background
ღვინის სამყარო აქტიურად ეძებს ავთენტურობას, უნიკალურობას და ისტორიას — თქვენ კი ეს სამივე გამორჩეულად გაქვთ

ღვინის სამყარო აქტიურად ეძებს ავთენტურობას, უნიკალურობას და ისტორიას — თქვენ კი ეს სამივე გამორჩეულად გაქვთ

ინტერვიუ უფროს სომელიესთან, IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის წევრთან ჯოანა ნერანცთან.

ინტერვიუში ჯოანა საუბრობს საკუთარი კარიერის შესახებ, ქართული ღვინის პოტენციალზე და იმ რჩევებზე, რომლებიც ქართველ მწარმოებლებს გლობალურ ბაზარზე წარმატების მოპოვებაში შეუწყობს ხელს.

ჯოანა, თქვენ შთაგონებული იყავით, რომ გამხდარიყავით სომელიე მას შემდეგ, რაც 2019 წელს ნახეთ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს კონკურსი, და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გახდით 2025 წლის დიდი ბრიტანეთის,  წლის სომელიეს მეორე ადგილოსანი. ახლა პირველად მოდიხართ საქართველოში IWSC-ის ჟიურის წევრად. როგორია თქვენი მოგზაურობის ამ ეტაპამდე მიღწევის შეგრძნება და რა გახარებთ ყველაზე მეტად ქართული ღვინოების შეფასებისას?

გულწრფელად რომ ვთქვა, ცოტა არარეალურად მეჩვენება ყოველივე ეს. რაღაც ექვსი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატს შორიდან ვუყურებდი, შთაგონებული ვიყავი, მაგრამ ვერასოდეს წარმომიდგენია, რომ ასე მალე თავად აქ აღმოვჩნდებოდი. ბრიტანეთის ფინალამდე მისვლა დიდი მიღწევა იყო, თუმცა ამ დონის კონკურსზე ჟიურის წევრად მოწვევა უკვე სრულიად სხვა ხარისხის საქმეა. უსაზღვროდ მადლიერი ვარ და მართლაც აღფრთოვანებული საქართველოში მოგზაურობით. განსაკუთრებით ველოდები იმ ღვინოების დაგემოვნებას, რომლებსაც სხვაგან საერთოდ ვერ შეხვდები — უპირველეს ყოვლისა, “დიდ წითლებს”, როგორიცაა საფერავი. ასევე ძალიან მაინტერესებს საქართველოს ცნობილი ქვევრის ღვინოები. უფრო მეტიც, მინდა პირადად შევიგრძნო, თუ როგორ არის ღვინო აქ არამხოლოდ სასმელი, არამედ კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილი. საქართველოში ყოფნა ჩემთვის ნამდვილი პატივია.

თქვენ გიმუშავიათ დიდ ბრიტანეთში ღვინის ყველაზე კონკურენტულ ბაზრებზე და წამყვან დაწესებულებებში. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, რა თვისებები ან მახასიათებლები ეხმარება ღვინოს, რომ საერთაშორისო სომელიეებს, მყიდველებსა და მომხმარებლებს შორის გამორჩეულად გამოიყურებოდეს?

დიდი ბრიტანეთის კონკურენტულ და მოთხოვნად ღვინის ბაზარზე მუშაობისას პირდაპირ დავინახე, რა ხდის ღვინის ბოთლს მართლაც გამორჩეულს სომელიეების, მყიდველებისა და დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებლების თვალში. ეს ბევრად სცილდება ცნობილ სახელს თუ მაღალ ფასს.

უპირველეს ყოვლისა — ხარისხი. ღვინო უნდა იყოს უნაკლოდ დაყენებული და მართლაც გემრიელი. მხოლოდ ასე შეუძლია მას, შექმნას დაუვიწყარი გამოცდილება და აიძულოს ადამიანი, კვლავ დაუბრუნდეს სწორედ ამ ბოთლს.

გარდა ამისა, ღვინოები, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან, ძლიერი იდენტობით, უკვე დამკვიდრებული რეგიონების შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებთ განსაკუთრებულ რეგიონულ თავისებურებაზე — ღვინო უნდა იყოს კლასიკური და ნათელი გამოხატულება თავისი წარმომავლობისა.

ახალი რეგიონების შემთხვევაში კი ვეძებთ იმათ, ვინც ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან ქმნიან მაღალი ხარისხის ღვინოებს — პროდუქტს, რომელიც თავისი ტერუარის ნამდვილი ამბასადორია. საბოლოო ჯამში, ვეძებთ ღვინოს, რომელსაც პიროვნება აქვს. ეს კი ხშირად მწარმოებელზეა დამოკიდებული.

IWSC აძლევს შესაძლებლობას მწარმოებლებს არა მხოლოდ მედლები მოიპოვონ, არამედ მათი ღვინო შეფასდეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ღვინის პროფესიონალების მიერ. თქვენი აზრით, რა განსაკუთრებული სარგებელი შეუძლიათ ქართულ ღვინის მწარმოებლებს მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობით ამ წელს?

IWSC-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, რაც დიდწილად განპირობებულია მისი ჟიურის მაღალი კვალიფიკაციით. კონკურსში მონაწილეობენ ღვინის მაგისტრები, უფროსი სომელიეები, მსხვილი სავაჭრო ბაიერები და ღვინის იმპორტიორები.  სომელიეების ჩართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უშუალოდ მომხმარებლებთან მუშაობენ და ზუსტად გრძნობენ რა მოსწონთ მათ.

ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის მონაწილეობა საშუალებას იძლევა, მიიღონ უშუალო, მრავალმხრივი უკუკავშირი ბრიტანეთის ბაზრიდან, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და გავლენიანი ღვინის ცენტრია ევროპაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ მათი ღვინოები წარმოდგენილი და შეფასებული იყოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მიერ, რაც დაეხმარება მათ გააანალიზონ, შეძლებს თუ არა მათი სტილი გამორჩეულად გამოიყურებოდეს საერთაშორისო, ძლიერ კონკურენტულ ბაზარზე.

შედეგები პასუხს გასცემს მნიშვნელოვან კითხვებს: სად უნდა განვათავსოთ ჩვენი ღვინოები? რომელი მაღაზიები ან პლატფორმები დაგვეხმარება ღვინოების უკეთ წარმოჩენასა და გაყიდვების გაზრდაში? როგორ ვასწავლოთ პროფესიონალებს და განვანათლოთ მომხმარებლები ჩვენი უნიკალური ვაზის ჯიშებისა და იდენტობის შესახებ?

როგორც ადამიანი, რომელმაც კარიერა ნაბიჯნაბიჯ შექმნა და ინდუსტრიაში საუკეთესოებისგან ისწავლა, რა რჩევას მისცემდით ამბიციურ ქართულ ღვინის მწარმოებლებს, რომლებსაც სურთ, რომ მათი ღვინოები გლობალურ სცენაზე შეფასდეს და აღიარებული იყოს?

ეს კითხვა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უზარმაზარ პოტენციალს ვხედავ. ჩემი კარიერა საფუძვლიდან ავაშენე — ვუსმენდი, ვაგემოვნებდი და ვსწავლობდი, ამიტომ ჩემი რჩევა არ არის ტენდენციების მიყოლაზე, არამედ იმაზე, რომ შექმნათ რაღაც, რაც მყარად დარჩება.

შეისწავლეთ თქვენი იდენტობა. თქვენი უნიკალურობა არის თქვენი ყველაზე ძლიერი იარაღი. იყავით უტყუარად ქართველი და გამოიყენეთ თქვენი რეგიონული თავისებურება გამორჩევისთვის. ეს იდენტობა უნდა ჩანდეს ყველაფერში, რასაც აკეთებთ. შექმენით მკაფიო პროფილი თქვენი ღვინის დამზადების სტილის გარშემო და დარწმუნდით, რომ ბრენდინგი სუფთა, გამორჩეული და დასამახსოვრებელია.

აირჩიეთ ადამიანები გონივრულად. ღვინო მთლიანად ადამიანებზეა. ისეთი ბაზრისთვის, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, თქვენი იმპორტიორი თქვენი ღვინის კომპანიის გაგრძელებაა და ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროდუქტი. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ დისტრიბუტორით — მოძებნეთ ნამდვილი პარტნიორი. ეძებეთ კომპანიები და ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად ესმით და უყვართ თქვენი ღვინოები, რადგან მათი გატაცება ხდება თქვენი ხმა. შექმენით ეს ურთიერთობები პირადად — ეწვიეთ ძირითად ბაზრებს, დააგემოვნებინეთ თქვენი ღვინოები და დაუკავშირდით იმ ადამიანებს, ვინც მხარს დაგიჭერთ.

იმუშავეთ ერთად. გლობალური სცენა გადატვირთულია, ამიტომ გააძლიერეთ თქვენი მესიჯი თანამშრომლობით. მხარი დაუჭირეთ „Wines of Georgia”-ს ინიციატივებს, დეგუსტაციებსა და ტრენინგებს, როცა მხოლოდ შეგიძლიათ. თქვენი რეგიონის გლობალური ცნობადობის გაძლიერება შესაძლებლობებსა და აღიარებას ქმნის ყველასთვის.

ბოლოს, რა მესიჯი გსურთ მიაწოდოთ პირდაპირ ქართული ღვინის მწარმოებლებს თქვენი პირველი IWSC- ჟიურის გამოცდილების წინრატომ უნდა გაბედონ და წარმოადგინონ თავიანთი ღვინოები კონკურსში?

ჩემი გზავნილი ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის:

„ეს თქვენი დროა. ღვინის სამყარო აქტიურად ეძებს ავთენტურობას, უნიკალურობას და ისტორიას — თქვენ კი ეს სამივე გამორჩეულად გაქვთ. საქართველო მხოლოდ ღვინის ისტორიით გამორჩეული ქვეყანა არ არის; ეს ცოცხალი და ხილული მტკიცებულებაა მიწასა და ღვინოს შორის ღრმა კავშირის. თქვენი ადგილობრივი ვაზის ჯიშები და უძველესი ტრადიციები, როგორიცაა ქვევრში დუღილი, წარმოადგენს უნიკალურ და ძლიერ გამოხატულებას ადგილწარმოშობისა, რომლის სრულად დაფასებასაც დანარჩენი მსოფლიო ახლა იწყებს.”