IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. საქართველოს უნიკალური ღვინოების გარდა, წელს პირველად IWSC-ს საერთაშორისო კონკურსს სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება.
IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას უხელმძღვანელებს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი. ღვინის დანარჩენი მსაჯების, ისევე, როგორც სპირტიანი სასმელების ჟიურის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მსაჯთა გუნდს შეუერთდებიან ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივი სპეციალისტები. „საქართველოში ჩვენი წინა ვიზიტებისას, ჩვენმა საერთაშორისო მსაჯთა გუნდმა აღმოაჩინა არა მხოლოდ ქვეყნის მდიდარი ღვინის მემკვიდრეობა, არამედ – მისი დაყენების ავთენტური კულტურაც. ჭაჭიდან დაწყებული, ქართული კონიაკით დამთავრებული, ქართული ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნება ნამდვილად იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას.
ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ წელს ჩვენი გლობალური შეჯიბრი საქართველოში მოიცავს როგორც ღვინოს, ასევე სპირტიან სასმელებს და მოუთმენლად ველით ამ გამორჩეული ღონისძიების ჩატარებას თქვენს მშვენიერ ქვეყანაში,” – აცხადებს IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი, კრისტელ გიბერი. “IWSC Wine Judging in Georgia-მ საქართველოსა და რეგიონის ღვინის მწარმოებლების კალენდარში მყარად დაიმკვიდრა ადგილი. წლიდან წლამდე იზრდება არა მხოლოდ მონაწილეთა, არამედ – გამარჯვებულთა რაოდენობაც, რაც ნათლად მიუთითებს გლობალურ ბაზრებზე ჩვენი ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე.
წელს განსაკუთრებული კონკურსი გველის, რადგან ჩვენი ავთენტური სპირტიანი სასმელებით, და უპირველეს ყოვლისა, ჭაჭით წარვსდგებით საერთაშორისო ჟიურის წინაშე,” – ამბობს გურჯაანის ღვინის ფესტივალის პრეზიდენტი, სოსო გალუმაშვილი. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 7 ოქტომბერს გაიხსნება.
ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე.