ლუკ ჰარბორი: ქართული და კავკასიური ღვინოები, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გემოს მრავალფეროვნებით შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ღვინოებს შორის, რასაც ასევე ხელს უწყობს წარმოშობის ადგილი და მეღვინეობის ისტორია.

ინტერვიუ The Pig Hotel-ის უფროს სომელესთან ლუკ ჰარბორთან.

ლუკ, თქვენი თავგადასავალი ღვინის ინდუსტრიაში ათი წლის წინ რესტორნის სამზარეულოში დაიწყო. რა გავლენა იქონია კულინარიის სფეროში გამოცდილებამ თქვენს შეხედულებებსა და სევე ღვინისა და საკვების სინერგიაზე?

რა თქმა უნდა, კულინარიულმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს შეხედულებებზე. ვისწავლე მეტი ღვინოების განსხვავებულ გემოებზე, ჯიშებსა და, ზოგადად, რას ნიშნავს საკვები და სასმელი ადამიანებისთვის. საკვები და ღვინო, ჩემთვის, წარმოადგენს ცხოვრების ნაწილს – მის პირველყოფილ და გასტრონომიულ ასპექტებს. ღვინოს ყოველთვის განვიხილავ კულტურულ და გეოგრაფიულ კონტექსტებში.

როგორც ღვინის მაგისტრატურის ამჟამინდელი სტუდენტი, რა არის ყველაზე საინტერესო ცხოვრების ამ გზაზე და რა როლი გაქვთ, როგორც IWSC-ის ჟიურის წევრს?

ღვინის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტობა საოცარი გამოწვევაა ჩემთვის. პროგრამის პირველი ეტაპის დახურვის შემდეგ დროებით შევაჩერე სწავლა. ჩემი მიზანი გავხდე ღვინის მაგისტრი უცვლელად რჩება, ეს დროებითი პაუზა კი საშუალებას მაძლევს დავფიქრდე უკვე მიღებულ გამოცდილებაზე.

თქვენი გამოცდილებისა და განათლების გათვალისწინებით ღვინის სფეროში, რა უნიკალური თვისებების ან მახასიათებლების აღმოჩენას ელოდებით ქართული ღვინოებიდან IWSC Wine Judging-ზე?

მოუთმენლად ველი ქართული ღვინის უნიკალური თვისებებისა და მახასიათებლების აღმოჩენას IWSC Wine Judging-ზე. ყველაზე მეტად ეტიკეტებს მიღმა არსებული ისტორიების მოსმენა, ადგილობრივ ქართულ ვაზის ჯიშებზე დაკვირვება და ქვევრის ტექნიკით ღვინის დაყენების შესწავლა მსურს. მოუთმენლად ველი, დავინახო თანამედროვე ქართული მეღვინეობის ზოგადი სურათი.

უფროსი სომელიეს პოზიციაზე ყოფნა, გულისხმობს ღვინის ფართო არჩევნის კურირებას. როგორ უზრუნველყობთ მაღალი ხარისხის დაცვასა და მომხმარებლის მოთხოვნილებების ერთდოულად დაკმაყოფილებას?

როდესაც საქმე ღვინის არჩევას ეხება, რამდენიმე მიმართულებით ვფოკუსირდებით, ესენია: ოჯახური და მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, ღვინის ისტორია, მდგრადობის სერთიფიკატები და ღირებულება ფასის მიხედვით. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ურთიეთობების ჩამოყალიბებაზე, დამფუძნებელთა ნდობასა და საერთო ღირებულებებზე. თითოეული ღვინო PIG სასტუმროდან აღიარებულია სომელიეების მხრიდან.

როგორ ხედავთ ქართული და კავკასიურ ღვინოების პოზიციონირება მუდმივად განვითარებად ღვინის გლობალურ ბაზარზე?

მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად განვითარებად ღვინის ინდუსტრიაში ახალი ტენდენციების პროგნოზირება რთულია, მე მაინც ჩვენი ღირებულებების ერთგულად დარჩენა მირჩევნია, ვიდრე ტენდენციების ბრმად მიყოლა. ღვინო, რომლის გემოში იგრძნობა მისი უნიკალური ადგილმდებარეობა, ღრმად გააზრებული დაყენების ტექნიკა და მდგრადობისადმი ერთგულება, მომავალში უფრო პოპულარული გახდება.

ქართული და კავკასიური ღვინოები, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გემოს მრავალფეროვნებით შეუძლია  ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ღვინოებს შორის, რასაც ასევე ხელს უწყობს წარმოშობის ადგილი და მეღვინეობის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო მალე ვერ ვერ მოიპოვებს ისეთ პოპულარობას, როგორიც ახალ ზელანდიური სოვინიონ ბლანს აქვს, ქართული ღვინოები ნამდვილად იმსახურებენ მნიშვნელოვან ადგილს საერთაშორისო ბაზარზე.

სალვატორე კასტანო: გასაოცარია თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქოდეს ასეთ პატარა ქვეყანას

წარმოშობით სიცილიელი სალვატორე კასტანოს ყოველთვის ჰქონდა ღრმა ინტერესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართ. ცოდნის გასაღრმავებლად მან გაიარა კურსები, მიიღო ღვინის მაგისტრის წოდება, ამჟამად კი არის Fiarwood-ის ღვინის „ბაიერი“ და სავაჭრო მრჩეველი.

სალვატორე კასტანო 2021 წელს გახდა ევროპისა და აფრიკის საუკეთესო სომელიე, 2019 წელს ინგლისის მეორე ახალგაზრდა სომელიე და 2018 იტალიის მესამე საუკეთესო სომელიე. ის წელსაც IWSC Wine Judging in Georgia-ს ჟიურის უცვლელი წევრია, რომელიც 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას კი საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

სალვატორე, სიცილიის ღვინის  მდიდარ მემკვიდრეობაში გაზრდა და  ღვინის გლობალურ ინდუსტრიაში საკუთარი თავის დამკვიდრება არ არის პატარა მიღწევა. როგორ იმოქმედა თქვენმა სიცილიურმა წარმომავლობამ თქვენს პროფესიულ მიღწევებზე?

მოგეხსენებათ, სიციალიაზე საერთაშორისო ღვინოების პოვნა ძალიან რთულია, ამიტომ ჩემი ცოდნა ყოველთვის მხოლოდ იტალიური წარმოების ღვინოებით შემოიფარგლებოდა, თუმცა როგორც კი ლონდონში ჩავედი, აღმოვაჩინე ახალი სამყარო, სავსე მრავალფეროვანი ღვინით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. სწორედ, აქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი ღვინის „უძირო“ინდუსტრიაში.

თქვენ წელსაც ხართ IWSC Wine Judging საქართველოში კონკურსის ჟიურის წევრი. როგორ შეაფასებდით გასულ წელს წარდგენილ ღვინოებს და რა იახლეებს ელით?

გასულ წელს აღმოვაჩინე ქართული ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება. გასაოცარია, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მწარმოებლებიც, რომლებმაც მედალი ვერ მიიღეს, თუმცა მე მჯერა, რომ გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც IWSC-ს ჟიურიმ მივეცით და წელს ბევრად უფრო გაუმჯობესებული გემოებით წარდგებიან.

ალენ დიუკასის ერთ-ერთ რესტორანში, “Dorchester”-ში მუშაობა გარდამტეხი გამოცდილება აღმოჩნდა თქვენთვის, განსაკუთრებით კი ღვინისა და უმაღლესი კლასის კერძების ერთმანეთთან შეხამების მხრივ. რა როლი ითამაშა ამ გამოცდილებამ თქვენს კარიერულ ზრდაში?

ახალგაზრდა სომელიესთვის, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანში მუშაობა, ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევაა. ჩემი ცოდნა ფრანგულ ღვინოებში ერთი ორად გაიზარდა. რაც შეეხება ღვინის შერჩევას კერძებისთვის, ეს ნაწილი ყოველთვის სომელიეების დანიშნულების ყველაზე სახალისო ნაწილია. ყოველდღე, სახლშიც კი, ვცდილობ ექსპერიმენტები ჩავატარო, რადგან ჩემთვის ღვინის/სასმელის საკვებთან შეხამებას მკაცრი წესები არ აქვს.

როგორც სავაჭრო მრჩეველი და ღვინის „ბაიერი“ Friarwood Fine Wines-ში, რა კრიტერიუმებს ანიჭებთ პრიორიტეტს კლიენტისთვის ღვინის შერჩევისას?

 კრიტერიუმები, რომლებსაც პრიორიტეტად ვანიჭებ, ასეთია:

  • პროდუქტის ხარისხი;
  • ღვინის ფასი;
  • რამდენად მარტივია ამ კონკრეტული ღვინის გაყიდვა?
  • იცის თუ არა მყიდველმა კონკრეტული ყურძნის ჯიში?
  • ბაზრის მოთხოვნა;
  • წელიწადის დრო.

საქართველო ცნობილია მეღვინეობის უძველესი ტექნიკით, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის დაყენებით. როგორ შეესაბამება ამ ტრადიციულ ღვინო ღვინის წარმოების თანამედროვე ტენდენციები?

დღესდღეობით ღვინის დაწურვის უძველესი ტექნიკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ხალხს უყვარს ღვინო მინიმალური ჩარევებით, დაბალი სულფიტებით, ნატურალური ყურძნით და ეს ყველაფერი სწორედაც რომ ქართულ ღვინოშია თავმოყრილი. მე მჯერა, რომ საქართველოს ექნება დიდებული მომავალი ღვინის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ისტორიის გამო, არამედ წარმოებული ღვინოების ხარისხის გამო. უკეთესი ქვევრის ღვინო საქართველოს გარეთ არასდროს გამისინჯავს!

როგორც ღვინის მსაჯი მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა რეგიონში, შეგიმჩნევიათ თუ არა რაიმე განვითარებადი ტენდენციები ან შესაძლებლობები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მეტ ყურადღებას იმსახურებს?

ამ ბოლო დროს მოლდავეთის ტკბილი ღვინოები გავსინჯე და ხარისხით გაოცებული დავრჩი, კიდევ უფრო გავოცდი მისი ფასით. ყოველდღე ვიგებთ ახალ-ახალი ღვინის შესახებ, ბევრი ქვეყანა ახლა იწყებს ხარისხიანი ღვინის წარმოებას.

შარშანდელ შთამბეჭდავ კონკურსზე საქართველომ მიიღო მრავალი მედალი, მათ შორის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. როგორ ფიქრობთ, ზრდის თუ არა შარშანდელი შედეგები წლევანდელი კონკურსის სტანდარტებს. იქნება თუ არა ჟიური უფრო მკაცრი?

დარწმუნებული ვარ, წელს ხარისხი და დონე უფრო მაღალი იქნება, რაც, როგორც იტყვიან, „გაგვიადვილებს ცხოვრებას“. ასევე მჯერა, რომ წელს ქართველი მეღვინეები საოცარ ღვინოებს წარადგენენ, მოუთმენლად ველი გავიცნო ქართული მემკვიდრეობის კიდევ რამდენიმე ძეგლი.

მელანია ბეტისტონი: მინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყო და მოვუსმინო, ვისწავლო ქართველი მეღვინეებისგან და ამით ჩემს ცოდნას რაიმე ახალი შევმატო

ალბათ, ერთხელ მაინც ყველასთვის უთქვამთ – „მიჰყევი საკუთარ ინსტიქტებს“. იტალიაში დაბადებულ მელანია ბეტისტონს დედისგან მუდმივად ესმოდა ეს სიტყვები. სწორედ, ამიტომ ენდო თავის ინსტიქტებს და მარკეტინგის შესწავლის შემდეგ შეიცვალა პროფესია WSET-ის (Wine & Spirit Education Trust) მიმართულებით და სომელიეს სამაგისტრო პროგრამაზე გადავიდა.

ახლა ის უკვე უფროსი სომელიეაა, უფრო მეტიც მან 2022 წელს გაიმარჯვა ახალგაზრდა სომელიეების კონკურსში და დიდ ბრიტანეთში „ჰარპერის“ ტოპ 25 სომელიიათა რიგში ადგილი დაიკავა.

მელანია წელს IWSC Wine Judging in Georgia 2024 – ღვინის საერთაშორისო კონკურსში ჟიურის წევრია, რომელიც 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას კი საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს.

 

მელანია, თქვენი უნიკალური გამოცდილების ნაწილია ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებით დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია. განსაკუთრებით რის აღმოჩენას ელით განსაკუთრებით IWSC Wine Judging in Georgia კონკურსზე წარდგენილ ღვინოებში?

მსურს ვიპოვო საქართველოს განსაკუთრებული გემო, მოუთმენლად ველი მის აღმოჩენას. ღვინის ინდუსტრიის ბუნებრივმა განვითარებამ და მისმა ისტორიამ ქართულ ღვინოს გარკვეული სტატუსი მიანიჭა, თუმცა, მაინტერესებს, დარჩება თუ არა ის ავთენტურობისა და ძირძველი მემკვიდრეობის ჩარჩოებში, თუ უარს იტყვის თავის უნიკალურ მახასიათებლებზე კომერციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

თქვენი კარიერული თავგადასავალი, ცხოვრებისეული გატაცებისკენ სწრაფვა და მარკეტინგიდან ღვინის ინდუსტრიაში გადასვლა, ნამდვილად შთამაგონებელია. როგორ აისახება თქვენი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში თქვენს ამჟამინდელ პროფესიაზე, როგორც მთავარი სომელიე, ღვინის ბაიერი და ახლა, როგორც IWSC Wine Judging-ის მსაჯი?

ვცდილობ ჩემი ძველი პროფესია გამოვიყენო მეღვინეობის სფეროში. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ინდუსტრიაში მარკეტინგი ხელახლა აღმოვაჩინე. კომუნიკაციას აქვს და ყოველთვის ექნება ყველაზე დიდი გავლენა, როდესაც საქმე ბრენდს ან, ზოგადად, რეგიონს ეხება.

სიტყვებს „საქართველო ღვინის სამშობლოა“ რაღაც განსხვავებული, ღრმა გაგება და ეფექტი აქვს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ასეთი პოზიციონირება ნელ-ნელა მოძველდა, სწორედ ამიტომ ჩამოვდივარ საქართველოში, რათა გადავფურცლო ამ ძირძველი ისტორიის „ახალი ფურცლები“.

 

2022 წელი თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო. რადგან ახალგაზრდა სომელიეების კონკურსში გაიმარჯვეთ და გაერთიანებული სამეფოში ჰარპერის 25 საუკეთესო სომელიათა რიგში მოხვდით. რა რჩევებს მისცემდით ახალგაზრდა სომელიეებს, რომლებიც ისწრაფვიან ასეთივე მომავლისკენ?

მე მჯერა, რომ ჯილდო სულაც არ განსაზღვრავს პროფესიონალიზმს, განსაკუთრებით როცა საქმე ღვინოს ეხება. კონკურსები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რასაც ფართო საზოგადოება ხედავს. მთავარი სამუშაო გამოცდილება ბევრად ღრმად  ფესვებში ჩადის.

იმისთვის, რომ გახდეთ გამოცდილი ღვინის მსაჯი, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ ყურძნის ჯიშების გარჩევა და წარმოშობა, რაც ნიშნავს, რომ უნდა იშრომოთ, დასვათ კითხვები, იმსჯელოთ თანატოლებთან ერთად.

თუმცა, თქვენ ასევე უნდა იყოთ კარგი კომუნიკატორი და შეგეძლოთ მწერლობაც. აუცლებლად, გაითვალისწინეთ ექსპერტების რჩევები, თვენდავე სასარგებლოდ გამოგადგებათ მომავალში მსაჯობისას. თქვენ უნდა იყოთ გულწრფელები და კრიტიკულები, როცა საჭიროა არ შეგეშინდეთ თქვენი აზრის დაცვა ან სხვისი აზრის წინააღმდეგ წასვლა. უპირველეს ყოვლისა, იყავით ობიექტურები.

 

როგორია თქვენი მოლოდინი კავკასიის რეგიონის ღვინოებზე? და როგორ წარმოგიდგენიათ IWSC Wine Judging in Georgia-ს გავლენა ქართული ღვინის ინდუსტრიაზე?

საქართველოში კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. მშრალი აღმოსავლეთი ერწყმის გრილ და ნოტიო დასავლეთს, რასაც ემატება კავკასიის მთების ჰავა და ათასობით მდინარე, ეს ყველაფერი ღვინის გასაოცარ გემოებს ქმნის. მე დარწმუნებული ქართული ღვინოს არ ექნება კლასიკური დასავლურ ევროპული გემო, ამიტომ ველოდები მარტივ თუმცა ავთენტურ გემოებს. ვფირობ ღვინოებს ექნებათ ალკოჰოლის მაღალი დონე და მკვეთრი სურნელი.

 

მელანია, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ღვინის წარმოების მდიდარ 8000-წლიან ისტორიას, რას ელით ყველაზე მეტად საქართველოსგან?

საოცრად მხიბლავს კავშირი ღვინოსა და ისტორიას შორის. როგორც იტალიელი, ვაზის ბევრი ჯიში ვიცი, თუმცა მოუთმენლად ველი გავიცნო და დავაგემოვნო  500 ქართული ადგილობრივი ყურძნის ჯიშისგან წარმოებული ღვინოები, ასევე, ზოგადად,  გემოები კავკასიის რეგიონიდან.ასევე მე სიამოვნებით გავიცნობ ტრადიციულ ქვევრის ღვინოს.

 

საქართველო ამაყობს თავისი ღვინის მემკვიდრეობით, ადგილობრივი ექსპერტები და მოყვარულები აფასებენ თავიანთ ღვინოს. როგორ ემზადებით ქართველ მეღვინეებთან შესახვედრად და მათ ღვინოებში „ჩაძირვას“

მინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყო და მოვუსმინო, ვისწავლო ქართველი მეღვინეებისგან და ამით ჩემს ცოდნას რაიმე ახალი შევმატო. ჩემი სურვილია ვკითხო მათ, როგორ გამოიყურება ქართული ღვინის მომავალი, თუ სად ხედავენ თავიანთ თავებს. დიდი სიამოვნებით მოვისმენ ისტორიებს, თუ როგორ იტოვებენ ქართველი მეღვინეები ტრადიციული ქვევრის ტექნიკას უკან და ეძებენ ახალ მიმართულებებს, რათა დააკმაყოფილონ  საერთაშორისო საბაზრო მოთხოვნილებები.

 

ღვინის ინდუსტრიაში თქვენი დიდი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, რითი შეიძლებ ქართული ღვინო გამოირჩეოდეს სხვა ღვინოებისგან, რომელიც გაგისინჯავთ.

ქართული ღვინოები აღარ დგას ჩრდილქვეშ, როგორც ეს ადრე იყო, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ისეთი პოპულარული, რომ მკაფიო წარმოდგენა გვქონდეს რეგიონის მიერ შემოთავაზებულ ზოგად მახასიათებლებზე. მე ვიცი, რომ მცირე ზომის საოჯახო მარნები შთამბეჭდავ ღვინოებს აწარმოებენ, ისინი ცდილობენ ტექნიკის მოდერნიზებას. შესაძლოა, სწორედ ამ მცირე მეწარმეებმა, რომლებსაც ჯერ არ ვიცნობთ, ყველაზე მეტად დაიმსახურონ მსაჯების  მოწონება.

 

დეივიდ კერმოდი: საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, მისი ტექნიკა კი უნიკალურია. თქვენს ქვეყანას აქვს ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, რომლებიც აბსოლუტურად ერგება თანამედროვე ტენდენციებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

ინტერვიუ  ღვინის მწერალთან და BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის რედაქტორთან დეივიდ კერმოდთან, რომელიც IWSC Wine Judging in Georgia-ს ჟიურის წევრი იქნება.

დეივიდ, როგორ იმოქმედა თქვენმა გამოცდილებამ მედია სფეროში, მას შემდეგ, რაც პროფესია შეიცვალეთ და ჟურნალისტიკიდან ღვინის მწერლობაზე გადახვედით?

სანამ WSET დიპლომს ავიღებდი და კარიერას ღვინის ინდუსტრიას დავუკავშირებდი, ჩემი ცხოვრების ორი ათწლეული ნიუსრუმში დატვირთული გრაფიკით გავატარე. ასეთი გამოცდილება, ვგულისხმობ ტელევიზიასა და რადიოში ყოველდღე სიახლეების წამყვანად მუშაობას, მნიშვნელოვნად მეხმარება სწრაფად ავითვისო სიახლეები და მოვძებნო საინტერესო კავშირები ღვინოსთან. გეთანხმებით, რომ ღვინო ძალიან საინტერო თემაა და ბევრ პროფესიონალთან შემიძლია გაუთავებლად საუბარი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს მომხმარებელი. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ ღვინის მშვენიერება, ისე, რომ მათთვის მარტივად აღსაქმელი და საინტერესო გახდეს. მაგალითად, თუ დარწმუნებული ხართ, რომ აუცილებლად საჭიროა ახსენოთ ტერმინი „მალოლაქტიკური დუღილი“, ახსენეთ, მაგრამ ისიც ახსენით, თუ რას ნიშნავს ან რატომაა მნიშვნელოვანი კონკრეტულ სიტუაციაში. მომხმარებელი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას!

როგორც IWSC-ს მსაჯი საქართველოში, რა უნიკალურ მახასიათებლებს ელით ქართული ღვინოებისგან და სად ხედავთ მათ პოზიციონირებას ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში?

ყველას უყვარს ისტორია, საქართველო კი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მდიდარია ამ ისტორიით. საქართველო მდიდარი და მომხიბვლელი ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი ღვინო ინოვაციური და განსხვავებულია. ტრადიციებისა და ინოვაციების ტანდემი კი თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქართული ღვინო ასევე კარგად ერწყმის კვების კულტურას, რომელზე მოთხოვნაც მსოფლიოში კიდევ უფრო იზრდება.

აღმოგიჩენიათ თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა ან ინოვაცია ღვინის წარმოებაში, რომელმაც მიიპყრო ყურადღება ან ფიქრობთ, რომ გარდამტეხი შეიძლება გახდეს ინდუსტრიისთვის?

ღვინის სამყარო გასაოცარია და მუდმივად ინოვაციებს გვთავაზობს. პროვანსში წარმოებული როზე რევოლუციის კარგი მაგალითია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან დიდი ყურადღებაა გამახვილებული მოსავლის პირობებზე, ტემპერატურის კონტროლზე, ტექნიკის სტაბილიზაციაზე და სხვა ფაქტორებზე. ასე რომ, დახვეწილი ტექნოლოგია ბრწყინვალედ შეიძლება შეერწყას  ტრადიციული მემკვიდრეობის მეთოდებსა და ტექნიკებს, რაც, რეალურად, ჩემი მოლოდინია საქართველოში.

საქართველო ამაყობს ღვინის წარმოების მდიდარი, 8000-წლიანი ისტორიით. თქვენ, როგორც პროფესიონალი, რომელიც ინტენსიურად შეისწავლის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს, როგორ აღიქვამთ ქართული ღვინოების მნიშვნელობას ღვინის გლობალურ ბაზარზე?

საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, მისი ტექნიკა კი უნიკალურია. თქვენს ქვეყანას აქვს ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, რომლებიც აბსოლუტურად ერგება თანამედროვე ტენდენციებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

თქვენ გაქვთ პრივილეგია, გაიცნოთ და დააგემოვნოთ ღვინოები მთელი მსოფლიოდან. თქვენი აზრით, რით განსხვავდება ქართული ღვინოები, თავისი ტრადიციული „ქვევრის“ მეღვინეობის მეთოდებით, თანამედროვე ღვინის წარმოების ტექნიკისგან?

ქვევრის ღვინო ძალიან გამორჩეულია, მაგრამ ხშირად მომხმარებლისთვის ნარინჯისფერ ღვინოსთან ასოცირდება. თვლიან, რომ გარკვეულწილად ის რთულად აღსაქმელია  და ზედმეტ ტანინს (ბუნებრივად შექმნილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ღვინოს სიმძიმეს მატებს და პირის ღრუში სიმშრალის შეგრძნებას აჩენს) შეიცავს. რეალურად კი ქვევრის ღვინოს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს განსხვავებული, სრულიად თანამედროვე სტილის გემო, რომელიც ერწყმის ტრადიციებს.

როგორც ღვინის კონსულტანტი, ხედავთ თუ არა პოტენციურ თანამშრომლობას ქართველ მეღვინეებსა და ღვინის სხვა რეგიონებს შორის?

დიახ, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ღვინის ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თანამედროვე მომხმარებლისთვის  ქართული ღვინო მაინც წარმოადგენს ინტერესის სფეროს.

გლობალურ მარკეტზე პოზიციების გასამყარებლად საჭიროა მსუყე პორტფელის შექმნა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯილდოებსა და კონკურსებს, რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ.

და ბოლოს, როგორც IWSC-ის კონკურსის მსაჯი საქართველოში, რა რჩევებს მისცემდით ქართველ მეღვინეებს, რომლებსაც სურთ თავიანთი კვალი დატოვონ საერთაშორისო ასპარეზზე?

პირველ რიგში, ქართველმა მეღვინეებმა უნდა ისწავლონ რა მოსწონს საერთაშორისო მომხმარებელს, ასევე ვურჩევდი, რომ იამაყონ თავიანთი კულტურით და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ განავითარონ ქართული საკვებისა და ღვინის კულტურის ისტორია. და ყოველთვის, ყოველთვის იმუშაონ ერთად, რადგან გუნდურობა წარმატების გარანტიაა.

 

კრისტელ გიბერი: ჟიურის წევრებმა არა მხოლოდ დააგემოვნეს ღვინოები, არამედ აღმოაჩინეს ქართული მევენახეობის არსი და ყველა ბოთლში ჩადებული ენთუზიაზმი”

ინტერვიუ კრისტელ გიბერთან, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის (IWSC) აღმასრულებელ დირექტორთან.

შარშანდელკონკურსის შედეგებიდან გამომდინარე შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები, როგორ იმოქმედა ამ ონისძიებამ კონკურსის მონაწილეებსა და ზოგადად ღვინის ინდუსტრიაზე?

შარშანდელ კონკურსში ჩვენ, როგორც ჟიურიმ, განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ. ღონისძიება გასცდა ღვინის ტიპიური კონკურსის საზღვრებს და გადაიქცა ტრანსფორმაციულ მოვლენად როგორც მონაწილეებისთვის, ასევე მთლიანად ინდუსტრიისთვის. ჩვენმა კოლაბორაციამ გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან შექმნა უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ მწარმოებლებს დააგემოვნებინონ ღვინის ექსპერტებსა და საერთაშორისო აუდიტორიას  თავიანთი ღვინოები, დაათვალიერებინონ თვალწარმტაცი პეიზაჟები, ისაუბრონ მდიდარ კულტურაზე და გააცნონ ადგილობრივი ხალხი.

კონკურსის ნაწილი იყო შეფასების პროცესი, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა დააგემოვნეს 500-ზე მეტი ღვინო საქართველოდან. ღონისძიების ფარგლებში მაგისტრები ასევე ესტუმრნენ ადგილობრივ მწარმოებლებსა და მათ მარნებს. სწორედ ასეთი გამორჩეული მიდგომა გასცდა ლონდონის ტრადიციული სადეგუსტაციო ოთახის საზღვრებს და მოგვცა უბადლო გამოცდილება. ღვინის მაგისტრს და ჟიურის სხვა საერთაშორისო წევრებს საშუალება ჰქონდათ ღრმად ჩასწვდენოდნენ იმას, რაც საქართველოს მართლაც უნიკალურს ხდის – დაწყებული ძირძველი ვაზის ჯიშებიდან,  „ქვევრის“ ტექნიკის გამოყენებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი დამთავრებული.

ის, რაც ამ კონკურსს გამოარჩევდა იყო მისი უნარი, გადაექცია ჩვენი ექსპერტები ქართული ღვინის ნამდვილ ელჩებად. ჟიურის წევრებმა არა მხოლოდ დააგემოვნეს ღვინოები, არამედ აღმოაჩინეს ქართული მევენახეობის არსი და ყველა ბოთლში ჩადებული ენთუზიაზმი. ამ ახლად აღმოჩენილი ცოდნით სამშობლოში დაბრუნებულმა ექსპერტებმა თავიანთი აღმოჩენები გაუზიარეს ღვინის ფართო ინდუსტრიას. ეფექტი კი ნამდვილად დიდი იყო – პროფესიონალთა ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ქართული ღვინის მიმართ ერთიორად გაიზარდა.

გასულ წელს ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ქართული ღვინის უნიკალურობა, რომელმაც ხელი შეუწყო საერთაშორისო კავშირების გაღრმავებასა და საქართველოს, როგორც ღვინის რეგიონის გლობალურად სახელის მოპოვებას. ეს იყო ღვინის, კულტურისა და ეგობრობის ნამდვილი დღესასწაული, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა, როგორც მონაწილეებზე, ასევე ინდუსტრიაზე. 

გასული წლის კონკურსიდან მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე, არის თუ არა ასპექტები, რომელთა გაძლიერებას/შეცვლას ისურვებდით წლევანდელ კონკურსში?

კონკურსის მზადებისთვის ჩაყრილი საფუძველი იმდენად ძლიერი იყო, უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ შარშანდელი გამოცდილებიდან არაფერს შევცვლიდით.  IWSC-ის კონკურსი აღმოჩნდა არაჩვეულებრივი დასაწყისი ამ მომხიბლავი ქვეყნის გასაცნობად, მისი მრავალფეროვანი ღვინის კულტურის ღრმა შესწავლისა და გააზრებისთვის.

მოხარულები ვართ, რომ წელს შევძლებთ ჩამოვიყვანოთ როგორც ახალი, ისე გასულ წელს მონაწილე ექსპერტები. იმ ჟიურთა ენთუზიაზმი, რომლებსაც ჰქონდათ შარშან დასწრების პრივილეგია, მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდნენ საქართველოს ადგილობრივი ყურძნის ჯიშების სირთულეებს და კავშირები გაამყარონ ინდუსტრიის ახალწვეულებთან. 

წლევანდელ ღონისძიებას მიმზიდველს ასევე სომხეთის ჩართვაც ხდის. მათი პოტენციალის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთსა და გლობალურ ბაზარზე, ჩვენ მტკიცედ გვჯერა სომხური ღვინის წარმატების. როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი (IWSC), მზად ვართ, გავაძლიეროთ ღვინის განვითარებადი ბაზრები.

ჩვენ უსაზღვროდ მადლობელი ვართ საქართველოს სტუმართმოყვარეობისა და ღვინის მდიდარი მემკვიდრეობის მქონე ქვეყნების მხარდაჭერისთვის. მათი გულუხვობა და ერთგულება ერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ არის დასტური იმ ერთიანობისა და მეგობრობისა, რომელიც ღვინის სამყაროს შეუძლია შთააგონოს.

რა მოლოდინები გაქვთ წლევანდელ კონკურსთან დაკავშირებით და როგორ ხედავთ დარგის წინსვლასა და ევოლუციას?

ჩვენი მოლოდინები წლევანდელ კონკურსთან დაკავშირებით სავსეა მღელვარებით. წინა ვიზიტის დროს დამყარებული ძლიერი კავშირების საფუძველზე, ჩვენ მოუთმენლად ველით, კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ და გამოვიკვლიოთ ქართული ღვინის ინდუსტრიის მდიდარი გობელენი. ქართული ღვინის საზოგადოებასთან შეხვედრის პერსპექტივა ენთუზიაზმით გვავსებს. ეს ურთიერთობა წარმოადგენს ფასდაუდებელ შესაძლებლობებს ჩვენი ცოდნისა და იდეების გასავრცელებლად და გასაცვლელად.

უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, ჩვენი მიზანია წლევანდელ კონკურში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქართული ღვინის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენ არ ვაფასებთ მხოლოდ ღვინოებს, არამედ ერთმანეთს ვუზიარებთ კუტურულ ცოდნასა და სიბრძნეს და ვზეიმობთ ღვინის მრავალფეროვნებას ინდუსტრიაში. იმედი გვაქვს, ამ სინერგიის საშუალებით, წლევანდელი კონკურსი წარუშლელ კვალს დატოვებს ღვინის ისტორიაში, შთააგონებს შემდგომ კოლაბორაციებს, ინოვაციების დანერგვასა და ღვინისა ქვეყნების უფრო ღრმა დაფასებას…