background
ქეთ ლომაქსი: იმედი მაქვს, რომ საფერავში უფრო მეტად ვიპოვი რეგიონის გამოხატულებას და მოუთმენლად ველი, რომ აღმოვაჩინო უფრო მეტი ჯიში…

ქეთ ლომაქსი: იმედი მაქვს, რომ საფერავში უფრო მეტად ვიპოვი რეგიონის გამოხატულებას და მოუთმენლად ველი, რომ აღმოვაჩინო უფრო მეტი ჯიში…

ინტერვიუ ღვინის ბაიერთან და სასმელების საცალო ვაჭრობის კონსულტანტთან, ქეთ ლომაქსთან.

ქეთ, თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ გაერთიანებული სამეფოს პრემიუმ ღვინის საცალო ვაჭრობაში. როგორ ჩამოაყალიბა ამ გამოცდილებამ თქვენი პერსპექტივა ღვინის ინდუსტრიაზე და რას ფიქრობთ IWSC Wine Judgingზე?

მიუხედავად იმისა, რომ უამრავ კომპანიაში მიმუშავია სხვადასხვა მიზნით, მიდგომებით თუ მომხმარებელთა ბაზით, წარმატების გასაღები მაინც ერთია: ყოველთვის ვივიწყებ პირად აზრებს და თავს წამოვიდგენ, როგორც მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული ღვინის შეძენით. მომხმარებლის მოლოდინების გამართლება და მათი სურვილების დაკმაყოფილება ნდობისა და ლოიალურობის გარანტიაა. ამიტომ, ჩემი პერსპექტივა ღვინის ინდუსტრიაზე ყოველთვის იყო და არის „მომხმარებელზე ორიენტირებული“. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც IWSC-ზე წარდგენილ ღვინოებს დავაგემოვნებ, ჩემთვის შეფასების პრიორიტეტი იქნება გაამართლებს თუ არა ჭიქაში არსებული ღვინო მომხმარებელთა მოლოდინს.

კონკურსზე ღვინოს სამი გზით ვაფასებ: პირველი – არის თუ არა ღვინო სუფთა, კარგად დამზადებული და ტექნიკურად გამართული. მეორე – ასახავს თუ არა ღვინო ყურძნის ძირითადი ჯიშის, წარმოშობის, ქვეყნის ან რეგიონის ხასიათს; და ბოლო – ღვინის შედარება IWSC-ის ქულების მატრიცასთან  (აკმაყოფილებს თუ არა ღვინო ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს მედლის ღვინოების სტანდარტებს). საბოლოო ჯამში, ჩემი მიზანია დავრწმუნდე, რომ, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს IWSC მედლის მფლობელ ღვინოს, ის არის სუფთა და გემრიელი ღვინო, რომელიც გამოხატავს ყურძნის წარმოშობის თავისებურებებს და IWSC-ის მაღალ სტანდარტებს შეესაბამება.

თქვენ წელსაც ხართ IWSC Wine Judging in Georgia- ჟიურის წევრი. რას გამოარჩევდით გასულ წელს დაგემოვნებულ ღვინოებში და რა მოლოდინები გაქვთ წელს?

შარშან, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებამ. კონკურსის ჩატარებამდე,  ძირითადად საფერავი და სპეციფიკური ქარვისფერი ღვინოები მქონდა დაგემოვნებული, სწორედ ამიტომ იყო ასე გასაოცარი ყურძნის ჯიშების სრულიად ახალი სამყაროს აღმოჩენა (მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, ეს ნამდვილად იშვიათია), ასევე შარშანდელ IWSC Wine Judging-ზე პირველად შემეცვალა შეხედულება ე.წ. „ნარინჯისფერ“ ღვინოებზე, რადგან ქართული ქვევრის ღვინის გემო, სრულიად განსხვავდება იმ ღვინოებისგან, რომელიც დიდი ბრიტანეთის რესტორნებსა და ბარებში გვხვდება. ქარვისფერი ღვინოები, რომლებიც გასულ წელს გავსინჯე, წარმოუდგენლად სუფთა იყო და არაფერი იგრძნობოდა ქვევრში დაძველებული ყურძნის ჯიშის არომატის გარდა. ასეთი ხარისხიანი ღვინის გასინჯვის შემდეგ ჩემს ლექსიკონში „ნარინჯისფერი“ და „ქარვისფერი“ ღვინოები ერთმანეთისგან გაიმიჯნა.

რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს, იმედი მაქვს, რომ საფერავში უფრო მეტად ვიპოვი  რეგიონის გამოხატულებას და მოუთმენლად ველი, აღმოვაჩინო უფრო მეტი ჯიში, რომელიც გამოირჩევა  მიმზიდველი არომატით, სისუფთავითა და დაყენების ტექნიკით. 

როგორც დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაიერი, გვითხარით ამჟამად რა ტენდენციებია ბაზარზე და ერგება თუ არა ქართული ღვინო დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარს.

დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზარზე მთელი რიგი ტენდენციები არსებობს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის, თუმცა გამოვყოფ ორ მთავარ ასპექტს, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შესაძლებლობა შეიძლება გახდეს. პირველი ესაა არგენტინული მალბეკი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. მალბეკისა და ქართულ საფერავს მსგავსი არომატები აქვთ. არომატის გარდა, მათ აქვთ ერთნაირად „სავსე“ ყურძენი, ფერი, ტანინის რაოდენობა… ამ მსგავსების გათვალისწინებით, საფერავს ბრიტანულ ბაზარზე ნამდვილად აქვს მომავალი.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ იზრდება ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და რეგიონული ღვინოების მიმართ ინტერესი. აი, მაგალითად ავიღოთ იტალიური ღვინოები, რომელიც დღეს თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.

რამდენიმე წლის წინ, მსხვილმა საცალო მოვაჭრეებმა მაღაზიებში თაროები აავსეს სიცილიური საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშის (მერლოტი, შარდონე, შირაზი) ღვინოებით. თუმცა რა ხდება დღეს? ეს ჩამონათვალი მთლიანად ჩაანაცვლა ადგილობრივი ვაზის ჯიშებმა, როგორიცაა Pecorino, Primitivo, Negroamaro და Nero d’Avola და რეგიონულმა ღვინოებმა, როგორიცაა Lugana, Greco di Tufo და Etna Rosso. ეს არაჩვეულებრივი სიახლეა საქართველოსთვის, ვინაიდან ბრიტანელი მომხმარებელი დაინტერესებულია ისეთი ღვინით, რომელიც სრულიად განხვავდება კლასიკურისგან. ღვინო, რომლის გემო ჯერ ბრიტანეთს არ აღმოუჩენია.

თქვენი გამოცდილების მთავარი ფოკუსი მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის გაყიდვა და ბრენდის განვითარებაა, მომხმარებლის პრეფერენციები კი მუდმივად ცვალებადია. როგორ ერგებით ამას?

არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ვაკვირდები მომხმარებელთა მოთხოვნილებების ცვლილებას: რეგულარულად ვსტუმრობ დიდი ბრიტანეთის ღვინის ბაზრის დიდ მაღაზიებს, რათა თვალყური ვადევნო ახალ პროდუქტებს, ეტიკეტების ტენდენციებს, ფასების სტრატეგიასა და სარეკლამო აქტივობებს; ვკითხულობ სტატიებს ღვინის ბიზნესის ყველა ასპექტზე; ყოველწლიურად ვარ ჟიურის წევრი ღვინის საერთაშორისო კონკურსებზე; ვესწრები დეგუსტაციებსა და ღვინის ბაზრობებს. ასევე ყოველთვის მაქვს დიალოგი ღვინის მწარმოებლებთან და კონტრაქტორებთან, რომლებმაც ყველაზე მეტი იციან მომხმარებელთა ქცევის შესახებ. მომხმარებლის მოლოდინებს ძალიან ფრთხილად ვეპყრობი, შედეგად, ვხვდები რისი შეძენა სურთ მათ. როგორც უკვე ვახსენე, მომხმარებელთა მოლოდინები ჩემთვის პრიორიტეტია, შესაბამისად, მომხმარებლის ცვალებადი მოთხოვნილებები ზუსტად აისახება IWSC-ზე ღვინოების შეფასებაზე.

საქართველო გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ვაზის ჯიშებით. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სახეობა, რომელსაც, თქვენი აზრით, დიდი პოტენციალი აქვს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე?

როგორც უკვე აღვნიშნე, ვფიქრობ, რომ საფერავს აქვს ძლიერი კომერციული პოტენციალი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ვაზის ეს ჯიში ძალიან ჰგავს არგენტინულ მალბეკს, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმატებით იყიდება ბაზარზე, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებს მოეწონებათ ქართული ჯიშები. ვფიქრობ, რქაწითელსაც აქვს პოტენციალი. თუმცა, მარკეტინგული თვალსაზრისით ბევრია სამუშაო, რათა ეს ჯიშები ხელმისაწვდომი და დასამახსოვრებელი გახდეს (გასათვალისწინებელია, ისიც, რომ გაერთიანებული სამეფოს მომხმარებლებს არ უყვართ რთულად წარმოსათქმელი სახელები და რქაწითელი აუცილებლად მოხვდება ამ ჯგუფში).  ასევე დეგუსტაციის დროს  აღმოვაჩინე ქისი და მწვანეს ზოგიერთი სახეობა, რომლებსაც, ჩემი აზრით, აქვთ კომერციალიზაციის საშუალება. მთავარი გამოწვევა მაინც ისაა, რომ წარმოება მცირეა, რაც ფართომასშტაბიან ექსპორტს შეუძლებელს ხდის.