თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ღვინის კონკურსი – IWSC Wine Judging in Georgia – ტარდებოდა, წელს IWSC Wine and Spirits Judging in Georgia ჩატარდება, რადგან პირველად ღვინის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.
ერთ-ერთი მსაჯი კი, ქართველი მეღვინეებისთვის კარგად ნაცნობი სალვატორე კასტანო იქნება, რომელიც მის სიყვარულს ქართული ჭაჭის მიმართ არასდროს მალავს.
როგორ ფიქრობთ, როგორ გავლენას მოახდენს თქვენი გამოცდილება ღვინის სფეროში ქართული სპირტიანი სასმელების შეფასებაზე? რა უნიკალურ მახასიათებლებს ეძებთ ყველაზე მეტად, განსაკუთრებით ჭაჭაში?
ვფიქრობ, რომ, როდესაც ღვინოსა და სპირტიან სასმელებს აგემოვნებ, მიდგომა ძალიან განსხვავებულია ამ ორს შორის. მაგრამ საბოლოოდ, ყოველთვის ეძებ ერთი და იმავე მახასიათებლებს, რაც ნიშნავს ბალანსს, სიახლეს და პროდუქტის არომატულობას. ასევე უნდა დავრწმუნდე, რომ პროდუქტს არ აქვს ნაკლოვანებები. მე დიდი ფანი ვარ გრაპას, ასე რომ…
როგორც იტალიელს, ჩემს მშობლებს აქვთ გრაპას უდიდესი კოლექცია სამხრეთ იტალიაში – 160-ზე მეტი ბოთლი ყურძნის დისტილატებისა. ჯიშის მიხედვით, განსხვავდება არომატები და სტილი, ზოგიერთი უფრო ყვავილოვანი სტილისაა, ზოგი კი უფრო ხილიანი.
თქვენი სიცილიური წარმომავლობისა და ლონდონში ამჟამინდელი როლის გათვალისწინებით, როგორ მიუდგებით ისეთი ქვეყნის სპირტიანი სასმელების შეფასებას, რომელსაც უძველესი ტრადიცია აქვს, როგორიცაა საქართველო?
სიცილიასა და საქართველოს ორივეს მდიდარი ისტორია აქვთ. ქართული მეღვინეობა ალბათ უფრო ძველია, ვიდრე სიცილიური. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ კლასიკურ პროდუქტებს და მათ უკან მდგარ ისტორიას. მჯერა, რომ საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო კულტურა აქვს, განსაკუთრებით გასტრონომიის თვალსაზრისით. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მის ისტორიას და ვცდილობთ, რაც შეიძლება სამართლიანები ვიყოთ ყველა პროდუქტის მიმართ. ჩემთვის სპირტიანი სასმელების შეფასება არ განსხვავდება ღვინის შეფასებისგან; ჩვენ ვეძებთ საუკეთესო პროდუქტებს. თუ რაიმე ნაკლოვანებას ვამჩნევთ, მწარმოებელს ვაძლევთ უკუკავშირს და ვურჩევთ, გააუმჯობესონ. ჩვენ თვითონ არ ვართ მეღვინეები ან სპირტიანი სასმელების მწარმოებლები, მაგრამ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, რაც შეიძლება მეტად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცით, რა სურს ინგლისურ ბაზარს.
ქართული სასმელების, მათ შორის მათი სპირტიანი სასმელების რა ასპექტებს მიიჩნევთ ყველაზე საინტერესოდ ან უნიკალურად?
რაც მიყვარს საქართველოში – ჩემი ქართველი მეგობრების გარდა – არის ჭაჭა.
მაგრამ რაც მართლა მიყვარს, არის მათი ქარვისფერი ღვინო. ჩემთვის ქარვისფერი ღვინოები, რომლებსაც ისინი აწარმოებენ, მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა. ზოგიერთი საუკეთესო ნიმუში, რომელიც გამისინჯავს, საქართველოდანაა. ხარისხი და სიზუსტე ზოგიერთ მათგანში შთამბეჭდავია. თუ მსგავსი ღვინო უნდა შევარჩიო, ყოველთვის ქართულს დავეძებ.
როგორ ხედავთ ტრადიციული სპირტიანი სასმელების, როგორიცაა ჭაჭას, როლს ქართული ალკოჰოლური სასმელების მემკვიდრეობის წარმოჩენაში გლობალურ ბაზარზე და რა არის მისი პოტენციალი?
ვფიქრობ, ეს რთული ბაზარია. სპირტიანი სასმელები ყოველთვის გამოწვევაა, იქნება ეს ჭაჭა, ჯინი თუ არაყი. ამჟამად ბაზარზე ბევრი პროდუქტია, და მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს. პლუს, ბევრმა არ იცის, რა არის ჭაჭა. ასე რომ, ვფიქრობ, აქ მარკეტინგის როლი გადამწყვეტია. თუ აუდიტორიას აუხსნით, რომ ჭაჭა გრაპას ჰგავს, რადგან ორივე სასმელი გადის ერთი და იმავე პროცესს, ადამიანებისთვის უფრო ადვილი გასაგებია. იტალიელები ცოტა უფრო ჭკვიანები იყვნენ, რადგან ამ პროდუქტის პოპულარიზაცია უფრო ადრე დაიწყეს. ქართული სპირტიანი სასმელებისთვის იმავეს მიღწევა უფრო რთულია, მაგრამ მჯერა, რომ სწორი მარკეტინგით ეს შესაძლებელია.