუ იმ ქვეყნის მეღვინეობის დარგში არსებულ სურათს. საქართველო ღვინის სამშობლოა და ამავე დროს აქვს ექსპორტზე ორიენტირებული ღვინის განვითარებული ინდუსტრია. შესაბამისად, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მეღვინეებს აძლევს შესაძლებლობას პოპულარული და ცნობადი გახადოს საკუთარი პროდუქცია და ასევე გაეცნოს ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებულ ზოგად ტენდენციებს, მიიღოს შეფასებები ექსპერტებისგან და გაითვალისწინოს ისინი სამომავლოდ, რაც მათ დაეხმარება წინსვლასა და განვითარებაში. სანიმუშოდ მოვიყვან გასული წლის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის, ბრიტანელი ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის შეფასებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ღვინის სამშობლოში მსგავსი კონკურსების აუცილებლობას. სარა ებოტი: “კონკურსის მსვლელობისას დავრწმუნდი, რომ საქართველოს ამბიცია, რომ ის ოპერირებდეს საუკეთესო ღვინოების ბაზარზე, რეალობასთან ახლოსაა. ჩვენ გვსურს ქართული ღვინის მსოფლიო ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ქართული ღვინო. მედალოსანი ღვინოების ხარისხი და ტექნიკური დახვეწილობა ისეთივე იყო, როგორც ჩამოყალიბებულ ღვინის რეგიონებში: იტალია, ბრიტანეთი, ესპანეთი და სხვა. თქვენი ძალა სწორედ, ერთიანობასა და მრავალფეროვნებაშია.“
ცნობისთვის, International Wine & Spirit Competition (IWSC) კონკურსი 1969 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და უძველესი კონკურსია. საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ათიათასობით ალკოჰოლური სასმელის ტესტირებას პროფესიონალი, საერთაშორისო კომპეტენციის მქონე მსაჯები ატარებენ.
IWSC Wine Judging in Georgia წინა წლის ოქტომბერში ჩატარდა და მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით რეკორდული იყო საქართველოში ჩატარებულ კონკურსებს შორის – 152-მა მწარმოებელმა 487 ღვინო წარმოადგინა. IWSC-ის ლონდონის კონკურსმა საქართველოდან ბოლო წლებში სულ 56 საკონკურსო ღვინო მიიღო, თუმცა მას შემდეგ რაც, კონკურსი ქვეყნის შიგნით დაანონსდა, ეს რიცხვი 750%-ით გაიზარდა.