IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia საქართველოში მეოთხე საერთაშორისო კონკურსს ჩაატარებს. IWSC კონკურსზე, რომელიც წელს პირველად აჭარის რეგიონში გაიმართება, “ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველ მეღვინეს” დააჯილდოვებს.
“ტოპ 10 ახალგაზრდა ქართველი მეღვინის” ჯილდო საქართველოს ღვინის ინდუსტრიის დინამიური განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდა ნიჭიერი პროფესიონალების გამოვლენის მიზნით შეიქმნა. ჯილდო განკუთვნილია 35 წლამდე ასაკის მეღვინეებისათვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ღვინო IWSC-ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინონ.
რეგისტრაცია შესაძლებელია IWSC Georgia-ს ონლაინ პლატფორმაზე, სადაც მსურველები განაცხადს წარადგენენ. გამარჯვებულები გამოვლინდებიან IWSC-ის ღონისძიებაზე წარმოდგენილი ღვინოების შეფასების ქულების მიხედვით. პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანია, რადგან ეფუძნება მონაწილეთა დამსახურებას და ხელს უწყობს საერთაშორისო აღიარებას. “ტოპ 10 საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინის” შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება IWSC-ის ვებგვერდზე.
“ჩვენი მიზანია, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ახალგაზრდა მეღვინეები და მხარი დავუჭიროთ მათ; წავახალისოთ ახალგაზრდები, აირჩიონ ეს პროფესია და გავზარდოთ ინტერესი მონათესავე სფეროების მიმართ, როგორებიცაა ღვინის მარკეტინგი, სომელიეს პროფესია, საცალო ვაჭრობა და დისტრიბუცია,” – ნათქვამია IWSC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.