ინტერვიუ Corney & Barrow-ს შესყიდვების დირექტორთან რებეკა პალმერთან.
რებეკა, ღვინის მსაჯის ამპლუაში პირველად ესტუმრებით საქართველოს, რა მოლოდინები გაქვთ ქართულ ღვინოებთან დაკავშირებით?
რამდენიმე წლის შემდეგ დიდი სიხარულით ვუბრუნდები საქართველოს. IWSC-ის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ღვინოების შეფასების გამოცდილება მაქვს და ვიცი, რამდენად შთამბეჭდავია ღვინის გასინჯვა მის სამშობლოში. ღვინის ექსპერტისთვის ეს განსაკუთრებული შესაძლებლობაა. მოუთმენლად ველოდები ქართული ღვინის სამყაროს გაცნობას, ღვინოების შეფასებას, მწარმოებლებთან საუბრებს, ადგილობრივი ინდუსტრიის შესახებ მეტის გაგებასა და ჩემი შთაბეჭდილებების სხვა ექსპერტებთან გაზიარებას. ამ პროცესში ბევრს ვსწავლობ და დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებული იქნება.
რატომ არის ქართველი მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით კი მცირე მწარმოებლებისთვის, IWSC-ის კონკურსში მონაწილეობა მნიშვნელოვანი?
IWSC ღვინის მწარმოებლებს უნიკალურ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც ცნობადობასა და აღიარებას უზრუნველყოფს. IWSC-ისა და საქართველოს თანამშრომლობა განსაკუთრებულია, რადგან ღვინოების შეფასება უშუალოდ საქართველოში, მათ სამშობლოში ხდება. ეს მიდგომა არა მხოლოდ ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას, არამედ ქმნის ღირებულ შესაძლებლობებს ღონისძიების განმავლობაში. ექსპერტებისთვის ეს განსაკუთრებული შანსია, აღმოაჩინონ ახალი ღვინოები, გაესაუბრონ მწარმოებლებს და ჩაუღრმავდნენ ქართული ღვინის სამყაროს.
მსგავსი შემთხვევა 2024 წელს ავსტრიაში IWSC-ის კონკურსზე გამოვცადე, როცა აღმოვაჩინე ნაკლებად ცნობილი მეღვინეობა „Weingut Frank”, რომლის ღვინოებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი არ იყვნენ წარმოდგენილი მსხვილ სავაჭრო გამოფენებზე და არც ცნობილი რეგიონიდან იყვნენ, თუმცა მათი ღვინოების ხარისხი უდავო იყო. ამან განაპირობა პარტნიორობა, რომელიც ძალიან პერსპექტიულია — დღეს ფრანკის ოჯახის ღვინოებს ქვეყნის წამყვან რესტორნებში ვარეგისტრირებთ. ეს შეიძლება არ მომხდარიყო, რომ არა მათი მონაწილეობა კონკურსში. სწორედ ესაა IWSC-ის ძალა — ის შესაძლებლობებს იძლევა, ადამიანებს აკავშირებს და გამორჩეულ ღვინოებს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აქცევს.
თქვენი კარიერის განმავლობაში ხელმძღვანელობდით იმ ღვინოების შერჩევას, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ ბაზრებზე. თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი თვისებები ან მახასიათებლები, რომლებიც ღვინოს საშუალებას აძლევს, დაიმკვიდროს ადგილი გლობალურ ბაზარზე?
დღევანდელ გლობალურ ბაზარზე წარმატება ავთენტურობასა და გამორჩეულობაზეა დამოკიდებული. ღვინოები, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან, გამოხატავენ თავიანთი წარმოშობის ადგილის მკაფიო ხასიათს — არა მარკეტინგული ხრიკებით, არამედ გემოთი. ღვინო, რომელიც გამოხატავს თავისი ტრადიციების უნიკალურ ისტორიას, ყოველთვის გამორჩეული იქნება მრავალრიცხოვან კონკურენტებს შორის. ამავდროულად, თანმიმდევრულობა, ბალანსი და სიზუსტე უმნიშვნელოვანესია — იქნება ეს გრან კრუ ბურგუნდია თუ მცირე წარმოების ქართული ქვევრის ღვინო, ბაიერები და მომხმარებლები ერთნაირად აფასებენ ოსტატურად შექმნილ ღვინოებს, რომლებიც ზრუნვით, ტექნიკური სრულყოფილებითა და ნათელი მისწრაფებითაა დამზადებული.
ემოციური კავშირი გადამწყვეტ როლს თამაშობს ღვინის წარმატებაში. გამორჩეული ღვინო იწვევს ცნობისმოყვარეობასა და ნდობას, რაც მომხმარებელს უბიძგებს აღმოჩენისკენ — იქნება ეს უნიკალური ყურძნის ჯიში, განსაკუთრებული სტრუქტურა თუ განცდა, რომ ეს ღვინო მხოლოდ კონკრეტული ადგილისთვისაა დამახასიათებელი. ღვინის ექსპერტების, როგორც შუამავლების, ამოცანაა, დავეხმაროთ მომხმარებლებს ამ მოგზაურობაში — ცნობისმოყვარეობიდან ნდობასა და აღფრთოვანებისკენ.
რებეკა, თქვენ ახლახან მიიღეთ Chevalier de l’Ordre de Mérite Agricole-ის ტიტული საფრანგეთის ღვინის ინდუსტრიაში თქვენი წვლილისთვის. ამ აღიარების გათვალისწინებით, რა მსგავსებებს ხედავთ საქართველოს შესაძლებლობებში, რომ გაზარდოს თავისი საერთაშორისო რეპუტაცია და რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქართველმა მეღვინეებმა ამ მიზნის მისაღწევად?
საფრანგეთის გლობალური რეპუტაცია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა თვითმყოფადობის, მუდმივი ძალისხმევისა და ოსტატობის საფუძვლებზე — და დღეს საქართველოშიც ანალოგიურ საძირკველს ვხედავ.
ღვინოსთან ღრმა კულტურული კავშირი, ქვეყნის არაჩვეულებრივი მევენახეობის მემკვიდრეობა და ადგილობრივი ჯიშები მისი ძლიერი მხარეებია. საქართველოს არ სჭირდება სხვების მიბაძვა — მისი მომავალი უნიკალურობის გამოხატვაზეა დამოკიდებული.
შემდეგი ნაბიჯი, ვფიქრობ, ავთენტურობის შენარჩუნებასა და მსოფლიოსთვის მკაფიოდ გადმოცემას შორის სწორი ბალანსის პოვნაა. ეს გულისხმობს ინვესტიციებს მევენახეობის ხარისხსა და სტილის ერთიანობაში, ისევე როგორც ისტორიების გადმოცემაში, დიზაინსა და განათლებაში.
როცა ბაიერები და სომელიეები თავდაჯერებულად, ენთუზიაზმით შეძლებენ ქისის ან საფერავის შესახებ საუბარს, ღვინოები თავად მიაღწევენ. მოკლედ, საქართველოს უკვე აქვს ხასიათი და ღირებულებები — დარჩენილია ამ იდენტობის საერთაშორისო ასპარეზზე გამოტანა. თუ ეს მიიღწევა, საქართველოს ღვინოები არა მხოლოდ აღფრთოვანებას გამოიწვევს, არამედ უფრო მიმზიდველიც გახდება.