მეღვინეობა “დების ღვინო” ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და ამ ეტაპზე, 5 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, კახურ მწვანეს, წარაფს (რქაწითელს) და საფერავს აწარმოებენ. მეღვინეობა “დების ღვინო” საოჯახო ბიზნესია და კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს.
გასულ წელს კომპანიის “კახურმა მწვანემ” IWSC-ის ოქროს მედალი დაიმსახურა.
ამ თემაზე დების ღვინის” თანადამფუძნებელს თამთა აივაზიშვილს ვესაუბრეთ.
რას ნიშნავს თქვენთვის ოქროს მედლის მოპოვება ამ IWSC-ის კონკურსზე?
ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შრომა გიფასდება. ეს ჩემთვის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც გამორჩეულად მეამაყება. IWSC-ზე ოქროს მედლის მოპოვებამ გაზარდა ნდობა ბრენდის მიმართ. ამ გამარჯვებამ „დების ღვინის“ ხარისხს მეტი ოფიციალურობა შესძინა.
რას მიიჩნევთ თქვენი წარმატების მთავარ ფაქტორად?
ხარისხი და საქმისადმი ერთგული მიდგომა. ღვინო არ არის უბრალოდ სითხე, ის ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც აქვს ხასიათი და განწყობა. ჩვენი მცირე, საოჯახო მარნისთვის პროცესის თითოეული ეტაპი მნიშვნელოვანი და ძვირფასია. მთელი გულით ვუდგებით საქმეს, ვზრუნავთ და სიყვარულით ვუზიარებთ ფართო აუდიტორიას ჩვენი ღვინის ისტორიას.
როგორ აისახა გამარჯვება თქვენს ბიზნესზე ან მეღვინეობაზე?
IWSC-ზე გამარჯვებამ კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ბრენდის ცნობადობა და ინტერესი მომხმარებელში, შესაბამისად გაიზარდა გაყიდვებიც. ფესტივალებზე კონკრეტულად ჩვენი მედალოსანი ღვინოების დასაგემოვნებლად გვსტუმრობენ. რაც მთავარია, მომხმარებელს მოლოდინი უმართლდება და აღნიშნავენ, რომ ჩვენი პროდუქტი ნამდვილად იმსახურებს ოქროს მედალს.
შეგახსენებთ, IWSC საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.
კონკურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/XdxjC