გიორგი შიუკაშვილი, Koncho & CO
როდის და რატომ აირჩიეთ მეღვინეობა როგორც პროფესია?
მეღვინეობა პირველად 2011 წელს ავირჩიე, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. იმ პერიოდში წინანდლის ღვინის სკოლაში დავიწყე სწავლა და იქ მივხვდი, რომ ეს უბრალო ჰობი აღარ იყო. გარემომ, ადამიანებმა და თავად პროცესმა ისე შემითრია, რომ ჩემმა ცხოვრებამ მაშინვე მიმართულება შეიცვალა. იმ დღიდან მეღვინეობა ჩემი პროფესია, ჩემი საქმე და ჩემი გზა გახდა
რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში დღეს?
ყველაზე დიდ მოტივაციას ამ პროფესიაში ის მაძლევს, რომ თითოეულ წელიწადს, თითოეულ მოსავალს თავისი ხასიათი და ისტორია აქვს. არაფერია იმაზე სასიამოვნო, თუ როგორ იქცევა შენი ძალისხმევა ცოცხალ პროდუქტად – ღვინოდ. ეს არის პროცესი, სადაც ყოველ ნაბიჯზე სწავლობ, ვითარდები და არასდროს გბეზრდება.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ღვინის წარმოების განვითარება უახლოეს პერიოდში?
უახლოეს პერიოდში ღვინის წარმოებას ვხედავ როგორც პატარა, მაგრამ ხარისხზე ორიენტირებულ თანამედროვე პრემიუმ მწარმოებლად. მთავარი მიზანი არის არა რაოდენობის ზრდა, არამედ თითოეული ბოთლის სრულყოფა, ისეთი ღვინოების შექმნა, რომლებიც წარმოაჩენს ტერუარს და ჩვენი ვენახების სტილს ამისთვის ვაპირებ კიდევ უფრო დახვეწილ ტექნოლოგიაზე, ყურძნის მკაცრ შერჩევაზე და მცირე, მაგრამ გამორჩეულ ღვინოებზე მუშაობას. ჩემი განვითარების გზა არის ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ღვინოების წარმოება.