background
მეღვინეობის სტილისა და ტექნიკის სპექტრი საოცრად ფართოა – ის  გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მრავალ სხვა ღვინის რეგიონში

მეღვინეობის სტილისა და ტექნიკის სპექტრი საოცრად ფართოა – ის გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მრავალ სხვა ღვინის რეგიონში

ინტერვიუ ღვინის ბარების Diogenes the Dog & Elephant & Castle დამფუძნებელი, IWSC-ის ჟიურის წევრი.

გინდოდათ ქართულ მეღვინეობაში ტრადიციისა და თანამედროვე მიდგომების გადაკვეთის ხილვა. ახლა, როცა უკვე მიიღეთ ამის გამოცდილება, როგორ შეადარებდით ერთმანეთს  რეალობასა და თქვენს მოლოდინებს?

ცხადია, რომ ქართულ მეღვინეობაში ერთმანეთს კვეთს ღვინის უძველესი სამყარო და ახალი ეპოქა. ეს გამოცდილება მართლაც მომხიბვლელი იყო და იმედი არ გაუცრუებია. მეღვინეობის სტილისა და ტექნიკის სპექტრი საოცრად ფართოა – ის  გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მრავალ სხვა ღვინის რეგიონში.

საქართველოში IWSC-ის ღვინის შეფასების პროცესში პირველი მონაწილეობის შემდეგ, როგორ შეიცვალა თქვენი აღქმა ქართული ღვინის მიმართ – როგორც ხარისხის, ასევე საერთაშორისო იდენტობის თვალსაზრისით?

ჩემთვის მნიშვნელოვნად შეიცვალა ქართული ღვინის აღქმა. საფერავისა და რქაწითელის მიღმა არსებულმა მრავალფეროვანმა ჯიშებმა დიდწილად შეუწყო ხელი ახალი სტილების აღმოჩენას და იმ საერთო სურათის გამდიდრებას, რასაც საქართველო ღვინის სამყაროს სთავაზობს. გარდა ამისა, ბევრი რამ ვისწავლე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ღვინოებს შორის განსხვავების შესახებ , რაც კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ქართულ მეღვინეობაში იმაზე მეტი სიღრმე და მრავალფეროვნებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თქვენი, როგორც ღვინის ბაიერის პერსპექტივიდან, რა ტენდენციებს ამჩნევთ თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში, რომლებიც შესაძლოა განსაზღვრავდეს რეგიონის მომავალს გლობალურ ბაზრებზე?

საქართველო ყოველთვის კარგად იყო ინტეგრირებული ნატურალური ღვინის წრეებში და ამ ტენდენციას დღემდე ინარჩუნებს. მყიდველის პერსპექტივიდან, ამ კავშირის არსებობა ლოგიკურია, თუმცა საგანმანათლებლო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ ქართული ღვინო არ შემოიფარგლება ნატურალური იდენტობით. ამ განსხვავების გამოკვეთა ხელს უწყობს იმ მოლოდინების დივერსიფიკაციას, რომელიც რეგიონის მიმართ არსებობს. სტილისტურად, ცხადია, რომ ქვევრის ქარვისფერი ღვინოები ყოველთვის გამოირჩევიან, თუმცა, შედარებით რბილი ტანინებითა და დაბალი ალკოჰოლური შემცველობით შექმნილი სტილი შესაძლოა დასავლური ბაზრებისთვის კომერციულად უფრო მიმზიდველი გახდეს.

თქვენ ხშირად აღნიშნავთ ღვინის კომერციულ პოტენციალს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გააკეთონ ქართველმა მეღვინეებმა იმისთვის, რომ მათი ღვინო უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახდეს ბრიტანული და ევროპული ბაზრებისთვის ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი ავთენტურობა?

როგორც უკვე აღვნიშნე, უფრო მსუბუქი, სუფთა და ნაკლებად ტანინიანი ქარვისფერი ღვინოები დიდ ბრიტანეთში კარგად იყიდება. ისეთი ღვინის წარმოება, რომლისთვისაც შესაფერისი კერძის შეხამება საჭირო არაა, იძლევა საშუალებას ის მრავალფეროვან გარემოში განთავსდეს, იქნება ეს ბარები, ღვინის ბუტიკები, კაფეები თუ სხვა.

 

თქვენ არაერთხელ გამოგიხატავთ ინტერესი ბუნებრივი და ისეთი სტილის ღვინოებისადმი, რომლებშიც ჩარევა მინიმალურია. როგორ ხედავთ ქართული ნატურალური ღვინის საერთაშორისო ტენდენციებთან თავსებადობას? რა ხდის მას გამორჩეულს?

საქართველო უკვე მჭიდროდ არის დაკავშირებული ნატურალური ღვინის კულტურასთან. ქართველ მეღვინეებს შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს ეტიკეტზე ისეთი ინფორმაციის დატანა, როგორიცაა, მაგალითად: არის თუ არა ღვინო ქვევრის, გამოყენებულია თუ არა ბუნებრივი საფუარი, როგორია გოგირდის შემცველობა მასში და ა.შ. მსგავსი გამიჯვნა ხელს შეუწყობს ტრადიციული სტილის სხვებისგან გამორჩევას. ამ გზით ბაიერებს ექნებათ საშუალება უფრო მარტივად ამოიცნონ მათთვის სასურველი ტიპის ღვინო და დარწმუნებული იყვნენ საკუთარ არჩევანში. თუ ეს ინფორმაცია ბოთლზე არ არის მითითებული, რთულია მოლოდინის სწორად ფორმირება. ჩემი აზრით, ქვევრი სწორედ ის საშუალებაა, რაც ქართულ ღვინოს გამოარჩევს, განსაკუთრებით, ნატურალური ღვინის წრეებში. თუმცა, როგორც ვიცით, ქვევრის ღვინო ყოველთვის არ ნიშნავს ნატურალურ ღვინოს.

და ბოლოს, რა იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება საქართველოში ღვინის შეფასებისას?  რამ იმოქმედა განსაკუთრებით შთამბეჭდავად თქვენზე?

კულინარიული გამოცდილება ნამდვილად დაუვიწყარი, მოულოდნელი და გამორჩეული აღმოჩნდა.  ამაზე დღემდე აღფრთოვანებით ვსაუბრობ და სწორედ ამიტომ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში კიდევ ერთხელ. (მით უმეტეს, ისედაც ვიცოდი, რომ ღვინო მომეწნებოდა).