როდის და რატომ აირჩიეთ მეღვინეობა როგორც პროფესია?
პროფესიით მხატვარი ვარ. 2010 წელს დავასრულე თბილისის სამხატვრო აკადემია და დღემდე მოქმედი ხელოვანი ვარ. მეღვინეობა ჩემი გატაცება და ჰობი იყო, რომელიც 2012 წლიდან პროფესად იქცა. 8 წლის განმავლობაში ვმუშაობდი მეღვინე–კონსულტანტად, ხოლო 2020 წელს გადავედი პროფესიულ ინდივიდუალურ მეღვინეობაში „ბარბალეს მარანში“, სადაც დღემდე აქტიურად ვმუშაობ.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში დღეს?
ისევე როგორც ხელოვანად, მეღვინეობაშიც პარალელს ვავლებ შემოქმედებასა და ღვინის კეთებას შორის. უზარმაზარი სტიმული და აზარტია თითოეულ მტევანთან მუშაობა და საბოლოოდ ისეთი ღვინის შექმნა, რომელიც, როგორც ნახატი, შთაბეჭდილებას მოახდენს მომხმარებელზე. დიდ მოტივაციას მაძლევს როგორც ინდივიდუალური ადამიანების, ისე საერთაშორისო კონკურსების – მაგალითად, IWSC-ის მიერ ჩემს ღვინოებზე გამოხატული დაფასება.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ღვინის წარმოების განვითარება უახლოეს პერიოდში?
2020 წლიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრთან ერთად ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას და კიდევ წინ გავუსწროთ. ჩვენი მიზანია, გავიდეთ ევროპის ბაზრის ძირითად სეგმენტებზე და მოვახერხოთ ჩვენი ღვინის გაცნობა უფრო ფართო მომხმარებლისთვის. ვგეგმავთ, შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და წარმოება 30 000–40 000 ბოთლამდე გავზარდოთ, ასევე უზრუნველვყოთ მათი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზრებზე.