ინტერვიუ IWSC-ის ჟიურის წევრთან, უფროს სომელიესთან ჯაბა ძიმისტარიშვილთან.
რატომ არის IWSC-ის კონკურსი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის? მაშინ, როდესაც საქართველოში ღვინისა და სპირტიანი სასმელების არაერთი კონკურსი ტარდება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რა გამოარჩევს IWSC-ს და რა დამატებით ღირებულებას ქმნის ის?
პირველ რიგში, კონკურსზე საუბრისას აუცილებელია მისი ისტორიისა და წარმომავლობის განხილვა – საიდან დაიწყო, რა გზა განვლო და როგორ ჩამოყალიბდა იქ, სადაც დღეს არის. IWSC-ს უკვე 50-წელზე მეტი გამოცდილება აქვს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და სტაბილურ კონკურსად აქცევს. შეუძლებელია, ვინც ამ სფეროში ერკვევა, არ დაეთანხმოს, რომ ასეთი ხანგრძლივი და ავტორიტეტული გამოცდილების მქონე კონკურსი ძალიან იშვიათია. სწორედ ამ მიზეზით, IWSC მყარად ჩამოყალიბებული სტრუქტურისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების მატარებელია.
IWSC-ის გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ მონაწილე მხოლოდ ქულას არ იღებს – მას ეძლევა დეტალური, პროფესიული უკუკავშირიც. ჟიურის ხუთივე წევრი ერთ მთლიან გუნდად აფასებს თითოეულ ღვინოს: განიხილება არომატი, ფერი, გემო, სტრუქტურა და სხვა კომპონენტები. მათი შეფასებები და რეკომენდაციები მეღვინეებს ეხმარება, არა მხოლოდ შედეგის მიღებაში, არამედ პროდუქტის გაუმჯობესებაში.
გარდა ამისა, IWSC-ის ჯილდოს ბაზარზე კომერციული გავლენა აქვს. მრავალი მეღვინე აღნიშნავს, რომ მომხმარებელს, განსაკუთრებით უცხო ბაზრებზე, გადაწყვეტილების მიღება ხშირად სწორედ IWSC-ის სტიკერზე დაყრდნობით უწევს – ის მათთვის ხარისხის გარანტიაა. შესაბამისად, IWSC ღვინოს დამატებით სანდოობასა ანიჭებს, განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ღვინის სფეროში შეიძლება პროფესიონალურად არ იყოს გათვითცნობიერებული, მაგრამ ენდობა ავტორიტეტულ საერთაშორისო სისტემას. ეს კი ხელს უწყობს როგორც გაყიდვების წახალისებას, ისე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, რაც დღემდე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
წელს IWSC საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება. რატომ მოიპოვა საქართველომ ასეთი საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობის პატივი?
უპირველესად იმიტომ, რომ ღვინის სამშობლოდ აღიარებული ქვეყანა ვართ. ეს ფაქტი გლობალურად ცნობილია, და ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ყველაზე გამოცდილ და ავტორიტეტულ კონკურსებს ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეთ სურვილი საქართველოში ჩასვლისა და აქ ღონისძიების ჩატარებისა. ვინც ღვინოს იცნობს და აფასებს, ერთხელ მაინც უნდა ეწვიოს საქართველოს და შეიგრძნოს აქაური კულტურა.
კონკურსის საქართველოში ჩატარება ქვეყნისთვის არა მხოლოდ პრესტიჟის, არამედ განვითარების რეალური მექანიზმია – აქედან გამომდინარე, რაც მეტი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება საქართველოში, მით უფრო გაიზრდება ქართული ღვინის ხედვადობა, სტანდარტები და გლობალური პოზიციონირება. ამას სტატისტიკაც ამტკიცებს: პირველ წელს ქართულმა ღვინოებმა 16 ოქროს მედალი მოიპოვა, მეორე წელს – 18, ხოლო მესამეში უკვე 28. ეს მხოლოდ ოქროს მედლების მონაცემებია და ნათლად ასახავს პროგრესს.
IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 24-28 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.
დარეგისტრირებული ნიმუშების მიწოდება მოხდება 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ღვინის ეროვნულ სააგენტოში (მის: მარშალ გელოვანის გამზირი #6) ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე.
ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia სპონსორია მეღვინეობა „თელიანი ველი“.