IWSC (International Wine and Spirit Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურსს ჩაატარებს. “IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia” გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება.
ღვინის დეგუსტაციის გარდა, ჟიურის წევრები საქართველოს ღვინის სამ რეგიონს: შიდა ქართლს, ქვემო ქართლს (ბოლნისი) და გარე კახეთს (ხაშმი) მოინახულებენ. ისინი ეწვევიან როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის მარნებს, სადაც გაეცნობიან ყურძნის ადგილობრივ ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებს.
ვიზიტის მიზანია ღვინის პროფესიონალებისა და მსხვილი ბაიერებისთვის საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის გაცნობა. მოგზაურობა საშუალებას მისცემს მათ, საკუთარი თვალით იხილონ განსხვავებული მარნები და დააგემოვნონ განსაკუთრებული ღვინოები.
“IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia”-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი.
მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG