background
ღვინის ინდუსტრიის ილონ მასკი საქართველოში ჩამოდის: გაიცანით სანი ჰოჯი

ღვინის ინდუსტრიის ილონ მასკი საქართველოში ჩამოდის: გაიცანით სანი ჰოჯი

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურსს ჩაატარებს. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება.

წელს კონკურსს განსაკუთრებით შთამბეჭდავი საერთაშორისო ჟიური ეყოლება. ერთ-ერთი მათგანია დიდ ბრიტანეთში ღვინის ინდუსტრიაში აღიარებული ექსპერტი და კონსულტანტი, ლონდონში პრესტიჟული ღვინის ბარების – Diogenes The Dog-ისა და Aspen & Meursault-ის მფლობელი სანი ჰოჯი.

სანი თავის სფეროში განსხვავებული მიდგომებითა და მენეჯმენტით არის ცნობილი. როგორც ბრიტანული ღვინის გამოცემა Club Oenologique წერს, ერთი მხრივ, ჰოჯი ცდილობს ღვინოზე საუბრის ენა ბევრად თავისუფალი და მარტივი გახადოს და ადამიანებს საშუალება მისცეს, გამოთქვან საკუთარი აზრები და ემოციები. მეორე მხრივ კი, ის ღვინის პროფესიონალებს მოუწოდებს ნაკლებად ტექნიკური და უფრო მარტივი ენით ისაუბრონ.

კონკურსის დაწყებამდე ერთი თვეა დარჩენილი, მანამდე კი სანის ლონდონში დავუკავშირდით და მისი მოლოდინების და გეგმების შესახებ ვესაუბრეთ. 

რა მოლოდინები გაქვთ IWSC 2025 Wine and Spirits Judging in Georgia-სგან და როგორ ხედავთ კონკურსის გავლენას ქართულ მეღვინეობაზე?

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, კონკურსზე ველოდები ბევრ ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ღვინოს – ველური საფუვრებით, საწნახელში დაწნეხილს და ქვევრში დაყენებულს. ეს არის ის ძველი ღვინის დაყენების მეთოდი, რომელთა დაუფლებაც დიდ ოსტატობას მოითხოვს, ამიტომ განსაკუთრებით დიდი ინტერესით ველი მათ დაგემოვნებას.

ყველას გვაქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქართული ღვინო, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა მდგომარეობაა ქართული ღვინის ინდუსტრიაში დღეს. ჩემი აზრით, IWSC-ის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც უკვე მესამედ ტარდება ქვეყანაში, კიდევ ერთხელ წარუდგენს მსოფლიოს ქართული მეღვინეობის მრავალფეროვნებას, ხარისხსა და უნიკალურობას. 

მე განსაკუთრებით მაინტერესებს, სად იკვეთება ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდსა და ამ ღვინის მომავალ განვითარებას შორის ზღვარი. მსურს ვნახო, როგორ პასუხობს ბუნებრივი ღვინის წარმოება თანამედროვე მოთხოვნებს. ძალიან საინტერესო იქნება ქართველი მწარმოებლების მოსაზრებების მოსმენა და ამ თემაზე საუბარი.

ღვინის განათლებისა და სტუმართმასპინძლობის სფეროში დიდი გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება ეს ცოდნა კონკურსში ღვინის შეფასებაზე?

ღვინის შეფასებისას უპირატესობას ანალიტიკურ მიდგომას ვანიჭებ. ვინაიდან უშუალოდ ვარ ჩართული ამ სფეროს ყველა ასპექტში და ყოველდღიურად მაქვს სტუმრებთან პირდაპირი შეხება, ღვინის დაგემოვნებისას ვფიქრობ მის კომერციულ პოტენციალზე – რამდენად წარმატებული იქნება ის ღვინის მაღაზიასა თუ ბარში. განსაკუთრებით მაინტერესებს, როგორ წარმოჩნდება ნაკლებად ცნობილი რეგიონის ღვინო მის უფრო პოპულარულ ანალოგთან მიმართებაში. ვცდილობ წარმოვიდგინო, რა რეაქცია ექნება მომხმარებელს, რომელიც ამ ღვინოს წვეულებაზე მიიტანს და რა ისტორიის მოყოლა შეიძლება მის შესახებ. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა განსაზღვრავს ჩემს საბოლოო შეფასებებს.

ღვინის ინდუსტრიაში თქვენი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამორჩეული თვისებები აქვს ქართულ ღვინოებს, რითაც ის განსხვავდება სხვა, თქვენთვის ნაცნობი ღვინოებისგან?

ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი ტრადიციული დამზადების მეთოდებით და, რაც მთავარია, მრავალფეროვნებით. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ბაზრისთვის განსხვავებული სტილის ღვინოები იწარმოება: აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ბაზრებისთვის – ადგილობრივი საფუვრებითა და დაბალი სულფიტებით დამზადებული ღვინოები; დასავლური ბაზრებისთვის – ცოცხალი, სუფთა სტილის ღვინოები; ხოლო ნიშური მომხმარებლისთვის – ბუნებრივი ღვინოები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამივე ეს განსხვავებული მიმართულება ეფუძნება მეღვინეობის ერთსა და იმავე ტრადიციულ საფუძველს, რაც უნიკალურს ხდის საქართველოს – იშვიათია რეგიონი, რომელიც ასეთი მასშტაბით ახერხებს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

როგორც ექსპერტს ღვინის მეცნიერებასა და სტუმარმასპინძლობის სფეროში, როგორ წარმოგიდგენიათ ტექნოლოგიების როლი ქართული მეღვინეობის ტრადიციული მეთოდების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში?

ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი საკმაოდ რთული და შრომატევადია – ის მოითხოვს განსაკუთრებულ სისუფთავეს და დეტალებზე ზედმიწევნით ყურადღების გამახვილებას, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ პროცესის ხანგრძლივობა ზოგჯერ აფერხებს გლობალური ბაზრისთვის დამახასიათებელი სტაბილურობის მიღწევას. სწორედ აქ იკვეთება ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი როლი. მაგალითად, არაკომერციული, მაგრამ სელექციური საფუარების გამოყენება უზრუნველყოფს უფრო თანმიმდევრულ და პროგნოზირებად შედეგებს.

უჟანგავი ფოლადის, ბეტონისა და ბეტონის კასრების გამოყენება წარმოადგენს ნაბიჯს უფრო სუფთა და ლაკონური ღვინის წარმოებისკენ.

საინტერესო მაგალითია მეღვინეობა “ფაფრის ველი”, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სინთეზს იყენებს. კეძოდ, გრავიტაციის მეთოდს – მათ სამდონიანი ტერასული სისტემა აქვთ, სადაც ყურძნის წვენი ბუნებრივად გადაედინება ერთი ჭურჭლიდან მეორეში. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც შერევის, ისე დაწმენდის პროცესს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მეღვინეობებს შეუძლიათ წარმატებით დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც გლობალური ბაზრისთვის უფრო სტაბილური ხარისხის ღვინოების წარმოების საშუალებას მისცემთ.

შეგახსენებთ, რომ IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC-ი საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდით წარდგება, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

“IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia”-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG