background
დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ქართული ღვინოები ყოველწლიურად უფრო მეტ სტაბილურობას, შინაარსსა და საერთაშორისო აღიარებას იძენს – კრისტელ გიბერი

დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ქართული ღვინოები ყოველწლიურად უფრო მეტ სტაბილურობას, შინაარსსა და საერთაშორისო აღიარებას იძენს – კრისტელ გიბერი

ინტერვიუ IWSC-ის აღმასრულებელ დირექტორთან კრისტელ გიბერთან.

შეგიძლიათ მოკლედ შეაჯამოთ, რა იყო IWSC-ის სამწლიანი საქმიანობის მთავარი მიღწევა საქართველოში?

ბოლო სამი წლის მანძილზე IWSC-მ საქართველოში თავი მოუყარა 25-ზე მეტ გავლენიან ღვინის პროფესიონალს – იმპორტიორებს, ბაიერებს, სომელიეებსა და ჟურნალისტებს. ეს მრავალფეროვანი ჯგუფი უშუალოდ გაეცნო ქართულ ღვინოს, კულტურას, ადგილობრივ უნიკალურ ჯიშებსა და მეღვინეობის განსაკუთრებულ ტრადიციებს. მას შემდეგ, მათი უმრავლესობა ქართული ღვინის ნამდვილ ამბასადორად იქცა დიდ ბრიტანეთში.

დეგუსტაციის მიღმა, ჩვენმა თანამშრომლობამ არსებითი როლი ითამაშა ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაში. IWSC-ის მედალოსანი ღვინოები წარმოდგენილი იყო ისეთ მსხვილ პროფესიულ ღონისძიებებზე, როგორიცაა London Wine Fair და UK Sommelier of the Year, რის წყალობითაც საქართველოს საუკეთესო ღვინოები გავლენიანი ბაიერების და სტუმართმასპინძლობის სფეროს ლიდერების თვალსაწიერში მოექცა.

IWSC-ის მსაჯების, პარტნიორების და 90-ზე მეტ ქვეყანაში საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით საქართველოს ავთენტური და საინტერესო ღვინის ისტორიასთან შერწყმით, მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ქართული ღვინის საერთაშორისო იმიჯი. ახლა, მეოთხე წელს მეღვინეებს მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, წარუდგინონ საკუთარი ღვინო მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს და შეუერთდნენ იმ მოძრაობას, რომელიც აგრძელებს ქართული ღვინის ადგილის გამოკვეთას მსოფლიო რუკაზე.

თქვენი აზრით, რა გავლენა იქონია ამ სამმა წელმა და ლონდონის ორ მთავარ ღონისძიებაზე – London Wine Fair-სა და Sommelier of the Year-ზე დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ცნობადობაზე? რეალურად იგრძნობა თუ არა ინტერესისა და ცნობიერების ზრდა?

ბოლო სამი წლის განმავლობაში აშკარად იკითხება მზარდი ინტერესი ქართული ღვინის მიმართ – როგორც ბრიტანულ სავაჭრო სფეროში, ისე სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში. IWSC-ის სადეგუსტაციო ღონისძიებამ მოპოვებულმა ყურადღებამ და ლონდონის ისეთმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა, როგორიცაა London Wine Fair და UK Sommelier of the Year, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პროცესში.

IWSC-ის მედალოსანი ქართული ღვინოების პრესტიჟულ ღონისძიებებზე წარდგენამ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე განსახილველ ახალი ღვინის რეგიონად აქცია. სომელიეებმა, ბაიერებმა და ღვინის სფეროს პროფესიონალებმა, რომლებმაც ღონისძიებებზე ქართული ღვინოები დააგემოვნეს, გულწრფელი ინტერესი და აღფრთოვანება გამოხატეს. უფრო მეტიც, მათი დიდი ნაწილი უკვე ქართულ ღვინოს სთავაზობს საკუთარ ასორტიმენტში, სიებსა თუ საგანმანათლებლო პროგრამებში.

კონკურსმა არა მხოლოდ ცნობადობა გაზარდა, არამედ აღქმაც შეცვალა – ქართული ღვინო აღარ განიხილება როგორც ეგზოტიკური, ნიშური პროდუქტი, არამედ როგორც სერიოზული, ხარისხზე ორიენტირებული ღვინო, რომელიც იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას. ეს მზარდი აღიარება იმაშიც ვლინდება, რომ სულ უფრო მეტი პროფესიონალი, როგორც მედიიდან, ისე სავაჭრო სფეროდან ამყარებს კავშირებს ქართველ მწარმოებლებთან. გარდა ამისა, ბრიტანულ სავაჭრო და საცალო გაყიდვების სექტორში საქართველოს წილი თანდათან იზრდება.

როგორ შეადარებდით საქართველოში IWSC-ის გამართულ პირველ კონკურსს უახლესს? რა გაუმჯობესდა, რა განვითარდა ან რამ გაგაოცათ ყველაზე მეტად ამ გზაზე?

ყოველი წელი, როცა IWSC-ი საქართველოში ტარდება, ახალ აღმოჩენებს უკავშირდება. კონკურსის თითოეულმა წელმა ჩვენ და ჟიურის წევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაგვამოგზაურა – დაწყებული იმ ზონებით, რომლებმაც უკვე დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილი, დამთავრებული რეგიონებით, რომლებიც ჯერ კიდევ ახლა იძენენ საერთაშორისო ცნობადობას. ამ მოგზაურობებმა მოგვცა საშუალება, წარმოდგენა შეგვქმნოდა ქართული ღვინის წარმოუდგენელ მრავალფეროვნებაზე. ასეთი მიდგომა ქართულ ღვინოს წარმოადგენს ბევრად უფრო ღრმას და მრავალგანზომილებიანს.

ბოლო სამი წლის მანძილზე განსაკუთრებული სიამოვნება იყო ჩვენი დაკვირვება იმ მწარმოებლებზე, რომლებიც კონკურსში წლიდან წლამდე მონაწილეობენ, და ვნახეთ, როგორ ვითარდება მათი ღვინოები. ეს თანმიმდევრულობა გამოკვეთს არა მხოლოდ იმათ, ვინც მუდმივად მაღალ დონეზე მუშაობს, არამედ ასახავს ინდუსტრიის ზრდას, ხარისხის, სტილისა და თავდაჯერებულობის თვალსაზრისით. ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნოა ნაცნობი ადამიანების კვლავ ხილვა, ახალი მოსავლის დაგემოვნება და აქამდე უცნობი მონაწილეების აღმოჩენა.

ყველაზე თვალსაჩინო მაინც ის პროგრესია, რომელიც დავინახეთ როგორც მეღვინეობის პრაქტიკაში, ისე საერთაშორისო სტანდარტების დაცვაში. სწავლებისა და გამოცდილების ეს პროცესი ორივე მხარისათვის ნამდვილად საოცარი შესაძლებლობაა. დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ქართული ღვინოები ყოველწლიურად უფრო მეტ სტაბილურობას, შინაარსსა და საერთაშორისო აღიარებას იძენს.

წელს IWSC აჭარას ეწვევა და დასავლეთ საქართველოს ღვინოებს გაეცნობა. რა მოლოდინები გაქვთ და რეგიონის რა უნიკალური თვისებების აღმოჩენა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

განსაკუთრებულად საინტერესოა აჭარაში მოგზაურობის და დასავლეთ საქართველოს შესწავლის პერსპექტივა, რადგან ჯერ კიდევ ნაკლებად ნაცნობი რეგიონია ჩვენი საერთაშორისო ჟიურის ბევრი წევრისთვის. თითოეულმა აქამდე ნანახმა რეგიონმა საქართველოს მეღვინეობის იდენტობის განსხვავებული ასპექტი დაგვანახა. დარწმუნებულები ვართ, რომ აჭარა ამ ისტორიას კიდევ ერთ ახალ განზომილებას შემატებს.

განსაკუთრებით გვინტერესებს, როგორ მოქმედებს ზღვასთან სიახლოვე და უნიკალური ტერუარი ღვინოებზე, და როგორ ვლინდება ადგილობრივი ჯიშებისა და ტრადიციული ტექნიკების თავისებურება ამ მხარეში. დასავლეთ საქართველო ცნობილია უფრო მსუბუქი, ახალი სტილის ღვინოებით და მოუთმენლად ველით ამ სტილის, ბუნებისა და კულტურის ერთმანეთთან შერწყმას.

ღვინის მიღმა, ასეთი ვიზიტები ყოველთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა კულტურის გაზიარებისთვის, შეგვიძლია შევხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ღვინოებს ქმნიან, მოვუსმინოთ მათ ისტორიებს და უკეთ გავიგოთ, როგორ თანაარსებობს ტრადიცია და ინოვაცია ქართულ მეღვინეობაში. ყოველი ახალი რეგიონი კიდევ უფრო ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას საქართველოს მრავალფეროვნებაზე, და დარწმუნებულები ვართ, აჭარაც კვლავ გააკვირვებს და შთააგონებს ჟიურის წევრებს.

როგორია IWSC Georgia 2026-ის თქვენეული ხედვა და როგორ ფიქრობთ, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს მან არა მხოლოდ ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, არამედ საქართველოს ჩამოყალიბებაში როგორც ღვინისა და სპირტიანი სასმელების ჰაბის?

მოუთმენლად ველით 2026 წლის კონკურსს და გვსურს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილ მყარ საფუძველს დავაშენოთ საქართველოს გაძლიერებული პოზიცია მსოფლიო ღვინისა და სპირტიანი სასმელების რუკაზე. გვინდა, რომ IWSC საქართველოში დარჩეს იმ პლატფორმად, რომელიც არა მხოლოდ ქართულ მეღვინეობაში გამორჩეულ ხარისხსა და ოსტატობას აღნიშნავს, არამედ აძლიერებს ქვეყნის კავშირს საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების საზოგადოებასთან.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომხმარებლებისთვის სპეციალური ქართული ჰაბის შექმნა ჩვენს პლატფორმაზე – Club Oenologique (cluboenologique.com). ეს ონლაინ სივრცე IWSC-ზე საუკეთესო შედეგის მქონე ქართულ ღვინოებს წარმოგვიდგენს იმ მასალებთან ერთად, რომლებიც საქართველოს რეგიონებს, მეღვინეებს და ტრადიციულ ღვინის კულტურას აღწერს. ჩვენი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც როგორც პროფესიონალები, ისე ღვინის მოყვარულები შეძლებენ უფრო ღრმად გაეცნონ ქართულ ღვინოს მის მწარმოებლებს, კულტურას და მრავალფეროვნებას.

მზად ვართ, IWSC-ის შედეგები და ქართული ღვინის ისტორიები გლობალურ აუდიტორიამდე ღვინის მოყვარულებამდე, მყიდველებამდე და ინდუსტრიის ლიდერებამდე მივიტანოთ. ამ გზით გვსურს გავაძლიეროთ საქართველოს იდენტობა არა მხოლოდ როგორც გამორჩეული ღვინოების მწარმოებლის, არამედ როგორც ინოვაციის, ხარისხისა და ავთენტურობის ცენტრის – ღვინისა და სპირტიანი სასმელების სამყაროში.