background
ქართველ მეღვინეებს ვურჩევდით, თამამად წარადგინონ საკუთარი ღვინოები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და ამავდროულად შეინარჩუნონ ის იდენტობა, რომელიც ქართულ მეღვინეობას გამორჩეულს ხდის

ქართველ მეღვინეებს ვურჩევდით, თამამად წარადგინონ საკუთარი ღვინოები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და ამავდროულად შეინარჩუნონ ის იდენტობა, რომელიც ქართულ მეღვინეობას გამორჩეულს ხდის

ინტერვიუ “ეკლიპსეს” მეღვინე ბაჩანა აბესაძესთან.

რას ნიშნავს IWSC-ზე მიღებული ოქროს მედალი თქვენი მეღვინეობის და სამომავლო გეგმებისთვის?

IWSC-ის ფარგლებში მიღებული ოქროს მედალი მეღვინეობა ეკლიპსესთვის, პირველ რიგში, ჩვენი საქმიანობის მაღალი ხარისხის საერთაშორისო აღიარებაა და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართულ ღვინოს შეუძლია მსოფლიო ბაზარზე ღირსეულად და კონკურენტუნარიანად წარმოჩენა. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე, გავაცნოთ ჩვენი ღვინის სახეობები ახალ აუდიტორიას და საქართველოს ფარგლებს გარეთ ეკლიპსეს, როგორც მაღალი ხარისხისა და სანდოობის მქონე ბრენდის,

გრძელვადიანი რეპუტაცია განვავითაროთ.

რას უთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენი მეღვინეობის განვითარებისა და წინსვლისთვის?

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი წარმოების თითოეულ ეტაპზე ღვინის სტაბილურად მაღალი ხარისხია – ვენახის სამუშაოებისა და მოსავლის აღების ოპტიმალური დროის განსაზღვრიდან დაწყებული, ღვინის წარმოებისა და დაძველების პროცესებით დასრულებული. ამასთან, მეღვინეობა ეკლიპსესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული მეღვინეობის მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჰარმონიულ შერწყმას. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ვაზის ჯიშებთან, ვიყენებთ ტრადიციულ მეთოდებს, მათ შორის ქვევრში ღვინის დაყენებას და პარალელურად ვნერგავთ თანამედროვე ევროპულ აღჭურვილობასა და მეღვინეობის უახლეს მიდგომებს.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკლიპსეს ბრენდისა და ღვინის ტურიზმის განვითარებაა.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეღვინეობა სტუმრებისთვის იქცეს ადგილად, სადაც ისინი არა მხოლოდ გაეცნობიან ჩვენს ღვინის სახეობებს, არამედ დაათვალიერებენ ვენახებს, გაეცნობიან

წარმოების პროცესს და უკეთ შეიგრძნობენ იმ გარემოსა და კულტურას, რომელიც თითოეული ღვინის შექმნის საფუძველია. და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებას – პროფესიულ კონკურსებში მონაწილეობას, ახალი ბაზრების ათვისებასა და

იმპორტიორებთან, სომელიეებთან და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გრძელვადიანი, მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

IWSC-ში მონაწილეობის გამოცდილებით, რას ურჩევდით სხვა ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობისა და მიღებული შედეგების გამოყენების კუთხით? რა არის მნიშვნელოვანი მედლის მიღების შემდეგ?

მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა მხოლოდ მედლის მოპოვების შესაძლებლობა არ არის. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ღვინის დამოუკიდებელი პროფესიული შეფასებისთვის და შესაძლებლობა, უკეთ დავინახოთ, როგორ აღიქმება ჩვენი ღვინო საერთაშორისო პროფესიულ კონტექსტში.

ქართველ მეღვინეებს ვურჩევდით, თამამად წარადგინონ საკუთარი ღვინოები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე და ამავდროულად შეინარჩუნონ ის იდენტობა, რომელიც ქართულ მეღვინეობას გამორჩეულს ხდის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ქართული ვაზის ჯიშების, ტერუარისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი კულტურის უნიკალურობაშია, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისას ეს ავთენტურობა არ დაიკარგოს.

თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ჯილდოს მიღების შემდეგ იწყება. მედალი მხოლოდ ეტიკეტზე დატანილ ნიშნად არ უნდა დარჩეს – ის ბრენდის კომუნიკაციისა და საერთაშორისო პოზიციონირების ეფექტურ ინსტრუმენტად უნდა იქცეს. მიღებული აღიარება აქტიურად უნდა გაჟღერდეს იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, სომელიეებთან, პროფესიულ მედიასა და მომხმარებლებთან, გამოყენებული იყოს გამოფენებსა და დეგუსტაციებზე და თანმიმდევრულად ინტეგრირდეს ბრენდის საერთაშორისო კომუნიკაციაში.

IWSC-ის ჯილდო მეღვინეობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და საერთაშორისო განვითარების დამატებით პერსპექტივებს ქმნის, თუმცა მიღებული აღიარების რეალური ღირებულება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად შეძლებს ბრენდი ამ შესაძლებლობის გამოყენებას და მის გრძელვადიან შედეგებად გარდაქმნას.