background
ვილ ჰილი: სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ გაიზარდა და დაუახლოვდა საქართველო სისუფთავის, ხარისხისა და საერთაშორისო მეღვინეობის სტანდარტს

ვილ ჰილი: სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ გაიზარდა და დაუახლოვდა საქართველო სისუფთავის, ხარისხისა და საერთაშორისო მეღვინეობის სტანდარტს

IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

წელს კონკურსზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი საერთაშორისო ჟიური გვეწვევა.

ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ  IWSC-ის საერთაშორისო ჟიურის წევრს, Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორს ვილ ჰილს ვესაუბრეთ.

თქვენ წელსაც იქნებით  IWSC-ის მსაჯი საქართველოში. როგორ შეაფასებდით გასული წლის ღვინოებს და რა სიახლეებს ელოდებით წელს?

კარგად მახსოვს, რომ გასულ წელს ყველანი ძალიან დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავით. ზოგიერთ ქართულ ღვინოს, რომელიც კონკურსში იღებდა მონაწილეობას, კვლავ ჰქონდა ნაკლოვანებები და არ იყო მზად საერთაშორისო ბაზრისთვის, მაგრამ საერთო ჯამში შედეგები გაუმჯობესებული იყო. ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ გაიზარდა და დაუახლოვდა სისუფთავის, ხარისხისა და ზოგადად მეღვინეობის დონე საერთაშორისო სტანდარტს საქართველოში. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ საქართველოდან უფრო მეტი დაძველებული ღვინის ნიმუში ან ალტერნატიული სტილები, როგორიცაა ცქრიალა ღვინო ან ტკბილი ღვინოები გამოვა კონკურსზე.

არის თუ არა რაიმე ახალი ტენდენციები და ინოვაციები ქართულ მეღვინეობაში და რამდენად აქვს შანსი გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ბაზარზე?

ყველაზე დიდი ტენდენცია, ალბათ, ქარვისფერი ღვინოებია. ისინი კვლავაც აქტუალურია ქართულ ბაზარზე, ამ ნაწილში ტენდენცია რამდენად მზარდია, რთულია განვსაზღვროთ, მაგრამ ამჯერად ნამდვილად იზრდება. ის, რაც ქარვისფერ ღვინოებს განასხვავებს, მათი დამზადების წესია, შესაბამისად მეღვინეობის ნიუანსები ნამდვილად გამოიხატება. პოპულარობას იძენს პოპულარული, ისეთი ღვინოები, როგორიცაა ქინძმარაული, რომელსაც პატარა სიტკბო დაჰკრავს.

გაერთიანებულ სამეფოში ყველას ამბობს, რომ მშრალი ღვინო უყვარს, მაგრამ რეალურად, ყველას აქვს სურვილი ღვინოში მცირედ მოტკბო გემოები აღმოაჩინოს. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – შესაძლოა ბრიტანეთის ბაზარმა წარმატებით მიიღოს მსგავსი ღვინოები.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ღვინოების შეფასების შემდეგ, არის თუ არა რაიმე ახალი ტენდენცია ან შესაძლებლობები, რომლებიც, თქვენი აზრით, უფრო მეტ აღიარებას იმსახურებს საერთაშორისო ასპარეზზე?

აქ უნდა გამოვყოთ ორი მთავარი რამ ნამდვილად: ალკოჰოლის დაბალი შემცველობა და მსუბუქი ბოთლები. გთხოვთ, ღვინოები ჩამოასხით მსუბუქ ბოთლებში! წელს რამდენიმე ქვეყანაში ვიყავი და ხალხი ამაყად არყევდა მაგიდას ამ ორკილოიანი მინის ბოთლებით. მდგრადობის პრინციპებისა და ღვინის საბოლოო ღირებულების გათვალისწინებით, არაა საჭირო მძიმე ბოთლების გამოყენება.

რაც შეეხება დაბალ ალკოჰოლურ ღვინოებს, დაბალი ალკოჰოლის შემცველობა დადებითად აისახება ღვინის ფასზე, ასევე ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია. თუ ალკოჰოლის დაბალი მაჩვენებელი არ გააუარესებს ღვინის ხარისხს, მაშინ, ვფიქრობ, ძალიან კარგი ტენდენციაა. ალკოჰოლის დონის დაბალანსებაში დიდ როლს თამაშობს კლიმატური ცვლილებები, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, კარგია იმის დანახვა, რომ ტენდენცია დაბალი ალკოჰოლისკენ მიდის, ვიდრე ტიპური 15.5%-დან 16%-მდე მაღალალკოჰოლური ღვინოებისკენ.

რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ქართულმა ღვინის ინდუსტრიამ საერთაშორისო მომხმარებლის უფრო მეტად დასაინტერესებლად და ბაზრის გასაფართოებლად?

პირადად ვფიქრობ, რომ ისეთმა სააგენტოებმა, როგორიცაა Wines of Georgia UK და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უფრო მეტი კონკურსი, დეგუსტაცია ან მასტერკლასი უნდა ჩაატარონ იმ ქვეყნებში, სადაც შესვლას ცდილობენ. ეს პროცესი არამხოლოდ ღვინოს, არამედ მთელ კულტურას აცნობს აუდიტორიას და ხალხს უფრო ჩართულს ხდის.

ნებისმიერ ღონისძიებაზე, ეს შეიძლება იყოს ფართო საზოგადოებისთვის ან სავაჭრო ღონისძიებებისთვის, თუნდაც საცალო გაყიდვების წერტილში, ხალხს უნდა შეეძლოს ღვინის ყიდვა და დაგემოვნება. ნებისმიერი ასეთი რამ, რაც არა მხოლოდ სახელს გაავრცელებს, არამედ რეპუტაციასაც ააშენებს უფრო ნაცნობ გარემოში, ნამდვილად დაეხმარება.

რა მოლოდინები გაქვთ ქართული ღვინის მომავლის მიმართ და როგორ ფიქრობთ, როგორ განაგრძობს ის განვითარებას სტილის, ხარისხისა და გლობალური აღიარების თვალსაზრისით?

ვფიქრობ, ყველა ეს ასპექტი ძალიან პოზიტიურად განვითარდება. მოლოდინი არის, რომ ხარისხი განაგრძობს ზრდას, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისედაც კარგი ხარისხის ღვინოები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, არამედ ნიშნავს იმას, რომ დაბალი დონის, პრობლემური ღვინოები გაუმჯობესდება და უფრო მაღალ სტანდარტზე ავა. ჩვეულებრივი, იაფი ქართული ღვინოც ყოველთვის კარგი ხარისხი უნდა იყოს, როგორც სახლის კარგი ღვინოვფიქრობ, საქართველოში შეიძლება ნებისმიერი სტილის ღვინის დაყენება, იმედი მაქვს, რომ უფრო მრავალფეროვან ღვინოებს ვიხილავ მომავალში…

შეგახსენებთ, რომ “IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia”-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი.მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.