background
IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე იქნება

IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე იქნება

გასული კონკურსის მნიშვნელობაზე და ქართველი მეღვინეებისთვის გაჩენილ შესაძლებლობებზე მარიამ გუჯაბიძე, IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი საუბრობს. 

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ შარშანდელი კონკურსის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ მოვლენათა წყება იყო კონკურსის დაანონსებიდან მის დასრულებამდე, თუმცა პირველი შთაბეჭდილება მაინც, რა თქმა უნდა, უშუალოდ დაკავშირებული იყო თვითონ იმ ფაქტთან, რომ ასეთი პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი საქართველოში ჩატარდებოდა.

International Wine & Spirit Competition არის კონკურსი რომელსაც აქვს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია და რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული, შესაბამისად ამ კონკურსის საქართველოში ჩატარება იყო ძალიან დიდი გამარჯვება ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის.

მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ის მაღალი სტანდარტი, რომელთა სრული დაცვით განხორციელდა კონკურსის ყველა ეტაპი IWSC Wine judging in Georgia -ის გუნდის მიერ და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოვყო დარეგისტრირებულ ღვინოთა უპრეცედენტო, რეკორდული რაოდენობა – 152-მა მწარმოებელმა წარმოადგინა 487 ღვინო. ასეთმა ინტერესმა და ჩართულობამ, ერთი მხრივ, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა კონკურსის ჩატარების აუცილებლობაში.

როგორ აღწერთ IWSC კონკურსზე ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის მოპოვების მნიშვნელობას ქართული ღვინის მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციის თვალსაზრისით?

კონკურსის საქართველოში ჩატარებით ქართული ღვინო კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო ღვინის საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. კონკურსის შედეგები გაშუქდა ავტორიტეტულ ღვინის გამოცემებში, კონკურსის შედეგებზე და აღმოჩენილ უნიკალურ ღვინოებზე წერდნენ კონკურსის მსოფლიო დონის, უმაღლესი რანგის პროფესიონალი ჟიურის წევრები. ყოველივე აღნიშნულმა განაპირობა როგორც ცალკეული მედალოსან ღვინოთა პოპულარიზაცია, ასევე, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიო ღვინის რუკაზე კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩინდა.

თქვენი აზრით, როგორ შეუწყო ხელი შარშანდელმა ღონისძიებამ ქართულ მეღვინეობებს საერთაშორისო აღიარებასა და რეპუტაციას მოპოვებას?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა მოეპოვებინათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო მათსავე ქვეყანაში და მოხარულები ვართ, რომ ეს შესაძლებლობა ბევრმა მათგანმა გამოიყენა. რაც შეეხება უშუალოდ გამარჯვებულ ღვინოებს, აქ უნდა გამოვყოთ ორი საკითხი, პირველ რიგში, რეპუტაციული, რომელიც პირდაპირ ბმაშია ღვინის გაყიდვების ზრდასთან. იყო IWSC-ის მედალოსანი, ეს უკვე აპრიორი საუბრობს ღვინის ხარისხზე და გემოვნურ თვისებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ღვინის მწარმოებლების მიერ პოტენციურ პარტნიორებთან თუ ბაიერებთან მოლაპარაკებების წარმოებისას მნიშვნელოვნად გაადვილებულია მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღება თანამშრომლობასთან დაკავშირებით. კონკურსში გამარჯვება ეს არის გასაღები ახალ საექსპორტო ბაზრებზე და რა თქმა უნდა, უდიდესი პრესტიჟი, ამიტომ მედალოსანმა ღვინოებმა მოიპოვეს როგორც საერთაშორისო აღიარება, ასევე, ეს ჯილდო მათ დაეხმარათ საერთაშორისო ბაზარზე ექსპანსიაში.

როგორი გამოხმაურება (feedback) გქონდათ ღვინის ენთუზიასტებისგან გასული წლის კონკურსის შემდეგ?

ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ღვინის სფეროს წარმომადგენლების უკუკავშირი. ამ შემთხვევაში კი მინდა აუცილებლად გამოვყო, კონკურსში მონაწილე იმ მეღვინეების გამოხმაურება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს მედალი, თუმცა მიიღეს უდიდესი გამოცდილება. კონკურსის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმაჩნია, ის ფაქტი, რომ რეალურად ყველა მონაწილე  მოგებული რჩება, ის მონაწილეებიც კი, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, რადგან ინდივიდუალურად მიიღეს ჟიურის წევრების შეფასებები საკონკურსო ღვინოებთან დაკავშირებით. არაერთმა მათგანმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს შეფასებები, რასაც აუცილებლად გაითვალისწინებდნენ სამომავლოდ. ხოლო რაც შეეხება, ჩვენი პარტნიორების – IWSC-ის გუნდის შეფასებას, ის ფაქტი, რომ წელს კონკურსი საქართველოში კვლავაც ჩატარდება, მეტყველებს გასულ წელს ჩატარებული კონკურსის წარმატებაზე.

წლევანდელი კონკურსის მოახლოებასთან ერთად, რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებაზე, როგორც ახალი მეღვინეობების მონაწილეობის, ასევე ინდუსტრიაზე გავლენის კუთხით?

რა თქმა უნდა მოლოდინები არის ძალიან დიდი, როგორც ორგანიზატორების, ასევე მონაწილეების და ზოგადად, ინდუსტრიის მხრიდან. იმისთვის, რომ ნათელი იყოს კონკურსის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობა, მარტივ სტატისტიკას მოვიყვან, ბოლო წლების განმავლობაში IWSC-მა საქართველოდან სულ 56 საკონკურსო ღვინო მიიღო, თუმცა მას შემდეგ რაც, კონკურსი ქვეყნის ფარგლებს შიგნით დაანონსდა, ეს რიცხვი 750%-ით გაიზარდა. ფაქტია, ინტერესიც და კონკურსის გავლენაც ინდუსტრიაზე ძალიან დიდია, წელს კი ჩვენს გუნდი და ჟიურის წევრები ველოდებით კიდევ უფრო მეტ ახალ და საინტერესო მეღვინეობებს და ღვინოებს.

და ბოლოს, რას ურჩევდით მეღვინეებს, რომლებიც მოუთმენლად ელიან წლევანდელ IWSC ღვინის კონკურსს საქართველოში?

აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, რომელიც უფრო მეტია ვიდრე კონკურსი. IWSC  არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელთა მიზანია არამარტო საუკეთესოების დაჯილდოებაა, არამედ აღმოუჩენელ ტალანტების აღმოჩენა, რისი დადასტურებაცაა შარშანდელ მედალოსანთა სია, სადაც გამარჯვებულთა შორის იყო ბევრი პატარა და საშუალო მარანი. ასე, რომ მეღვინეებს აუცილებლად ვურჩევ, რომ მისცენ მათ შემოქმედებას – ღვინოს, იმის შანსი რომ გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსის გამარჯვებული.