background
IWSC Wine and Spirits Judging in Georgia 2026 : მსაჯების შეფასება

IWSC Wine and Spirits Judging in Georgia 2026 : მსაჯების შეფასება

საქართველოში IWSC-ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში ჟიურიმ არა მხოლოდ ქართული და სომხური ღვინოები დააგემოვნა, არამედ რეგიონის სპირტიანი სასმელებიც შეაფასა. დეგუსტაციის დასრულების შემდეგ ჩვენ გავესაუბრეთ პანელის წევრებს, რათა გაგვეგო მათი შთაბეჭდილებები კონკურსთან დაკავშირებით.

საქართველოში გამართული IWSC-ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსი, რომელიც გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით ჩატარდა, საქართველოდან და სომხეთიდან თითქმის 400 ნიმუშს მოიცავდა .

ღვინის მსაჯების საერთაშორისო გუნდს ხელმძღვანელობდა ღვინის მაგისტრი სარა ებოტი. მასთან ერთად მუშაობდნენ დიდი ბრიტანეთის წამყვანი ღვინის ექსპერტები: ვილ ჰილი, რებეკა პალმერი, სანი ჰოჯი, ადამ მიხოცკი, დევიდ კერმოდი და ჯოანა ნერანცი. პანელს ასევე შეუერთდნენ ქართველი და სომეხი ადგილობრივი პროფესიონალები. სპირტიანი სასმელების დეგუსტაციას ხელმძღვანელობდა საერთაშორისოდ აღიარებული სომელიე და ღვინის ბაიერი სალვატორე კასტანო.

ჟიურის წევრები ერთხმად აღნიშნავდნენ წლევანდელი კონკურსის მაღალ დონეს. „საქართველოში ყოველთვის გასაოცარია წარმოდგენილი ღვინოების მრავალფეროვნება რომლებიც მუდამ გვაოცებენ “, – გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება ჟიურის წევრმა რებეკა პალმერმა.

თეთრი და ქარვისფერი ღვინოები მაღალი რაოდენობით ოქროსა და ვერცხლის მედლებით გამოირჩეოდნენ. ჟიურის წევრმა სანი ჰოჯმა აღნიშნა: „თეთრი ღვინოები უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენდა. ისინი თანმიმდევრულად უფრო სუფთა და ჰაეროვანი აღმოჩნდა. მომხმარებელთა დიდი ნაწილი ქვევრის ღვინოებისგან ხშირად ელოდება სირთულეს ან უჩვეულო ნოტებს,  მაგრამ ამჯერად თეთრი და ქარვისფერი ღვინოები წარმოგვიდგენდნენ მეღვინეობის ნამდვილ ოსტატობას – ძალიან კარგად აწყობილ და დახვეწილ მაგალითებს ქართული თეთრი ღვინოებისა.“

საქართველოს იშვიათი ჯიშებიც შესანიშნავი იყო . ადგილობრივი სომელიე და ჟიურის წევრი დარია ხოლოდილინა ასახელებს ორ ღვინოს იშვიათი ჯიშების სერიიდან, როგორც თავის უსაყვარლეს ნიმუშებს მთელი დეგუსტაციის განმავლობაში: „ზოგადად, იშვიათი ჯიშების სერიები ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო , განსაკუთრებით სწავლების თვალსაზრისით – ჩვენ გვქონდა დისკუსიები იმაზე, რა იყო ჯიშისთვის დამახასიათებელი, რა ეკუთვნოდა სტილს და სად გადიოდა საზღვარი ერთსა და მეორეს შორის.

რებეკა პალმერი და დევიდ კერმოდი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ საფერავის ნიმუშები გამოირჩეოდა სირთულით. ჯოანა ნერანციმ აღნიშნა:  „საფერავის მუხაში დაძველებული ვერსიები განსაკუთრებით საინტერესო იყო – ზოგი ღვინო ინარჩუნებდა ტრადიციულ ქართულ მეღვინეობის სტილს, ზოგი კი აშკარად ევროპული მიდგომით იყო შექმნილი.“

სომხურმა ღვინოებმაც მაღალი შედეგი აჩვენეს. დევიდ კერმოდმა გამოარჩია ერთი ჯიშის პოტენციალი: „არენს უზარმაზარი პერსპექტივა აქვს სომხეთისთვის – მთის სიგრილით, აბრეშუმისებრი ტექსტურით. ეს ჯიში სომხეთს ნამდვილ უნიკალურ უპირატესობას ანიჭებს გლობალურ ბაზარზე, სადაც დომინირებს ერთი და იგივე საერთაშორისო ჯიშები.“

სპირტიანი სასმელების შეფასებისას ქართულმა ბრენდმა და ჭაჭამ მოიპოვა ოქროს მედლების დიდი რაოდენობა. სალვატორე კასტანომ აღნიშნა, რომ ქართული ბრენდი ყოველ წელს აშკარად უმჯობესდება. ვილ ჰილისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა პანელისას გამართული დისკუსიები სპირტიანი სასმელების შეფასებისას.

საერთო ჯამში, 2026 წელი კიდევ ერთხელ გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა. ნიმუშების ხარისხი სრულად აისახა მიღებულ მედლებშიც.