background
5 რჩევა მეღვინეებს, რომლებიც IWSC-ის კონკურსში მონაწილეობას გეგმავენ

5 რჩევა მეღვინეებს, რომლებიც IWSC-ის კონკურსში მონაწილეობას გეგმავენ

IWSC-ის ჟიურის წევრი, დარია ხოლოდილინა კონკურსში მონაწილე მეღვინეებს რჩევებს უზიარებს. 

1.⁠ ⁠გამოიყენეთ კონკურსი საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.   

IWSC-ის მედალი მხოლოდ ლამაზი სტიკერი არ არის ბოთლზე. მას შეუძლია თქვენი ღვინის რეპუტაციისა და ცნობადობის გაზრდა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, სადაც კონკურენცია ძალიან მაღალია. თუ ექსპორტზე ფიქრობთ, ასეთი საერთაშორისო აღიარება ნამდვილად გამოგადგებათ.

2.⁠ ⁠წარადგინეთ ღვინო, რომლის გაყიდვაც რეალურად შეგიძლიათ.

კარგია, თუ საკონკურსოდ გაგზავნილი ღვინო უკვე იყიდება ან უახლოეს მომავალში გამოვა ბაზარზე. განსაკუთრებით სასურველია, რომ მისი ექსპორტისთვის საკმარისი რაოდენობაც გქონდეთ. მედლის მიღების შემდეგ დაინტერესებულ იმპორტიორს ღვინო უნდა შესთავაზოთ და არა მხოლოდ მისი ისტორია მოუყვეთ.

3.⁠ ⁠შეარჩიეთ თქვენი საუკეთესო ღვინოები.

ეს შეიძლება აშკარა რჩევად ჟღერდეს, მაგრამ კონკურსზე მხოლოდ იმიტომ ნუ გაგზავნით ღვინოს, რომ ახალი მოსავალია ან მისი პოპულარიზაცია გსურთ. აირჩიეთ ის ნიმუშები, რომელთა ხარისხშიც თავად ხართ დარწმუნებული.

4.⁠ ⁠ნუ ეცდებით გამოიცნოთ, როგორი ღვინო მოეწონება ჟიურის.

ქვევრში დაყენებული ღვინო ავტომატურად არ არის უპირატეს მდგომარეობაში და არც კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოა ნაკლებად საინტერესო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ღვინო იყოს ჯანსაღი, ხარისხიანი, საინტერესო და გამოხატავდეს თავის ჯიშურ თუ რეგიონულ ხასიათს. ისეთი ღვინო, რომელიც თავისებურად გვეუბნება: „მე საქართველოდან ვარ!“

5.⁠ ⁠ყურადღებით შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ღვინისა და ბრენდის სახელები მიუთითეთ ზუსტად ისე, როგორც ეტიკეტზეა. თუ ბრენდის სახელწოდება და კომპანიის იურიდიული დასახელება განსხვავდება, შესაბამის ველებში სწორად გაანაწილეთ ინფორმაცია. მხოლოდ შპს-ის სახელით დარეგისტრირებამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღვინის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ან გამოქვეყნებას ცდილობენ.