background
მედალი უნდა იქცეს არა მხოლოდ ეტიკეტზე გამოსახულ სიმბოლოდ, არამედ ბრენდის სანდოობისა და კონკურენტუნარიანობის განმტკიცების საშუალებად

მედალი უნდა იქცეს არა მხოლოდ ეტიკეტზე გამოსახულ სიმბოლოდ, არამედ ბრენდის სანდოობისა და კონკურენტუნარიანობის განმტკიცების საშუალებად

ინტერვიუ ალექსანდრე მილორავასთან, მეღვინეობა ახმეტელის კომერციული დირექტორი.

რას ნიშნავს IWSC-ზე მიღებული ოქროს მედალი თქვენი მეღვინეობისა და სამომავლო გეგმებისთვის?

IWSC-ზე მიღებული ოქროს მედალი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წარმატებაა. 2026 წელს მეღვინეობა „ახმეტელმა“ კონკურსზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ჩვენი გუნდის შრომისა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომის საერთაშორისო აღიარებაა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს აღიარება მოვიპოვეთ ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე, როგორიც IWSC-ია, სადაც ღვინოს საერთაშორისო დონის ექსპერტები აფასებენ. ეს შედეგი გვაძლევს მეტ თავდაჯერებულობას, აძლიერებს ჩვენი ბრენდის სანდოობას და გვიქმნის დამატებით შესაძლებლობებს საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, ეს წარმატება მხოლოდ მიღწეულ შედეგად არ დარჩეს. გვინდა, საერთაშორისო აღიარება რეალურ ბიზნესშესაძლებლობებად ვაქციოთ, გავაფართოოთ საექსპორტო არეალი და ქართული ღვინო კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ.

რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენი მეღვინეობის განვითარებისა და წინსვლისთვის?

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. მიგვაჩნია, რომ წარმატებული მეღვინეობა მხოლოდ კარგი ღვინის წარმოებას არ ნიშნავს. ეს არის ტრადიციების პატივისცემა, თანამედროვე მიდგომების დანერგვა, მომხმარებლის საჭიროებების გააზრება და მუდმივი განვითარება.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ღვინის სტაბილურ ხარისხს, თითოეული პროდუქტის ინდივიდუალურ ხასიათსა და ქართული მეღვინეობის უნიკალური კულტურის წარმოჩენას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია თანამედროვე საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნების შესწავლა, სწორი ბრენდინგი და ეფექტური კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან.

როგორც ახალგაზრდა მეღვინეობა, რომელიც 2021 წელს დაარსდა, კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას დრო, თანმიმდევრულობა და სწორი სტრატეგია სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საექსპორტო პარტნიორობის გაძლიერება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

გვჯერა, რომ ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები, თანამედროვე ხარისხის სტანდარტებთან ერთად, ქმნის იმ ღირებულებას, რომელიც საერთაშორისო მომხმარებლისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

IWSC-ში მონაწილეობის გამოცდილებით, რას ურჩევდით სხვა ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა და მიღებული შედეგების გამოყენების კუთხით? რა არის მნიშვნელოვანი მედლის მიღების შემდეგ?

პირველ რიგში, ქართველ მეღვინეებს ვურჩევდი, არ მოერიდონ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას. მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ ღვინის ხარისხის საერთაშორისო შეფასების შესაძლებლობაა, არამედ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც გვეხმარება საკუთარი პროდუქტის სწორად აღქმასა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების უკეთ გააზრებაში.

მნიშვნელოვანია, კონკურსისთვის სწორად შეირჩეს ღვინო, ყურადღება მიექცეს მის ხარისხსა და წარდგენის ყველა დეტალს. თუმცა, ჩემი აზრით, მედლის მიღება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და არა საბოლოო მიზანი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ მედლის მიღების შემდეგ იწყება. აუცილებელია მიღებული აღიარების ეფექტურად გამოყენება მარკეტინგში, საერთაშორისო გამოფენებზე, კომერციულ შეთავაზებებსა და პოტენციურ იმპორტიორებთან კომუნიკაციისას. მედალი უნდა იქცეს არა მხოლოდ ეტიკეტზე გამოსახულ სიმბოლოდ, არამედ ბრენდის სანდოობისა და კონკურენტუნარიანობის განმტკიცების საშუალებად.

ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება და მუდმივი გაუმჯობესება. საერთაშორისო აღიარება ზრდის მომხმარებლის მოლოდინებს და მეღვინეობას კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით შეიძლება წარდგეს. მთავარია, გვქონდეს ამბიცია, სწორი სტრატეგია და მზადყოფნა, ჩვენი ქვეყნის ღვინის კულტურა მსოფლიოს გავაცნოთ.