თამთა აივაზიშვილი, Sisters’ Wine • დების ღვინო
როდის და რატომ აირჩიეთ მეღვინეობა როგორც პროფესია?
სხვადასხვა სფეროში მუშაობისას, ყოველთვის მქონდა ის განცდა, რომ რაღაც უფრო მეტის, უფრო ღირებულის შექმნა შემეძლო. ქვეყნის სიყვარულმა, მისი ტრადიციების თუ კულტურის განვითარების სურვილმა მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ უნდა შემექმნა ახალი ბრენდი. რა იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული საქმე თუ არა ღვინო? სწორედ ამიტომ ავირჩიე მეღვინეობა როგორც პროფესია და პირველი ბოთლი დიდი იმედებით და სიყვარულით 2017 წელს ჩამოვასხით.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში დღეს?
ჩემ მოტივაციას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: დანახვა იმ შედეგისა, რომლისკენ მისასვლელადაც საკმაოდ დიდი და რთული გზა გავიარე; საყვარელი ადამიანები, რომლებსაც ჩემი პატარა წარმატებაც კი ჩემზე მეტად ახარებთ, და ის საზოგადოება, ვინც დების ღვინო მთელი გულით შეიყვარა. ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებას მანიჭებს და რა დიდ მოტივაციას მაძლევს იმ ხალხის დანახვა, რომლებიც ფესტივალებზე გვეძებენ, გამოხატავენ სითბოს, მხარდაჭერას და აღფრთოვანებას.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ღვინის წარმოების განვითარება უახლოეს პერიოდში?
პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საქართველოს 10 საუკეთესო მეღვინეს შორის მოხვედრა დიდი პატივია. ახლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით თუ ენთუზიაზმით მოვეკიდები ჩემ საქმეს. „დების ღვინო“ მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელსაც ხარისხიდან გამომდინარე, ვფიქრობ აქვს დიდი პოტენციალი და ეს დაგვეხმარება ახალი მწვერვალების დაპყრობაში. მოთხოვნიდან გამომდინარე ვფიქრობთ წარმოების გაზრდას, საექსპორტო მიმართულებით აქტიურად მუშაობას და რაც მთავარია – მარნის ოფიციალურად გახსნას.