background
დეივიდ კერმოდი: საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, მისი ტექნიკა კი უნიკალურია. თქვენს ქვეყანას აქვს ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, რომლებიც აბსოლუტურად ერგება თანამედროვე ტენდენციებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

დეივიდ კერმოდი: საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, მისი ტექნიკა კი უნიკალურია. თქვენს ქვეყანას აქვს ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, რომლებიც აბსოლუტურად ერგება თანამედროვე ტენდენციებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

ინტერვიუ  ღვინის მწერალთან და BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის რედაქტორთან დეივიდ კერმოდთან, რომელიც IWSC Wine Judging in Georgia-ს ჟიურის წევრი იქნება.

დეივიდ, როგორ იმოქმედა თქვენმა გამოცდილებამ მედია სფეროში, მას შემდეგ, რაც პროფესია შეიცვალეთ და ჟურნალისტიკიდან ღვინის მწერლობაზე გადახვედით?

სანამ WSET დიპლომს ავიღებდი და კარიერას ღვინის ინდუსტრიას დავუკავშირებდი, ჩემი ცხოვრების ორი ათწლეული ნიუსრუმში დატვირთული გრაფიკით გავატარე. ასეთი გამოცდილება, ვგულისხმობ ტელევიზიასა და რადიოში ყოველდღე სიახლეების წამყვანად მუშაობას, მნიშვნელოვნად მეხმარება სწრაფად ავითვისო სიახლეები და მოვძებნო საინტერესო კავშირები ღვინოსთან. გეთანხმებით, რომ ღვინო ძალიან საინტერო თემაა და ბევრ პროფესიონალთან შემიძლია გაუთავებლად საუბარი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს მომხმარებელი. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ ღვინის მშვენიერება, ისე, რომ მათთვის მარტივად აღსაქმელი და საინტერესო გახდეს. მაგალითად, თუ დარწმუნებული ხართ, რომ აუცილებლად საჭიროა ახსენოთ ტერმინი „მალოლაქტიკური დუღილი“, ახსენეთ, მაგრამ ისიც ახსენით, თუ რას ნიშნავს ან რატომაა მნიშვნელოვანი კონკრეტულ სიტუაციაში. მომხმარებელი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას!

როგორც IWSC-ს მსაჯი საქართველოში, რა უნიკალურ მახასიათებლებს ელით ქართული ღვინოებისგან და სად ხედავთ მათ პოზიციონირებას ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში?

ყველას უყვარს ისტორია, საქართველო კი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მდიდარია ამ ისტორიით. საქართველო მდიდარი და მომხიბვლელი ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი ღვინო ინოვაციური და განსხვავებულია. ტრადიციებისა და ინოვაციების ტანდემი კი თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქართული ღვინო ასევე კარგად ერწყმის კვების კულტურას, რომელზე მოთხოვნაც მსოფლიოში კიდევ უფრო იზრდება.

აღმოგიჩენიათ თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა ან ინოვაცია ღვინის წარმოებაში, რომელმაც მიიპყრო ყურადღება ან ფიქრობთ, რომ გარდამტეხი შეიძლება გახდეს ინდუსტრიისთვის?

ღვინის სამყარო გასაოცარია და მუდმივად ინოვაციებს გვთავაზობს. პროვანსში წარმოებული როზე რევოლუციის კარგი მაგალითია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან დიდი ყურადღებაა გამახვილებული მოსავლის პირობებზე, ტემპერატურის კონტროლზე, ტექნიკის სტაბილიზაციაზე და სხვა ფაქტორებზე. ასე რომ, დახვეწილი ტექნოლოგია ბრწყინვალედ შეიძლება შეერწყას  ტრადიციული მემკვიდრეობის მეთოდებსა და ტექნიკებს, რაც, რეალურად, ჩემი მოლოდინია საქართველოში.

საქართველო ამაყობს ღვინის წარმოების მდიდარი, 8000-წლიანი ისტორიით. თქვენ, როგორც პროფესიონალი, რომელიც ინტენსიურად შეისწავლის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს, როგორ აღიქვამთ ქართული ღვინოების მნიშვნელობას ღვინის გლობალურ ბაზარზე?

საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, მისი ტექნიკა კი უნიკალურია. თქვენს ქვეყანას აქვს ადგილობრივი ყურძნის ჯიშები, რომლებიც აბსოლუტურად ერგება თანამედროვე ტენდენციებს, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

თქვენ გაქვთ პრივილეგია, გაიცნოთ და დააგემოვნოთ ღვინოები მთელი მსოფლიოდან. თქვენი აზრით, რით განსხვავდება ქართული ღვინოები, თავისი ტრადიციული „ქვევრის“ მეღვინეობის მეთოდებით, თანამედროვე ღვინის წარმოების ტექნიკისგან?

ქვევრის ღვინო ძალიან გამორჩეულია, მაგრამ ხშირად მომხმარებლისთვის ნარინჯისფერ ღვინოსთან ასოცირდება. თვლიან, რომ გარკვეულწილად ის რთულად აღსაქმელია  და ზედმეტ ტანინს (ბუნებრივად შექმნილი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ღვინოს სიმძიმეს მატებს და პირის ღრუში სიმშრალის შეგრძნებას აჩენს) შეიცავს. რეალურად კი ქვევრის ღვინოს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს განსხვავებული, სრულიად თანამედროვე სტილის გემო, რომელიც ერწყმის ტრადიციებს.

როგორც ღვინის კონსულტანტი, ხედავთ თუ არა პოტენციურ თანამშრომლობას ქართველ მეღვინეებსა და ღვინის სხვა რეგიონებს შორის?

დიახ, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ღვინის ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თანამედროვე მომხმარებლისთვის  ქართული ღვინო მაინც წარმოადგენს ინტერესის სფეროს.

გლობალურ მარკეტზე პოზიციების გასამყარებლად საჭიროა მსუყე პორტფელის შექმნა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯილდოებსა და კონკურსებს, რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ.

და ბოლოს, როგორც IWSC-ის კონკურსის მსაჯი საქართველოში, რა რჩევებს მისცემდით ქართველ მეღვინეებს, რომლებსაც სურთ თავიანთი კვალი დატოვონ საერთაშორისო ასპარეზზე?

პირველ რიგში, ქართველმა მეღვინეებმა უნდა ისწავლონ რა მოსწონს საერთაშორისო მომხმარებელს, ასევე ვურჩევდი, რომ იამაყონ თავიანთი კულტურით და იფიქრონ იმაზე, თუ როგორ განავითარონ ქართული საკვებისა და ღვინის კულტურის ისტორია. და ყოველთვის, ყოველთვის იმუშაონ ერთად, რადგან გუნდურობა წარმატების გარანტიაა.