ინტერვიუ The Pig Hotel-ის უფროს სომელესთან ლუკ ჰარბორთან.
ლუკ, თქვენი თავგადასავალი ღვინის ინდუსტრიაში ათი წლის წინ რესტორნის სამზარეულოში დაიწყო. რა გავლენა იქონია კულინარიის სფეროში გამოცდილებამ თქვენს შეხედულებებსა და ასევე ღვინისა და საკვების სინერგიაზე?
რა თქმა უნდა, კულინარიულმა გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს შეხედულებებზე. ვისწავლე მეტი ღვინოების განსხვავებულ გემოებზე, ჯიშებსა და, ზოგადად, რას ნიშნავს საკვები და სასმელი ადამიანებისთვის. საკვები და ღვინო, ჩემთვის, წარმოადგენს ცხოვრების ნაწილს – მის პირველყოფილ და გასტრონომიულ ასპექტებს. ღვინოს ყოველთვის განვიხილავ კულტურულ და გეოგრაფიულ კონტექსტებში.
როგორც ღვინის მაგისტრატურის ამჟამინდელი სტუდენტი, რა არის ყველაზე საინტერესო ცხოვრების ამ გზაზე და რა როლი გაქვთ, როგორც IWSC-ის ჟიურის წევრს?
ღვინის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტობა საოცარი გამოწვევაა ჩემთვის. პროგრამის პირველი ეტაპის დახურვის შემდეგ დროებით შევაჩერე სწავლა. ჩემი მიზანი გავხდე ღვინის მაგისტრი უცვლელად რჩება, ეს დროებითი პაუზა კი საშუალებას მაძლევს დავფიქრდე უკვე მიღებულ გამოცდილებაზე.
თქვენი გამოცდილებისა და განათლების გათვალისწინებით ღვინის სფეროში, რა უნიკალური თვისებების ან მახასიათებლების აღმოჩენას ელოდებით ქართული ღვინოებიდან IWSC Wine Judging-ზე?
მოუთმენლად ველი ქართული ღვინის უნიკალური თვისებებისა და მახასიათებლების აღმოჩენას IWSC Wine Judging-ზე. ყველაზე მეტად ეტიკეტებს მიღმა არსებული ისტორიების მოსმენა, ადგილობრივ ქართულ ვაზის ჯიშებზე დაკვირვება და ქვევრის ტექნიკით ღვინის დაყენების შესწავლა მსურს. მოუთმენლად ველი, დავინახო თანამედროვე ქართული მეღვინეობის ზოგადი სურათი.
უფროსი სომელიეს პოზიციაზე ყოფნა, გულისხმობს ღვინის ფართო არჩევნის კურირებას. როგორ უზრუნველყობთ მაღალი ხარისხის დაცვასა და მომხმარებლის მოთხოვნილებების ერთდოულად დაკმაყოფილებას?
როდესაც საქმე ღვინის არჩევას ეხება, რამდენიმე მიმართულებით ვფოკუსირდებით, ესენია: ოჯახური და მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, ღვინის ისტორია, მდგრადობის სერთიფიკატები და ღირებულება ფასის მიხედვით. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ურთიეთობების ჩამოყალიბებაზე, დამფუძნებელთა ნდობასა და საერთო ღირებულებებზე. თითოეული ღვინო PIG სასტუმროდან აღიარებულია სომელიეების მხრიდან.
როგორ ხედავთ ქართული და კავკასიური ღვინოების პოზიციონირებას მუდმივად განვითარებად ღვინის გლობალურ ბაზარზე?
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად განვითარებად ღვინის ინდუსტრიაში ახალი ტენდენციების პროგნოზირება რთულია, მე მაინც ჩვენი ღირებულებების ერთგულად დარჩენა მირჩევნია, ვიდრე ტენდენციების ბრმად მიყოლა. ღვინო, რომლის გემოში იგრძნობა მისი უნიკალური ადგილმდებარეობა, ღრმად გააზრებული დაყენების ტექნიკა და მდგრადობისადმი ერთგულება, მომავალში უფრო პოპულარული გახდება.
ქართული და კავკასიური ღვინოები, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გემოს მრავალფეროვნებით შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიო ღვინოებს შორის, რასაც ასევე ხელს უწყობს წარმოშობის ადგილი და მეღვინეობის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო მალე ვერ ვერ მოიპოვებს ისეთ პოპულარობას, როგორიც ახალ ზელანდიური სოვინიონ ბლანს აქვს, ქართული ღვინოები ნამდვილად იმსახურებენ მნიშვნელოვან ადგილს საერთაშორისო ბაზარზე.