background
ადამ მიხოცკი: ეს კონკურსი უდიდესი შესაძლებლობაა მცირე მეღვინეებისთვის

ადამ მიხოცკი: ეს კონკურსი უდიდესი შესაძლებლობაა მცირე მეღვინეებისთვის

ინტერვიუ პოლონური კომპანია Central Wines-ის დირექტორთან ადამ მიხოცკთან.

ადამ, თქვენი მოგზაურობა ღვინის სამყაროში ახალი და განვითარებადი რეგიონების აღმოჩენით დაიწყო. ახლა პირველად ჩამოდიხართ საქართველოში IWSC-ის ჟიურის წევრად. რა მოლოდინები გაქვთ?

ჩემი პროფესიული გამოცდილება ღვინის სფეროში ძირითადად კლასიკურ რეგიონებს ეფუძნება. ლონდონში სომელიედ მუშაობისას ყოველდღიურად მქონდა კონტაქტი ძველ ბორდოებთან, ბურგუნდიასთან და შამპანურებთან. თუმცა დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ ასეთი რუტინა თანდათან კარგავს მიმზიდველობას. სწორედ ამან მიბიძგა, სტუმრებს გავაცნო ნაკლებად ცნობილი ჯიშები, რეგიონები და ქვეყნები. მათი რეაქცია განსაკუთრებით დადებითი იყო – ისინი აღფრთოვანებას არ მალავდნენ ახალი და განსხვავებული გემოების აღმოჩენისას.

საქართველოში ჩამოსვლა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ხოლო IWSC-ის ჟიურიში მონაწილეობა უდიდესი პატივია. ყველაზე მეტად მაინტერესებს, როგორ ერწყმის ქართული ტრადიციული მეღვინეობა თანამედროვე მიდგომებს. სწორედ ამ საკითხს ჩავუღრმავდები ვიზიტისას.

თქვენ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ხართ ნაკლებად ცნობილი და უნიკალური ღვინოების წარმოჩენით. თქვენი აზრით, როგორ შეუძლია ქართულ ღვინოებს – თავისი უძველესი ისტორიითა და მრავალფეროვნებით – მიიპყროს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება?

ქართული ღვინოებისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება. უპირველეს ყოვლისა, ამას განაპირობებს მათი უძველესი მემკვიდრეობა – 8000-წლიანი ტრადიცია. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია: ქართული ღვინოები შესანიშნავად ერგებიან თანამედროვე ტრენდებს, ეს კომბინაცია აძლევს მათ უნიკალურ შანსს, რომ დააინტერესონ ღვინის მოყვარულები მსოფლიოს მასშტაბით.

რატომ თვლით, რომ ქართველი მეღვინეებისთვის – განსაკუთრებით მცირე და ნაკლებად ცნობილი მწარმოებლებისთვის – მნიშვნელოვანია IWSC-ზე მონაწილეობა?

როდესაც Central Wines-ს ვიწყებდი, IWSC-ის მედალოსან ღვინოებს მთავარ საზომად ვიყენებდი, მხოლოდ საუკეთესო მწარმოებლებს ვარჩევდი საკუთარი პორტფოლიოსთვის. ეს კონკურსი უდიდესი შესაძლებლობაა მცირე მეღვინეებისთვის.

და ბოლოს, რას ეტყოდით ქართველ მეღვინეებს – რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა წლევანდელ IWSC-ზე ?

თუ გსურთ, რომ მსოფლიომ გაიცნოს თქვენი ღვინოები, არ გადადოთ – დარეგისტრირდით დღესვე. მოუთმენლად ველი თქვენი ნიმუშების დაგემოვნებას. სად უნდა გადავაწყდე თქვენს ღვინოებს თუ არა IWSC-ზე?