background
ლევან მეხუზლა: „IWSC -ის კონკურსში მონაწილეობა სტიმულს აძლევს მეწარმეს, იყოს ხარისხზე და საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებული“

ლევან მეხუზლა: „IWSC -ის კონკურსში მონაწილეობა სტიმულს აძლევს მეწარმეს, იყოს ხარისხზე და საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებული“

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მესამე კონკურს ჩაატარებს. კონკურსი 2024 წლის 27 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თბილისში, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართება. ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით, კონკურსი  უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. საქართველოს უნიკალური ღვინოების გარდა, წელს პირველად IWSC-ს საერთაშორისო კონკურსს სპირტიანი სასმელების კატეგორია დაემატება. 

IWSC-ის კონკურსის მნიშვნელობაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლა გვესაუბრება. მან წინა 2 წელი პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა,  რომ კონკურსში მონაწილეობა მეღვინეებს  შესაძლებლობას აძლევს, პოპულარული და ცნობადი გახადოს საკუთარი პროდუქცია, გაიფართოვოს კონტაქტები და ასევე გაეცნოს ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებულ ზოგად ტენდენციებს. ასევე მიაჩნია, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის განავითარონ საკუთარი მეღვინეობა.

ბატონო ლევან, IWSC-ის საქართველოში ჩატარებიდან ერთი წლის შემდეგ, როგორ შეაფასებდით მის გავლენას ქართული ღვინის ინდუსტრიაზე? რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ამ კონკურსმა ღვინის კომპანიებისთვის, მარნებისთვის და ზოგადად, მთელი სექტორისთვის?

IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და  ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარებამ, ადგილობრივ მეწარმეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ  ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ IWSC  უკვე მესამედ ტარდება საქართველოში, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი  ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. კონკურსი 1969 წელს დაარსდა და მისი არსებობის ისტორიაში მეორედ, და ევროპაში პირველად, IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდა, რაც იყო დიდი აღიარება და შესაძლებლობა ქართველი მეღვინეებისთვის. კონკურსის მონაწილეებისა და წარდგენილი ღვინოების უპრეცდენტო ზრდა ყოველწლიურად, მიანიშნებს, რომ ქართველმა მეწარმეებმა რეალურად დაინახეს მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მნიშვნელობა და ორიენტირებულები არიან აწარმოონ უმაღლესი ხარისხის ღვინოპროდუქცია, რაზეც მიუთითებს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდეციები ევროპის ბაზრის მიმართულებით.

წელს კონკურსზე ჭაჭის, ბრენდის და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების წარდგენაც არის შესაძლებელი. რა მნიშვნელობა აქვს ამ გაფართოებას ქართული სასმელების ინდუსტრიისთვის და რა მოლოდინები გაქვთ ამ კატეგორიებში?

მივესალმები ამ სიახლეს, რადგან ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური პროდუქცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ექსპორტში და ექსპორტიდან საკმაოდ დიდი შემოსავლები მოაქვს ღვინის ინდუსტრიისთვის და ქვეყნისთვის. კონკურსში მონაწილეობა სტიმულს მისცემს მეწარმეს, რომ იყოს ხარისხზე და საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებული. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებისთვის შესათავაზებელი. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საერთაშორისო გამოფენებზე, პროფესიონალების მხრიდან, ქართულ ღვინოსთან ერთად, მზარდია ინტერესი მაღალალკოჰოლიანი სასმელების მიმართ. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მეწარმეს, რომელიც წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას კონკურსის ამ მიმართულებაში.

 რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა ქართველმა მეღვინეებმა ამ კონკურსში წელს?

მსგავს პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა გაზარდოს საკუთარი ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ბაზრებზე და ამასთან ერთად, მეღვინეს აძლევს მოტივაციას, რომ აწარმოოს ხარისხიანი და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ღვინო. მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ კონკურსის ჟიურის წევრი, ცნობილი ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს  უზიარებენ გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის მოთხოვნებისა და ტენდენციების შესახებ. აღნიშნული კონკურსის მედალოსან ღვინოებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ რომ წარმატებით გაიყიდოს ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ღვინის ბაზრებზე, რადგან პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შესაბამისად, საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის გაზარდონ ექსპორტი და განავითარონ საკუთარი მეღვინეობა.

შეგახსენებთ, რომ “IWSC 2025 Wine & Spirits Judging in Georgia”-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 1 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

მეღვინეებს წელს მნიშვნელოვანი სიახლე ელით: ღვინის პროდუქციის გარდა, შესაძლებელი იქნება ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4eUvaCG