23-28 ნოემბერს ქუთაისი IWSC 2027 Wine & Spirits Judging in Georgia-ს პირველად უმასპინძლებს.
კონკურსს კვლავ უერთდება ჟიურის ბრიტანელი წევრი, ღვინის მწერალი და ჟურნალისტი – დევიდ კერმოდი. ინტერვიუში ის თავის მოლოდინებს გვიზიარებს.
როგორც ღვინის მწერალსა და ჟურნალისტს, წლების განმავლობაში გიწევთ დაკვირვება, თუ როგორ მიეწოდება ღვინის ისტორიები ფართო აუდიტორიას. თქვენი აზრით, რა ხდის ღვინის ისტორიას იმდენად საინტერესოს, რომ მან ღვინის ინდუსტრიის ფარგლებს გარეთაც მიიპყროს ყურადღება?
მხოლოდ მაღალი სტანდარტის, ტრადიციული სტილის გემრიელი ღვინის დაყენება საკმარისი არ არის: საჭიროა რაღაც განსხვავებული, რამაც შეიძლება ყურადღება მიიპყროს და შეინარჩუნოს. საქართველოს პოზიცია ამისთვის შესანიშნავია, რადგან ის ღვინის აკვნადაა აღიარებული, თუმცა გადამწყვეტი მაინც ის არის, თუ როგორ მიეწოდება ეს ამბავი მომხმარებელს. მაგალითად, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ქვევრის ღვინისადმი ინტერესს აღვივებდეს ფრაზა: „ვერასდროს დაიჯერებთ, როგორ მზადდება ეს ღვინო“.
მემკვიდრეობა და წარმოშობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია, მაგრამ ყველაფერი მაინც ამბის თხრობის მანერამდე და ღვინის ავთენტური ხასიათის იმგვარად გადმოცემამდე დადის, რომელიც ყურადღებას იპყრობს და მომხმარებლისთვის გასაგებია. ასე რომ, მასობრივ ბაზართან კავშირის დასამყარებლად სიმარტივე და სიტყვების სწორი შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც კი ყველაფერი რთულდება, რისკავ, რომ ყურადღება დაკარგო.
როდესაც ნაკლებად ცნობილი რეგიონის ღვინოებთან გაქვთ შეხება, რა გიჩენთ სურვილს, რომ ეს რეგიონი უფრო მეტად შეისწავლოთ? რა ხდის ღვინის ისტორიას ავთენტურს?
წარმოშობისა და მემკვიდრეობის მარტივად, თვალსაჩინოდ და ეფექტურად წარმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი მაინც რეალური ავთენტურობაა. ეს გულისხმობს ისტორიის ცენტრში ადამიანებისა და ადგილის დაყენებას და ამით მომხმარებლისთვის იმ განცდის გაჩენას, რომ პროდუქტი თავად უნდა გამოცადო, რათა ეს ამბავი ბოლომდე შეიგრძნო და გაიგო.
საქართველოს ღვინის ისტორიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი უკავია. როგორ შეუძლიათ მწარმოებლებს გასცდნენ უძველესი ტრადიციების შესახებ თხრობას და მომხმარებლებს დაანახონ, რა ხდის ქართულ ღვინოს აქტუალურ და საინტერესო არჩევანს დღევანდელი ღვინის მოყვარულებისთვის?
ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ხალხს უბრალოდ ვერ ეტყვი, რომ რაღაც დღევანდელი მომხმარებლისთვის რელევანტურია – მათ ეს თავად უნდა იგრძნონ. ასე რომ, ისევ წარმოშობასა და ავთენტურობას ვუბრუნდებით; ეს ორივე თანამედროვე მომხმარებლისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
შემდეგ კი საქმე იმაზე მიდგება, თუ სად შეგვიძლია პროდუქტის გამოცდა- იქნება ეს საუკეთესო რესტორნები, ბარები თუ ღვინის მაღაზიები. ვფიქრობ, ღვინის ჭიქით შეკვეთის შესაძლებლობასაც დიდი როლი აქვს, რადგან ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დააგემოვნოს ღვინო მთლიანი ბოთლის ყიდვის ვალდებულების გარეშე
ღვინის მედია მნიშვნელოვნად შეიცვალა პოდკასტების, სოციალური მედიისა და სხვა ციფრული პლატფორმების განვითარებასთან ერთად. როგორ შეუძლიათ ქართულ მწარმოებლებსა და მთლიანად ინდუსტრიას ამ ფორმატების გამოყენება იმ მომხმარებლებისთვის ღვინის გასაცნობად, რომლებმაც საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა იციან?
ჩემი აზრით, სოციალური მედია ისტორიის თხრობის ძირითად პრინციპებში ტრადიციული მედიისგან დიდად არ განსხვავდება – უბრალოდ საჭიროა მათი კონკრეტულ ფორმატთან მორგება. მაგალითად, Instagram-ისა და მსგავსი პლატფორმების შემთხვევაში, ყურადღების მისაპყრობად მნიშვნელოვანია ძლიერი ვიზუალური ნარატივი, თუმცა სიტყვებსაც კვლავ დიდი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც ავთენტურობის განცდას.ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამომწერების რაოდენობის, არამედ იმ ადამიანის სანდოობის შეფასებაც, ვინც ამ კონტენტს აქვეყნებს.
საქართველოს საერთაშორისო ცნობადობა იზრდება. თქვენი აზრით, ქართული ღვინის შესახებ რა ამბავი ჯერ კიდევ არ მოუსმენია გლობალურ ღვინის აუდიტორიას?
მსურს, უფრო მეტად გავზარდო საქართველოდან წარმოშობილი თეთრი ღვინოების ცნობადობა. თეთრი ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება და საქართველო გვთავაზობს არაერთ გამორჩეულ ღვინოს, რომელიც თანამედროვე გემოვნებას კარგად შეესაბამება.
წინა IWSC-ის კონკურსებში არაერთი ქართული ღვინო დაგიგემოვნებიათ. რა გახდის თქვენთვის წლევანდელ კონკურსს განსაკუთრებით საინტერესოს და რას ისურვებდით, რომ ამჯერად წარმოდგენილ ღვინოებში აღმოაჩინოთ?
ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვრჩები კარგად დაყენებული ქვევრის ღვინოების კომპლექსურობით, თუმცა, ვფიქრობ, თეთრი ღვინო მაინც აღმოჩენების უშრეტ წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით, გამორჩეული და საინტერესო ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების წყალობით.
ამ ჯიშებიდან ზოგიერთს დღეს შესაძლოა მეტი ცნობადობა სჭირდება, თუმცა ეს გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენთვისაც. მედალოსანი ღვინოები უდიდეს როლს თამაშობს მომხმარებელში იმ ნდობის გასაჩენად, რომ რისკზე წავიდეს და უცნობ ტერიტორიაზე შეაბიჯოს, ხოლო დიდი ბრიტანეთის ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებულია, ამავდროულად ცნობილია თავისი ღიაობით ახალი და განსხვავებული ღვინოების მიმართ.