background
ლევან მეხუზლა: IWSC ეს არის მოტივაცია, რეალური ეკონომიკური ბენეფიტი და გახსნილი გზა ახალი ბაზრებისკენ.

ლევან მეხუზლა: IWSC ეს არის მოტივაცია, რეალური ეკონომიკური ბენეფიტი და გახსნილი გზა ახალი ბაზრებისკენ.

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.

IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიურის წევრები, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები.

IWSC-ის კონკურსის მნიშვნელობაზე, ქართული ღვინის ბაზარზე არსებულ ცვლილებებზე, მომხმარებელთა გაზრდილ ინტერესზე, მიმდინარე ტენდენციებსა და წლევანდელი IWSC-ის მოლოდინებზე გვესაუბრება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა.

ბატონო ლევან, ბოლო სამი წლის განმავლობაში რა ძირითადი ცვლილებები შენიშნეთ ქართული ღვინის ბაზარზე? თქვენი შეფასებით, გაუმჯობესდა თუ არა ღვინის ხარისხი და როგორ აისახა ეს მომხმარებელთა ინტერესზე?

ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხზე ზრუნვა და მისი გაუმჯობესება ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ღვინის გლობალურ ბაზარზე იმდენად დიდია კონკურენცია, რომ საქართველოს, ქვეყანას, რომელიც აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, ალბათ, ყველაზე მეტად მოეთხოვება, აწარმოოს ხარისხიანი და უნიკალური ღვინოები, რათა გაამართლოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი უწყვეტი ისტორია, ტრადიციები და კულტურა. ის ფაქტი, რომ ქართული ღვინის ხარისხი წლიდან წლამდე უმჯობესდება, გამოხატულია იმ უმაღლეს ჯილდოებში, რომლებსაც ქართული ღვინის კომპანიები იღებენ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში და იმ საჯარო შეფასებებში, რომლებსაც ღვინის პროფესიონალები და ექსპერტები გამოხატავენ ქართულ ღვინოსთან მიმართებით. ჩვენ ვმუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით — ქართველი მწარმოებლები ტრადიციულ ღვინოებთან ერთად მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას სთავაზობენ ახალი სტილის ღვინოებს. მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილია როგორც მოთხოვნა უნიკალურ ქართულ ღვინოებზე, ასევე ინტერესი ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიისადმი. აღსანიშნავია, რომ ხარისხზე ზრუნვა არ არის მიმართული მხოლოდ საექსპორტო ბაზრებზე, არამედ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის სეგმენტიც.

რომელი ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა საქართველოს ღვინის ბაზარზე IWSC-ის ჩატარების შედეგად? რა გაკვეთილები მივიღეთ კონკურსის გამოცდილებიდან?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ღვინის საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. IWSC-ს გამოცდილებამ დაგვანახა ჩვენი ძლიერი მხარეები, ავთენტურობა, უპირატესობები, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი მუშაობა ამ მიმართულებით და ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, რომ ქართულმა ღვინომ დააკმაყოფილოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები და მყარად დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო ღვინოების პრემიუმ სეგმენტში. გამოწვევები, ცხადია, არის — მიმდინარე წელს ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა: რთველის დროს ჩასაბარებელ ყურძენზე, ხარისხის გათვალისწინებით, დაწესდა განსხვავებული ფასი. ჩვენ მევენახეებს წლის დასაწყისში ვუთხარით, რომ ღვინის ხარისხი იქმნება ვენახიდან და ყურძნიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება გათვლილია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების გრძელვადიან პერსპექტივაზე და ხელშესახებ შედეგებზე.

როგორ იცვლება საქართველოს აღქმა მსოფლიოს ღვინის რუკაზე?

ქართული ღვინის პოზიცია მსოფლioში ძლიერია, მზარდია მის მიმართ ინტერესი. საქართველო აღიქმება როგორც მსოფლიო ღვინის რუკის უნიკალური და განუყოფელი ნაწილი, სულ უფრო მეტი და მეტი მომხმარებლისთვის ხდება ის ახალი აღმოჩენა. ეს გამოხატულია წარმატებებსა და დადებით შეფასებებში. ჩვენ გვაქვს ძლიერი უპირატესობები — ღვინის სამშობლო, 8 ათასი უწყვეტი რთველი, ჯიშების მრავალფეროვნება, ქვევრის ღვინის უნიკალურობა, განსხვავებული გემოები და განვითარებული, თანამედროვე ღვინის ინდუსტრია.

რა მოლოდინები გაქვთ წლევანდელი IWSC-ისგან საქართველოში?

IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტრადიციად იქცა, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. მეწარმეებისთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ექსპორტის გასაზრდელად.

რომელ ახალ ტენდენციებს ან შესაძლებლობებს ელით, რომ გამოიკვეთება?

ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებისთვის შესათავაზებელად. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საერთაშორისო გამოფენებზე პროფესიონალების მხრიდან ქართულ ღვინოსთან ერთად მზარდია ინტერესი როგორც ტრადიციული, ისე კლასიკური ღვინოების და მაღალალკოჰოლიანი სასმელების მიმართ.

მსგავს პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გაზარდოს საკუთარი ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე და ამასთან ერთად მეღვინეს აძლევს მოტივაციას, რომ აწარმოოს ხარისხიანი და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ღვინო.

როგორ აფასებთ IWSC-ის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარების გაძლიერებისა და ექსპორტის პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით?

კონკურსის ჟიურის წევრები, ცნობილი ღვინის ექსპერტები, ქართველ მეღვინეებს უზიარებენ გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის მოთხოვნებისა და ტენდენციების შესახებ. აღნიშნული კონკურსის მედალოსან ღვინოებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ, რომ წარმატებით გაიყიდოს ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ღვინის ბაზრებზე, რადგან პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცედენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის, გაზარდონ ექსპორტი და განავითარონ საკუთარი მეღვინეობა. კონკურსი ქმნის ხარისხის გარანტს და წარმატების საფუძველს საერთაშორისო ბაზრებზე დასამკვიდრებლად. კონკურსში გამარჯვებული ღვინოები კი იმსახურებენ პოტენციური შემსყიდველის და მომხმარებლის ნდობას.

რას ნიშნავს IWSC-ზე წარმატება ქართველი მეღვინეების ყოველდღიური მოღვაწეობისთვის?

ეს არის მოტივაცია, რეალური ეკონომიკური ბენეფიტი და გახსნილი გზა ახალი ბაზრებისკენ. IWSC-ზე წარმატება ბევრად მეტია, ვიდრე წოდება — ეს ღვინის მწარმოებელს აძლევს განვითარების მყარ შესაძლებლობას როგორც დიდ კომპანიებს, ისე პატარა მარნებს.

რა გზავნილს აწვდის ეს გამარჯვებები საქართველოს პარტნიორებსა და მომხმარებლებს?

ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომ ქართული ღვინო მის წარსულთან და ტრადიციებთან ერთად ასოცირდება ხარისხთან და უნიკალურობასთან, რაც ზრდის მომხმარებლის ნდობას.

რამდენად რეალისტურია, რომ ამ წარმატებამ გაზარდოს ექსპორტის მაჩვენებლები?

ცხადია, რეალისტურია, თუმცა არა საკმარისი, რადგან ხარისხთან ერთად საჭიროა კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, რაც ეხება ბრენდინგს, ლოჯისტიკას, მარკეტინგულ აქტივობებს და სხვა. ეს იძლევა წარმატების ზრდის შესაძლებლობას, თუმცა საბოლოო წარმატების მისაღწევად საჭიროა სხვა აქტივობების განხორციელებაც.

ხედავთ თუ არა პოტენციალს, რომ ეს გახდეს ახალი ბაზრების გასაღები?

დიახ, ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ნიშურ ბაზრებზე, გურმანულ რესტორნებში, სპეციალიზებულ ღვინის ბარებსა და ონლაინ ნიშურ პლატფორმებზე დასამკვიდრებლად. კონკურსზე წარმატება შეიძლება გახდეს ახალ პარტნიორებთან დიალოგის დაწყების ძლიერი ბიძგი, განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც ყველაზე მეტად ფასდება ხარისხი და უნიკალურობა.

რა კონკრეტულ როლს ასრულებს ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე და საშუალო მეღვინეების მხარდაჭერაში, რათა მათაც ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ასეთ პრესტიჟულ კონკურსებში და კონკურენტუნარიანები იყვნენ მსოფლიო ბაზარზე?

ღვინის ეროვნული სააგენტო როგორც დიდ მწარმოებლებს, ისე მცირე მარნებს ფინანსურად და ორგანიზაციულად უჭერს მხარს, რათა მათ შეძლონ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე, მათი პროდუქცია იყოს წარმოდგენილი დეგუსტაციებზე, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებზე, რაც მათ უადვილებს ბაზრებთან წვდომას. სააგენტო ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამებს, რათა ღვინის კომპანიებმა, მათ შორის მცირე და საშუალო მარნებმა, შეძლონ ახალი ბაზრების ათვისება და განვითარება.

თქვენი ხედვით, რა არის მთავარი სტრატეგიული მიმართულებები, რომელზეც ქართულმა მეღვინეობამ უნდა გაამახვილოს ყურადღება, რათა მომავალშიც შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი უნიკალური ადგილი გლობალურ ბაზარზე?

ისევ და ისევ ხარისხის სტანდარტების დაცვა, უნიკალური და განსხვავებული გემოების შეთავაზება მომხმარებლისთვის, ბიზნეს უნარ-ჩვევების განვითარება, ახალი საკომუნიკაციო არხების ათვისება, განათლება და ინტელექტუალური კაპიტალის გამოყენება — სწორედ ეს მიმართულებებია საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად.

როგორი უკუკავშირი მიიღეთ როგორც საერთაშორისო ექსპერტებისგან, ისე ქართველი კოლეგებისგან?

საერთაშორისო ექსპერტები და ღვინის პროფესიონალები აფიქსირებენ თავის შთაბეჭდილებებს ქართული ღვინის მიმართ ხარისხზე აქცენტებით. „მართლაც შთამბეჭდავია ის მზარდი ხარისხი და მრავალფეროვნება, რაც დღეს ქართულ ღვინოში, განსაკუთრებით თეთრ არომატულ ღვინოებში შეინიშნება. ასევე თვალსაჩინოა ქარვისფერი ღვინის დახვეწილობა და განვითარება. აღსანიშნავია ქვევრის ღვინოების ჰარმონიული ინტეგრაცია და ტანინი წითელ ღვინოებში, განსაკუთრებით საფერავის შემთხვევაში. მოუთმენლად ველოდები უფრო მეტი უნიკალური ქართული ღვინის დაგემოვნებას” — ეს სიტყვები კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეს, ბრიტანელ ღვინის მაგისტრს, სარა ებოტს ეკუთვნის. მსგავსი შეფასებები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან არის მოტივაციის მიმცემი მწარმოებლებისთვის, იწვევს დიდ ინტერესს მომხმარებლებში და ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლებში.

სამომავლოდ რა როლი ექნება მსგავს კონკურსებს ქართული ღვინის გლობალურ სტრატეგიაში?

კონკურსები პროდუქციის ხარისხის განსაზღვრისა და განვითარების ძლიერი ინსტრუმენტია. ის ხსნის შესაძლებლობებს ახალ ბაზრებზე და სავაჭრო ქსელებზე წვდომისთვის. მსგავსი მაღალი რეპუტაციის მქონე კონკურსები მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო შესაძლებლობაა ქართული ღვინის გლობალური სტრატეგიის განხორციელების გზაზე. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აღნიშნული კონკურსის მხარდამჭერები. კონკურსის მონაწილეებისა და წარდგენილი ღვინოების უპრეცედენტო ზრდა ყოველწლიურად მიანიშნებს, რომ ქართველმა მეწარმეებმა რეალურად დაინახეს მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობა და ორიენტირებულნი არიან, აწარმოონ უმაღლესი ხარისხის ღვინოპროდუქცია, რაზეც მიუთითებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციები ევროპის ბაზრის მიმართულებით.