background
IWSC 2024 Wine Judging in Georgia: მსაჯების გადაწყვეტილებები 

IWSC 2024 Wine Judging in Georgia: მსაჯების გადაწყვეტილებები 

ჩვენმა საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა საინტერესო კვირა გაატარა კახეთში, საქართველოს უდიდეს მეღვინეობის რეგიონში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით ორგანიზებულ გლობალური ღვინის კონკურსის ფარგლებში.

კონკურსის მსაჯებმა მოინახულეს ღვინის მწარმოებლები კახეთში, როგორც დიდი მეღვინეობები, ასევე მცირე ზომის საოჯახო მარნები. ჟიურიმ 500-ზე მეტი რეგისტრირებული ღვინის ნიმუში დააგემოვნა. გარდა  საქართველოდან შემოსული ღვინოებისა, წელს ჩვენ გვქონდა პატივი, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მიგვეღო ღვინის ნიმუშები.

ჟიურის პანელს ზედამხედველობას უწევდა ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი. სადეგუსტაციო მაგიდასთან მაგისტრს საერთაშორისო ექსპერტების ვარსკვლავური გუნდი შეუერთდა: ქეთ ლომაქსი, ემა პენმანი, ვილ ჰილი, გეორგიოს იორდანიდისი, მელანია ბატისტონი, დეივიდ კერმოდი, ზარა სერობიანი და სალვატორ კასტანო. ჟიურის პანელს ასევე შეუერთდნენ ადგილობრივი ქართველი ღვინის მსაჯები, რომლებმაც თავიანთი ფასდაუდებელი ცოდნა და ხედვა შემოიტანეს რეგიონის შესახებ.

“აღფრთოვანებული ვარ. ეს ჩემი მეორე მოგზაურობაა საქართველოში, პირველად აქ 4-5 წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ ღვინის ხარისხში უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია; კონკურსზე  აბსოლუტურად უმაღლესი ხარისხის ღვინოების დაგემოვნების სიამოვნება მოგვეცა.” – გვიზიარებს ღვინის მაგისტრი ალისტერ კუპერი.

ჟიურიმ გამორჩეილად დააფასა მუხის კასრის ფრთხილად გამოყენება, ისევე როგორც საკონკურსო ქართული ღვინოების  ინდივიდუალობა და შთამბეჭდავად გამორჩეული რეგიონალური ხასიათი. ეს უნიკალური მახასიათებლები მართლაც ბრწყინავდნენ ქართული ქვევრის ღვინოებში, მათ შესანიშნავი შედეგები აჩვენეს:

ტრადიციული მეთოდით დაყენებული ქარვისფერი ღვინო 9 ოქროსა და კიდევ მრავალი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალით დაჯილდოვდა.

“საუკეთესოდ შეფასებული მრავალი ღვინო იყო ქარვისფერი – ჩვენ აღმოვაჩინეთ არაერთი შესანიშნავი ნიმუში, რომელთა დაგემოვნებაც ფრიად სასიამოვნო იყო. მათ შორის, საუკეთესოებმა მიიღეს ოქროს მედლები, ეს განაპირობა მათმა ცინცხალმა მჟავიანობამ, განსაკუთრებულმა სურნელებამ, დახვეწილმა გემომ და არა მშრალმა სხეულმა,” – განაცხადეს მსაჯებმა.

ჩვენი ექსპერტების თქმით, ქისი და რქაწითელი ყურძნის ის ჯიშებია, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ავლენენ თავს ქვევრში დაყენების შემთხვევაში. საქართველოში ჩატარებულ კონკურსზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულით შეფასებული ღვინო იყო კახური ქარვისფერი რქაწითელი (კარდანახი 1888, წარაფი). აღნიშნულმა ღვინომ მოიპოვა 97 ქულა და მყარი ოქროს მედალი, მსაჯებმა შეაქეს მისი მდიდარი სურნელი, რომელიც გაჯერებული იყო ტკბილი გამომშრალი გარგარის, ოქროსფერი ქიშმიშის და ახლად გამომცხვარი ნამცხვრის ტონებით. აღიარება მოიპოვა ასევე მისმა ხავერდოვანმა ტექსტურამ ხანგრძლივი დაბოლოებით.

კიდევ ერთი გამორჩეული სახეობა იყო საფერავი, საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელი ყურძნის ჯიში. საფერავმა კარგ შედეგს მიაღწია როგორც ქვევრის, ასევე არა-ქვევრის დაყენების მეთოდის მიხედვით. ჟიურიმ აღნიშნა, რომ როდესაც საქმე ეხება საფერავს, მნიშვნელოვანია ფრთხილად დაწურვა, მზის მიდგომის მართვა და მუხის ფრთხილად გამოყენება. ვენახსა და  მეღვინეობაში სწორი მიდგომით დაყენებული საფერავი იძლევა წვნიან, სხეულიან, კარგად სტრუქტურირებულ ღვინოებს.

“საფერავი დიდებული ჯიშია. ის მალბეკს ჰგავს – ძალიან ხელმისაწვდომია, ბევრი გთავაზობს და ძალიან მეგობრულია მომხმარებლისადმი. საფერავს აქვს ძალიან კარგი დაძველების უნარი – დავაგემოვნეთ რამდენიმე 13 წლის ღვინო, მათ ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს,“- გვიზიარებენ კონკურსის მსაჯები.

საერთო ჯამში, ქართული ღვინოები წლევანდელ კონკურსზე განსაკუთრებულად წარმატებებით წარსდგნენ და ჯამში 280-ზე მეტი მედლით დაჯილდოვდნენ.

რაც შეეხება, კონკურსზე გასინჯულ სომხურ ღვინოებს, ღვინის მსაჯებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაიოცძორის რეგიონის არენმა კარგად გამოავლინა თავი. არენის ღვინოებმა ცხრა ძლიერი მედალი მოიპოვეს.

”ყველაზე წარმატებულმა ღვინოებმა საშუალება მისცეს ყურძნის ხასიათის გამობრწყინებას (წითელი ალუბლის ნოტები). იყო მწიფე და დაბალანსებული მჟავიანობა. ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე ღვინო, სადაც მუხა ძალიან მძიმედ იგრძნობოდა, ამიტომ მწარმოებლებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტი, როდესაც მეღვინეობაში გადაწყვეტილებებს იღებენ,“ – განაცხადეს კონკურსის მსაჯებმა.

ჟიურის თქმით, სხვა გამორჩეული სომხური ჯიშები იყო ახტანაკი და ნრნენი. საერთო ჯამში, სომხურმა ღვინოებმა 20-ზე მეტი მედალი მიიღეს, ამ ქვეყნიდან შემოსული ნიმუშების თითქმის ნახევარი დაჯილდოვებულია. IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს კონკურსის სრული შედეგები ორშაბათს, 4 დეკემბერს გახდება ცნობილი.